ლობოტკა:

ლობოტკა: "ისეთი სეზონი გვქონდა, ჩვენთან გვარდიოლაც ცუდი მწვრთნელი იქნებოდა"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა სტანისლავ ლობოტკამ განაცხადა, რომ ფრანჩესკო კალცონას ცუდად არ უმუშავია.

როგორც მან სლოვაკურ მედიას უთხრა, „ნაპოლისთვის“ სეზონი ისეთი იყო, რომ პეპ გვარდიოლაც კი, ცუდ მწვრთნელად გამოჩნდებოდა.

„გასული სეზონის შედეგები მართლაც იმედგამაცრუებელი იყო. ვფიქრობ, კალცონამ ჩვენთან კარგად იმუშავა იმის გათვალისწინებით, რომ მისთვის ეს აბსოლუტურად არ იყო ადვილი. გასულ სეზონში ჩვენ პეპ გვარდიოლასაც კი დაბალი დონის მწვრთნელად ვაქცევდით.

მწვრთნელი (სპალეტი - რედ) და სპორტული დირექტორი (ჯუნტოლი - რედ) წავიდნენ, ზოგიერთ ფეხბურთელს წასვლა სურდა და კლუბი მათ არ უშვებდა, მაგრამ სეზონის დასაწყისში მაინც ვახერხებდით თამაშების მოგებას, შემდეგ ცუდი მატჩები ჩავატარეთ და მენტალურად დავნებდით“, - თქვა ლობოტკამ.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ" სერია A-ში მეათე ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს.