ფიზიკური აქტივობა მადას ზრდის და ვინც აქტიურად ვარჯიშობს, ეს ყველაზე კარგად მას მოეხსენება.
კვლევებმა აჩვენა, რომ ფიზიკური აქტივობა (ვარჯიში) საკვების მოხმარების მოთხოვნილებას ზრდის. ეს ლოგიკურიცაა რადგან დახარჯული ენერგიის შემდეგ, ორგანიზმს ძალების აღსადგენად კალორიები სჭირდება.
ცხელი ზაფხულის პარალელურად, როდესაც სულ უფრო მეტი სპორტული აქტივობაა საყურებელი (ევროპის ჩემპიონატი, კოპა ამერიკა და ოლიმპიადა), ჩნდება შეკითხვა, შეუძლია თუ არა სპორტს ეკრანებიდანაც უფრო მოგვაშიოს?
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ პასუხი შემდეგია — დიახ, სპორტული აქტივობების ტელევიზორიდან ყურება ჩვენს მადას აძლიერებს! ახალი კვლევის თანახმად, მსგავსი აქტივობები მაყურებელში ტკბილეულის მიღების მოთხოვნილებას ზრდის. მეტიც, მადაზე ისიც მოქმედებს, თუ რამდენად დატვირთულია სპორტული აქტივობა.
კვლევის ფარგლებში 112 სტუდენტს დააკვირდნენ. ახალგაზრდები უყურებდნენ ვიდეოებს, რა დროსაც მაგიდასთან იყო ტკბილეული. სტუდენტების ნახევარი უყურებდა სპორტულ აქტივობებს, ხოლო მეორე ნახევარი უბრალოდ ვიდეოებს, ყველანაირი სპორტული აქტივობის გარეშე.
სპორტული აქტივობების მაყურებელმა ახალგაზრდებმა ბევრად მეტი ტკბილეული შეჭამეს, ვიდრე მათ, ვინც ჩვეულებრივ ვიდეოს უყურებდა.
თავდაპირველმა კვლევამ აჩვენა, რომ სპორტული ვიდეოების ყურებამ შეიძლება გაზარდოს ტკბილეულის მოხმარება, მაგრამ იყო ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი: ბიჭებმა გაცილებით მეტი ტკბილეული მიირთვეს, ვიდრე გოგოებმა. შესაძლოა, შედეგზე გავლენა სქესის ფაქტორმაც იქონია.
ამ ფაქტორის გამოსარიცხად, მეცნიერებმა შემდეგი კვლევა მხოლოდ გოგოებზე ჩაატარეს. კვლევის მონაწილეები უყურებდნენ როგორც მსუბუქ სპორტულ აქტივობებს (სირბილს), ისე მძიმე სპორტს (მძლეოსნობა, ბეისბოლი და რაგბი). შედეგებმა აჩვენა, რომ მათ ვინც მსუბუქ სპორტულ აქტივობას უყურა საშუალოდ 30 გრამი ტკბილეული მოიხმარა, ხოლო მან ვინც მძიმე სპორტულ ვიდეოებს უყურა მხოლოდ 18 გრამი ტკბილეული მიირთვა.
მკვლევრების თქმით, ეს ნიშნავს, რომ მადის გაძლიერებაზე ისიც მოქმედებს, თუ როგორ სპორტულ აქტივობას ვუყურებთ.
"შედეგების ასახსნელად, ჩვენ სხვადასხვა ფაქტორები გავითვალისწინეთ. როდესაც ადამიანები გრძნობენ, რომ მიზანს ვერ აღწევენ, ისინი უფრო მეტს ცდილობენ. თუმცა, როგორც კი ადამიანი ხედავს პროგრესს, ის შედარებით დუნდება. მაგალითად, ვარჯიშის შემდეგ, ადამიანმა შეიძლება ჩათვალოს, რომ გეგმა შეასრულა და ჯანსაღ კვებაზე ნაკლებად იფიქროს", — აღნიშნეს მკვლევრებმა.
კვლევებმა აჩვენა, რომ მიზნების მიღწევამ (როგორიცაა ვარჯიში) შეიძლება ადამიანებს კმაყოფილება აგრძნობინოს. ამის შედეგად ადამიანმა შეიძლება საკუთარი თავი საკვებით უფრო დააჯილდოოს.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ სპორტის მხოლოდ ყურებამაც კი შეიძლება ფიზიკური აქტივობის შეგრძნება გააჩინოს. ასეთ დროს ტვინი "ტყუვდება" და უჩნდება შეგრძნება, რომ თავადაც ფიზიკურ აქტივობაში იყო ჩართული. შესაბამისად, ტვინი მზად არის საკუთარი თავი მეტი საკვებით დააჯილდოოს.
რაც შეეხება მსუბუქ სპორტსა და მძიმე სპორტს შორის განსხვავებას: მკვლევრების თქმით, მაყურებელი მარტივ სპორტულ აქტივობასთან უფრო აკავშირებს თავს, ვიდრე რთულ სპორტთან. შესაბამისად, მარტივი სპორტული აქტივობის ყურების შემდეგ უფრო ხდება "დაჯერება" იმის, რომ თავად მაყურებელიც ჩართული იყო ფიზიკურ აქტივობაში.