პრემიერი ევროპას და ამერიკას გადატვირთვის პოლიტიკას სთავაზობს, პრეზიდენტი კი ელჩებს საბოტაჟისკენ მოუწოდებს

პრემიერი ევროპას და ამერიკას გადატვირთვის პოლიტიკას სთავაზობს, პრეზიდენტი კი ელჩებს საბოტაჟისკენ მოუწოდებს

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროკავშირს და ამერიკას ურთიერთობის გაჯანსაღებას და პოლიტიკის გადატვირთვას სთავაზობს. პრემიერის თქმით, საქართველო მზადაა პარტნიორებს ნებისმიერ საკითხთან კონსულტაციებისთვის. მისი თქმით, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში მუშაობდნენ კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი, რადგან იქიდან მოყოლებული შეიქმნა პრობლემები, სირთულეები.

„თუმცა ყველაფერი ექვემდებარება გადატვირთვას, გაჯანსაღებას, მთავარია, რომ ჩვენ მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ველოდებით ასეთ შემხვედრ ნაბიჯებს, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი რეგიონული, გლობალური ვითარება გაჯანსაღდება, ეს პირდაპირ აისახება ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის და საქართველოსა და აშშ-ს შორის.

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება ომი უკრაინაში. უკრაინას სჭირდება მშვიდობა და, რა თქმა უნდა, ესეც იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამის პარალელურად, პრემიერი ბერლინში ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე საქართველოს ელჩებს შეხვდა. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები იყო პრემიერ-მინისტრის მთავარი სასაუბრო თემა ელჩებთან.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქართველი დიპლომატების საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების დაცვისთვის და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მაშინ კი, როცა პრემიერი პოლიტიკის გადატვირთვაზე საუბრობს და ელჩებს ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დაავალა, გერმანიაში შეკრებილ საქართველოს ელჩებს პრეზიდენტმა თბილისიდან მიმართა.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დიპლომატებმა, განსაკუთრებით კი, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და არჩევანი გააკეთონ, თუმცა კონკრეტულად რა ქმედებას სთავაზობს პრეზიდენტი დიპლომატებს, სალომე ზურაბიშვილი ვრცელ მიმართვაში არ აკონკრეტებს.

„მთავრობები მიდიან და მოდიან. თქვენ წარმოადგენთ ქვეყანას, მის ინტერესებს, მის წარსულს, მის მომავალს და ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ამიტომ, არაფერს გასწავლით და არაფერს გკარნახობთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მმართველი გუნდისთვის ეს პირდაპირ საბოტაჟისკენ მოწოდებაა. მათი აზრით, ზურაბიშვილმა ელჩებს ქვეყნის ღალატისკენ მოუწოდა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მან ზუსტად იგივე მოწოდებებით შესაძლოა, ქვეყნის ძალოვან და თავდაცვით უწყებებსაც კი მიმართოს და ქვეყნის გადატრიალებისკენ მოუწოდოს.

რაც შეეხეა პრემიერის ინიციატივას, ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე for.ge-სთან ამბობს, რომ გადატვირთვის პოლიტიკის რესურსი ნამდვილად არსებობს. ეს ხელისუფლებამ, პირველ რიგში, დიპლომატიური კორპუსის სრული ჩართულობით უნდა დაიწყოს. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს, როგორც საქართველოში აკრეტირებულ დიპლომატებთან და საელჩოებთან, ასევე ჩვენმა დიპლომატებმა მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ.

„მე მოვუწოდებ და ვთხოვ ჩვენს პრემიერს, რომ ეს გადატვირთვის პოლიტიკა, როგორც ამერიკასთან, ასევე ევროკავშირთან არჩევნებამდე დაიწყოს და დრო აღარ დაკარგოს. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში „ოცნება“ მუდმივად თავდასხმის რეჟიმში იყო დასავლეთიდან და მხოლოდ თავის მართლების პოზიციაში იყო. არ იყო ძალისხმევა გამოჩენილი იმ მიმართულებით, რომ დასავლურ მედიაში, იქნებოდა ეს პუბლიკაციების სახით თუ ტელე სიუჟეტები, სრულიად სხვა ინფორმაცია დაეპირისპირებინათ.

პოლიტიკაში გაბუტვა და პირადი წყენების გამო ერთმანეთზე გადაკიდება არ შეიძლება. აქ საუბარი საქართველოზე და მის უსაფრთხოებაზეა. პრემიერის ეს ინიციატივა ძალიან კარგია. ამისთვის მუშაობა დროულად უნდა დაიწყოს. ჩემი გამოცდილებით, თუკი სიმართლეს დეზინფომაციას და სიყალბეს დავუპირისპირებთ, დასავლეთშიც შევძლებთ რეალური სურათის მიტანას. აქამდე ეს არ ყოფილა, თუმცა ამის რესურსი არსებობს. ეს უნდა იყოს კორექტულად, დიპლომატიური ენით გაკეთებული და ფაქტების პირველ პლანზე წამოწევით. დასავლეთში ფაქტები მუშაობს, მაგრამ ცხვირწინ უნდა დაულაგონ, რადგან ვხედათ ოპოზიცია და მასთან აფილირებული მესამე სექტორი უფრო უკეთესად მუშაობს. ამიტომ ამ ინფორმაციულ სიყალბეზე თუ ხელისუფლება მუშაობას დაიწყებს, ძალიან კარგი იქნება“, - ამბობს მამარაძე.

მისივე თქმით, ალბათ, შეცდომა იყო, როედესაც „ოცნებამ“ ლობიზმთან დაკავშირებით უარი თქვა და ეს საშუალება ოპოზიციას დაუთმო. ისინი კი ამ წლების განმავლობაში ცრუ ინფორმაციის მეშვეობით, დასავლეთში ძველ დიპლომატებსაც კი ამარაგებენ, რომლებმაც აზრი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამ ტყუილით რადიკალურად შეცვალეს.

„მე არაერთხელ წავაწყდი საელჩოებში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მიმართ სრულიად სხვანაირად იყვნენ განწყობილები. აი, ამ ინფორმაციული ომის შემდეგ, ისეთ კითხვებს მისვამდნენ, რომ სრულიად დამახინჯებულად ჰქონდათ მიწოდებული. ზოგიერთს მართლა სჯეროდა, რომ სააკაშვილს მხოლოდ ორი პიჯაკის გამო ასამართლებდნენ. ბევრჯერ შევსწრებივარ იმას, რომ რაღაცა შეხვედრა ყოფილა და ნაციონალები ესწრებოდნენ მხოლოდ. დასრულდებოდა თუ არა ეს შეხვედრა, მიცვივდებოდნენ და სრულიად სხვა ინფორმაციებს აწვდიდნენ საქრათველოს ხელისუფლებაზე. ის მიდგომა, რომ აი, ევროპარლამენტარები, რომლებიც ნაცების მეგობრები არიან, ცუდები არიან და არ დაველაპარაკები - არასწორია. პირიქით, აქეთ უნდა სცადოს ხელისუფლებამ მათი საკუთარ პოზიციაზე გადმოყვანა. თუკი კობახიძე ამას შეძლებს და ეს არის მისი გადატვირთვის პოლიტიკა, ძალიან კარგი იქნება“, - ამბობს მამრაძე.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ძალიან ცუდია, როცა 30-წლიანი მეგობრობის შემდეგ, საქართველოსა და დასავლეთს შორის ასეთი მძიმე ურთიერთობა ამოყალიბდა. მენაღარიშვილი ფიქრობს, რომ დაუშვებელია მეგობრები ერთმანეთს მტრებს უწოდებდნენ.

„რა თქმა უნდა, პოლიტიკის გადატვირთვა და ურთიერთობის გადახედვა საჭიროა. არ შეიძლება ამდენხნიანი მეგობრობის შემდეგ, ერთმანეთს მტრები ვუწოდოთ და ამ რიტორიკით ურთიერთობა გაგრძელდეს. რესურსი მუდმივად არსებობს იმის, რომ ამ დაპირისპირებაში რაღაცა საერთო ენა გამოინახოს. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში, დიპლომატიური არხებით უნდა გაკეთდეს. აუცილებელია, რომ ეს დაპირისპირება დასრულდეს. ამით მხოლოდ ქვეყნის ინტერესები ზიანდება. ეს აუცილებლად ორმხრივი უნდა იყოს და იმედი მაქვს, დასავლეთიდანაც იქნება ამაზე მზადყოფნა. მთავარია, ეს ურთიერთობის ენა შეიცვალოს და დაბრუნდეს ისევ ძველ, მეგობრულ კალაპოტში. ორივე მხარეს ერთმანეთი ძალიან სჭირდება - როგორც დასავლეთს საქართველო, ისევე საქართველოს დასავლეთი. ისინი ჩვენი მეგობრები არიან და ძალიან ბევრი აქვთ ჩვენთვის გაკეთებული. სამწუხარო ისაა, რომ სანქციების ენით საუბარზე გადავიდა უკვე სიტუაცია. იმედი მაქვს, რომ ამ გადატვირთვის პოლიტიკის შედეგად ევროკავშირიდან არ იქნება ძალინ მწვავე სანქციებზე საუბარი. კობახიძის სურვილი ძალიან კარგი და დროულია, თუკი ის რეალურადაც განხორციელდება“, - ამბობს ყოფილი მინისტრი.

 

მერაბ.g ზურაბიშვილი გაშიფრუ ლი აგენტია საფრანგეთისა და აშუშუს საგარეო დაზვერვის და შესაბამისად გასაკვირი არაფერია! ახლა მთავარია ლარი დავიცვათ, არჩევნები კარგად ჩავატაროთ და ისიც დავიცვათ! და თუ ამას მოვახერხებთ, ცოცარს ვერც ზურაბიშვილი მოგვჭამს, ვერც მეცოცხეები და ვერც მათი დამფინანსებლები!
3 თვის უკან