ინგლისის ნაკრების შემტევმა ჰარი კეინმა ჟურნალისტებს ევრო 2024-ის მოლოდინი გაუზიარა.
ტურნირი 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისამდე გაგრძელდება. ინგლისელები C ჯგუფში სლოვენიის, დანიისა და სერბეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშებენ.
„აღელვებული ვარ. ასეთ მომენტებში ყოველთვის აღფრთოვანებული ხარ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩადიხარ მასპინძელ ქვეყანაში, მიხვალ სასტუმროში და ათვალიერებ სად რა არის. ამ მომენტში ყველა გარეგნულად მშვიდია, თუმცა სასიამოვნო მოლოდინს გრძნობს.
ინგლისის კაპიტნობა ალბათ ყველაზე დიდი პრივილეგიაა, რაც შემიძლია მქონდეს, როგორც ფეხბურთელს. ეს უნიკალური გრძნობაა. ჩემთვის დიდი პატივია მეოთხედ ვიყო კაპიტანი დიდ ტურნირზე. ჩვენ უკვე ვიყავით მეოთხედფინალში, ნახევარფინალში და ფინალში. ამიტომ ვიმედოვნებ, ამჯერად თასს მოვიგებთ.
ვფიქრობ, ეს გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ არა საუკეთესო, რომელიც გვყოლია. გვყავს ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლებსაც არ აქვთ შიში და უბრალოდ უნდათ მოედანზე გასვლა და თამაში“, - ციტირებს კეინის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
ევროპის 2020 წლის წინა ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრები ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც იტალიის ნაკრებთან დამარცხდა პენალტების სერიაში.