სიღარიბის მაჩვენებელი განახევრებულია, მიღწეულ შედეგს საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ

სიღარიბის მაჩვენებელი განახევრებულია, მიღწეულ შედეგს საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ

საქსტატის აპრილის მონაცემების მიხედვით, ეკონომიკურმა ზრდამ თითქმის 12% შეადგინა, რაც ბოლო პერიოდის უმაღლესი მაჩვენებელია. პარალელურად, მკვეთრად იკლებს სიღარიბის საერთო დონის მაჩვენებელი. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვითაც დასტურდება, რომ 10 წლის განმავლობაში უმუშევართა რაოდენობა, ფაქტობრივად, განახევრებულია.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა სწორედ სიღარიბის განახლებულ მონაცემებზე. 2023 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის მაჩვენებელმა შეადგინა 11,8 პროცენტი, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 3,8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

„გვაქვს ძალიან სერიოზული წინსვლა. 2022 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 15,6 პროცენტი, ეს ნიშნავს, რომ შარშან 140 ათასზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე. ასევე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30 პროცენტი, ანუ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1 მილიონ 100 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე. დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს 435 ათასი ჩვენი თანამოქალაქე. ეს ნიშნავს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, თითქმის 700 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე, რაც არის ძალიან კარგი მაჩვენებელი.

წელსაც სახეზეა მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი და ამ პირობებში სიღარიბეს მიმდინარე წელსაც ათიათასობით ჩვენი მოქალაქე დაძლევს. სწორედ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა - სიღარიბის განულება და მოხარული ვართ, რომ გვაქვს თანმიმდევრული წინსვლა ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატისტიკური მონაცემებით, სიღარიბის დონე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში და როგორც სოფლად, ასევე ქალაქად. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სიღარიბის ასეთი ტემპით შემცირება შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის სწორი და თანამიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, რაც, ერთი მხრივ, განაპირობა მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ, მეორე მხრივ კი, მიზნობრივმა სოციალურმა პოლიტიკამ.

„სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული და 11,8 პროცენტს შეადგენს. ამ მონაცემს სამწლიან ჭრილში თუ განვიხილავთ, დავინახავთ, რომ სიღარიბეს თავი 350 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია. ჩვენი მოლოდინია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს სიღარიბის შემდგომ შემცირებას და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესებას“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

შევრობასთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურის მოსაზრებას ეხმიანებიან ექსპერტებიც. ეკონომისტი გივი მომცელიძე ადასტურებს, რომ მონაცემები მართლაც გაუმჯობესებულია, თუმცა აქ შესაძლოა სხვა ფაქტორებიც მოქმედებდეს.

სიღარიბე ნამდვილად მცირდება, ეკონომიკა იზრდება და ეს იწვევს სამუშაო ადგილების შექმნასაც. ცხადია, მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესებულია, უბრალოდ, გადაჭარბებულია მთავრობის ოპტიმიზმი, საქართველოს შრომის ბაზარზე შექმნილი ვითარება ცოტა გაზვიადებულად არის წარმოდგენილი. როდესაც დასაქმება ჯერ კიდევ გამოწვევაა და ამ მიზნით მოსახლეობა მასიურად გაედინება ქვეყნის ფარგლებს მიღმა, სამუშაო ადგილების მასობრივად შექმნის თაობაზე საუბარი, რეალური არ მგონია. ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა საქართველოდან, შესაბამისად, შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინებამ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა შეამცირა, რაც პროცენტულად სიღარიბის მაჩვენებელზეც აისახა. სხვა მხრივ 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის თითქმის 4%-იანი კლება ძალიან კარგია, მაგრამ დასაქმებას მაინც დიდი ყურადღება სჭირდება, - განაცხადა გივი მომცელიძემ.

აღსანიშნავია საერთაშორისო შეფასებებიც. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2012 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ მთლიანი სამუშაო ძალის 19,6 პროცენტი შეადგინა, რაც 324 ათასს უმუშევარს გულისხმობდა, 2022 წელს კი უმუშევრობის დონე სამუშაო ძალის 11,3 პროცენტი იყო, ანუ 175 ათასი ადამიანი. გავლენიანი ორგანიზაციის ანგარიშითაც დასტურდება, რომ 10 წლის განმავლობაში უმუშევართა რაოდენობა, ფაქტობრივად, განახევრებულია.