„მადნეული“ - უძირო ოქროს ქვევრი

„მადნეული“ - უძირო ოქროს ქვევრი

[ეკა ბაქრაძე]

„მადნეულიდან“ რუსეთში მილიარდები მიედინება. კომპანია კი საქართველოს ბიუჯეტის წინაშე ვალებს აგროვებს და მერე მის პატიებას ითხოვს. ასე კეთდება საქართველოში ბიზნესი, უფრო სწორად „ნაციონალური ბიზნესი“.

ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე სს „მადნეულის“ მიერ მონოპოლიური ვითარების შექმნაზე და ქვეყნის ინტერესების იგნორირებაზე საუბრობს. როგორც თვალჭრელიძემ საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებთან“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, „მადნეულის“ საბადოს გაყიდვის შემდეგ მისმა მფლობელმა რუსულმა კომპანიამ უკვე 2 მილიარდი დოლარის მოგება ნახა.

მისი აზრით, საქართველო აცხადებს, რომ დასავლეთისკენ მიმართული ქვეყანაა, თუმცა იმავდროულად რესურსების კლასიფიკაცია ძველი – რუსული და საბჭოური აქვს. ასევე, საქართველოს წიაღის შესახებ კანონი, რუსულიდან გადაკეთებული აქვს და მასში ბევრი არასწორი და არასისტემური ცვლილება შევიდა. იმავდროულად, არ არსებობს სამთო კოდექსი, რომელიც ქვეყანას რესურსების დამუშავებამდე კაპიტალიზაციის შესაძლებლობას მისცემდა.

თვალჭრელიძე იმასაც ამბობს, რომ დღეს ინვესტორების მოზიდვა შეუძლებელია, რადგან ყველა კარგი საბადოს ლიცენზია „მადნეულს“ აქვს აღებული. კერძოდ, 37 საბადოს ლიცენზიაში მას არაფერი აქვს გადახდილი და მათგან მხოლოდ ორ საბადოს ამუშავებს.

შესაბამისად, 35 ლიცენზია უმოქმედოა არა მხოლოდ ბოლნისის რაიონში, ასევე რაჭაში, აჭარაში, გურიაში და ა.შ. „ეს ლიცენზიები აღებულია იმისთვის, რომ კონკურენცია არ შეიქმნას“, – აცხადებს ექსპერტი.

ქვეყანაში ანტომონოპოლიური სამსახური რომ არსებობდეს, ხუთი წლის განმავლობაში უმოქმედო ლიცენზიები ახლა უკვე გაუქმებული იქნებოდა, მათი ხელახალ აუქციონზე გატანით კი, სახელმწიფო დამატებით შემოსავალს მიიღებდა. თუმცა, ეს არ ხდება, რადგან „მადნეულის“ ინტერესები გადაჯაჭვულია ხელისუფლების ინტერესებთან.

თვალჭრელიძის ინფორმაციით, მადნეულის აქციების სრულ პაკეტს რუსული კომპანია „გეო პრომაინინგი“ ფლობს და, შესაბამისად, მოგების 100% რუსეთში რჩება. „ამ დროისთვის მათმა საერთო მოგებამ უკვე 2 მილიარდი დოლარი შეადგინა“, - აღნიშნა თვალჭრელიძემ. და ეს ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება მადნეულის 57 მილიონ დოლარად გაყიდვით ამაყობდა.

ხელისუფლების ინტერესი რომ „მადნეულთან“ პირდაპირ კავშირშია, ეს გასაკვირი არ არის. ნაციონალები ამ ქვეყნაში ყველა დიდ თუ საშუალო ბიზნესს აკონტროლებენ. თუმცა, „მადნეულთან“ უშუალო კავშირი იმითაც დასტურდება, რომ რამდენიმე თვის წინათ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილმა საწარმომ მთავრობასთან საგადასახადო შეთანხმება გააფორმა.

დღემდე არც მთავრობის აპარატსა და არც ფინანსთა სამინისტროში არ აზუსტებენ, რა მოცულობის თანხაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება. მათი განმარტებით, ეს ინფორმაცია კომპანიების კომერციული საიდუმლოებაა.

„მადნეულის“ გენერალური დირექტორი გიორგი დევაძე აღიარებდა, რომ კომპანიამ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო შეთანხმებისათვის მიმართა და დადებითი პასუხიც მიიღო, თუმცა დავალიანების მოცულობა არც მას დაუკონკრეტებია.

საინტერესოა, რატომ ვერ შეძლო ერთ დროს მომგებიანმა საწარმომ გადასახადების გადახდა? გიორგი დევაძის თქმით, მათ ბევრ მომწოდებელთან აქვთ ურთიერთობა და ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში „მადნეულს“ საგადასახადო დავალიანება დაუგროვდა. ეს დავალიანება კომპლექსურია და იგი საგადასახადო ანგარიშფაქტურებს, მიწის იჯარას, მადნების მოწოდებას და სხვა მსგავს საკითხებს უკავშირდება.

მოკლედ, „მადნეულიდან“ რუსეთში მილიარდები გაედინება, ხოლო საქართველოს ბიუჯეტის მიმართ კომპანია ვალებს აგროვებს.  შემდეგ კი ხელისუფლება დიდსულოვნად პატიობს „მადნეულს“ ვალებს.  ალბათ იმიტომ, რომ რუსეთში მორიგი მილიარდები გადაიქაჩოს.