„ფიგუს ღმერთი დასჯის“ - ამბობენ კატალონიელები

„ფიგუს ღმერთი დასჯის“ - ამბობენ კატალონიელები

მადრიდელებს ახალი კერპი ჰყავთ - ლუიშ ფიგუ, კაცი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ანტირეალურ სიმღერებს აგუგუნებდა. მაგრამ ეს არაფერი, გუშინდელ დღეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ფიგუ რეალელია, მისი ბარსელონური წარსული კარგიც კია, მარად მოქიშპეს ნიშანს მოუგებენ.

მაგრამ მადრიდის გარდა არის ბარსელონაც. იქაურებმა კი უკვე დაივიწყეს ყველაფერი ის, რაც ფიგუს „ბარსასთვის“ გაუკეთებია. რისხვა - ერთი სიტყვით ასე თუ დაახასიათებ კატალონიელთა ყოფილი კერპისადმი დამოკიდებულებას.

სამშაბათს „ბარსელონას“ ფან-კლუბის ოფისში შესული კაცი იფიქრებდა, რემონტი დაუწყიათო. სინამდვილეში კი იქ ანადგურებდნენ ყველაფერს, რაც ლუიშ ფიგუსთან არის დაკავშირებული. მეტიც, ამიერიდან კლუბის ქომაგთა თავმოყრის ადგილას პორტუგალიელის სახელის ხსენებაც იკრძალება.

როცა ფიგუ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 10-ნომრიან მაისურას იზომებდა, აღნიშნული კლუბის თავმჯდომარეს გამწარებულს უყვირია: „ეს მეტისმეტია, მას ღმერთი დასჯის.“ მერე რა, რომ პირველი ვნებათაღელვა ჩაცხრა, თავმჯდომარე კვლავ იმავე სიტყვებს იმეორებს: „მას ღმერთი დასჯის.“ აღსანიშნავია, რომ ეს მთელი კატალონიის საერთო აზრი და სურვილია.

სადაც კლუბის ქომაგები, იქაც მისი პრეზიდენტი.

23 ივლისს არჩევნებმოგებულ ხუან გასპარს მეორე დღეს საზეიმოდ არ ეცალა. რაღა დარჩენია გასპარს, ვისაც „რეალმა“, დაუძინებელმა მტერმა, სუპერვარსკვლავი წაართვა? „ადამიანს ცხოვრებაში ხშირად უწევს ბეწვის ხიდზე გავლა. დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ წონასწორობა დაიცვა და არ გადავარდე. ფიგუს შეეშალა, ის უკვე გადავარდა. „რეალში“ გადასვლით რასაც მოიგებს, ვნახავთ. რატომ? დოკუმენტი, რომელსაც ლუიშ ფიგუმ და ფლორენტინო პერესმა მოაწერეს ხელი, ამორალურია. რაც მათ გააკეთეს, არასდროს დამავიწყდება.“ მოვა დრო და ფიგუს თავისი საქციელისთვის მოეკითხება.

კატალონიელი გულშემატკივრებისა და „ბარსელონას“ პრეზიდენტის ასეთი რეაქცია სავსებით გასაგებია. თუმცა, ალბათ, უფრო საინტერესო უნდა იყოს პორტუგალიელის ძველი მეგობრების მოსაზრება. მათაც რა ქნან, ძმაკაცზე აუგის თქმა უჭირთ, მეორე მხრივ, გადაჭედილი „კამპ ნოუს“ წინაშე წარდგომა მოუწევთ და ფრთხილობენ.

ხოსეპ გვარდიოლა მარტო დარჩა. ის და ფიგუ „ბარსელონას“ ცოცხალი სიმბოლოები იყვნენ, ახლა კი... „ბარსას“ კაპიტანი ამბობს: „კომენტარის გაკეთება მიჭირს. გარკვეული დრო მჭირდება, რათა თეთრფორმიანი ლუიში წარმოვიდგინო. მან აირჩია ის გზა, რომელიც სწორედ მიაჩნდა და მისი ოჯახისთვის ხელსაყრელი იყო. ისღა დამრჩენია, ლუიშის გადაწყვეტილება მივიღო ისეთად, როგორიც არის“.

გვარდიოლასთან შედარებით სერხი უფრო კრიტიკულია: „ქომაგთა თვალთახედვით მადრიდის „რეალი“ ყველაზე ცუდი გუნდია, სადაც ფეხბურთელმა შეიძლება ითამაშოს. საინტერესოა, როცა „კამპ ნოუზე“ მადრიდელები გვესტუმრებიან, როგორ შეგვხედავს ფიგუ თვალებში? მასზე ცუდის თქმა მიძნელდება, მაგრამ თავად გარკვეულ უხერხულობას უნდა გრძნობდე“.

22 ოქტომბერი ესპანეთში დიდი დღე იქნება - „კამპ ნოუზე“ „რეალი“ და ფიგუ ჩავლენ. აბა, თამაში ის იქნება?

თუმცა 22 ოქტომბრამდე ჯერ საკმარისი დროა. ლუიშ ფიგუს სერხის სიტყვებზე ჩასაფიქრებლად ჯერ არ სცალია - როგორ შეხვდება ძველ მეგობრებს და ყოფილ ქომაგებს, რომლებიც დღეს მას წყევლიან? ახლა ის ბედნიერია: „მინდა, „რეალთან“ ერთად უამრავი ჯილდო მოვიგო. დარწმუნებული ვარ, მადრიდშიც ისეთივე დაუვიწყარი წლები მელის, როგორიც ბარსელონაში გავატარე. გპირდებით, თავს არ დავზოგავ.“

რაც შეეხება ლუიშ ფიგუს მადრიდულ მომავალს, ამაზე ბევრჯერ ითქვა და ერთხელაც გავიმეოროთ: „ბარსელონასთვის“ გადახდილი 56 მილიონი დოლარი, ექვსწლიანი კონტრაქტი, 4,49 მილიონი დოლარი წლიური ხელფასი (გადასახადის გარეშე). ხოლო ვინც „რეალისთვის“ ფიგუს წართმევას მოინდომებს, 168 მილიონს გადაიხდის. ესეც ფიგუ!