23-24 ივნისის ღამეს აშშ-ში მიმდინარე კოპა ამერიკაზე C ჯგუფში პირველი ტურის ორი მატჩი გაიმართა. ურუგვაიმ პანამა დაამარცხა (3:1), მასპინძელმა აშშ-მა კი ბოლივია (2:0).
ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა ურუგვაიმ, კოპა ამერიკაზე გამოსვლა პანამასთან გამარჯვებით დაიწყო. ტაიმები შინაარსით რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა. შესვენებამდე ურუგვაელები ინიციატივას სრულად ფლობდნენ, თუმცა მხოლოდ ერთხელ შეძლეს გოლის გატანა (მაქსიმილიანო არაუხოს მშვენიერი დარტყმით), ანგარიში უფრო სოლიდური შეიძლება ყოფილიყო, რომ არა ლივერპულელი ნუნიესის საშინელი რეალიზაცია. თუმცა დარვინისგან ეს აღარავის უკვირს.
მეორე ტაიმი მოულოდნელად პირველისგან განსხვავებული გამოდგა. პანამამ შეუტია და ურუგვაელი გულშემატკივრები რამდენჯერმე სერიოზულად ანერვიულა. მაგრამ შანსები ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ ურუგვაიმ ყველას შეახსენა, რომ მათი შემსრულებელთა კლასი მნიშვნელოვნად მაღალია. ნუნეისმა მაინც მოახერხა გოლის გატანა, კომპენსირებულ დროში კი მატიას ვინიამ მესამედ აიღო მეტოქის კარი. ბოლო წამებზე პანამელებმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს - 3:1.
აშშ-მა არლინგტონში ბოლივიას 2:0 მოუგო. თუმცა შედეგი ბევრად უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა ბოლივიელი მეკარის გილერმო ვიზკარას განსაცვიფრებელი თამაში.
ამერიკელებმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს, საუკეთესო კი კაპიტანი, „მილანის“ შუახაზელი კრისტიან პულიშიჩი გახლდათ, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. გრეგ ბერჰალტერის გუნდმა 2:0 მოიგო და დამაჯერებლად დაიწყო საშინაო ტურნირი.