„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი ძალაში შევიდა. მას პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი 3 მაისს მოაწერა. თუმცა უკვე ცნობილია, რომ 300-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ კანონის ძალაში შესვლამდე დაუმორჩილებლობის გადაწყვეტილება მიიღო და არც ორგანიზაციის დარეგისტრირებას და არც კანონის შესრულებას აპირებენ. პარალელურად, მათი ნაწილი საკონსტიტუციო და სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენ სარჩელზე მუშაობს.
სამოქალაქო საზოგადოების განადგურების გეგმა - ასე უწოდებს ოპოზიცია კანონს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ნეგატიური გავლენა, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს არასამთავრობო სექტორზე და სამიზნე სუბიექტებზე ექნება, საბოლოოდ ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს.
ოპოზიციის განცხადებები მმართველი პარტიისთვის დეზინფორმაციულია. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ რეალურად, ოპონენტების მიზნების ლუსტრირება მოხდა.
მათი აზრით, მესამე სექტორის დაუმორჩილებლობა და რესგისტრაციაზე უარი არადემოკრატიული ქცევა და სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპზე უარის თქმაა.
კანონის მხარდამჭერები განმარტავენ, რომ რეგისტრაციისგან თავის არიდება 25 ათას ლარიან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შესაბამის რეესტრში რეგისტრაციაზე დამატებითი უარის შემთხვევაში კი, ორგანიზაციას ჯარიმა განმეორებით დაეკისრება. მძიმე სამართლებრივ რეაგირებამდე კი საქმე მაშინ მივა, თუ ორგანიზაცია ყველა ვადის დარღვევის შემდეგ დაკისრებულ ვალდებულების შესრულებაზე უარს ისევ იტყვის.
პრაგმატული მოქმედებისკენ მოუწოდებს პრემიერ მინისტრი ყველას. მთავრობის მეთაურის განცხადებით, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არც ხელისუფლების გამარჯვებად და არც ოპონენტების მარცხად არ უნდა იყოს აღქმული.
კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, პროცესში იუსტიციის სამინისტრო ჩაერთვება. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ორი თვის ვადაში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრი უნდა შექმნას. ამის შემდეგ კი სპეციალურ ვებ-გვერდზე სავალდებულო გახდება იმ იურიდიული პირებისთვის რეგისტრაცია, რომლებიც შემოსავლის 20-პროცენტზე მეტს უცხოეთიდან იღებენ.
მმართველი პარტიის გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თუ უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციები არ დარეგისტრირდებიან „აგენტების კანონით“ გათვალისწინებულ ბაზაში, მათ დაეკისრებათ ჯარიმები, შემდეგ კი დაედებათ ყადაღა. მან ჟურნალისტებთან კომენტარში კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ გაცემული გრანტები „კეთილ საქმეს“ ხმარდება.
„თუ არ დაემორჩილებიან, ამისთვის არსებობს ფინანსური ჯარიმების დაკისრება, შემდეგ კი მოხდება ყადაღის დადება. ისინი ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ და ვერც თანხების მიღებას. თუ მართლა კეთილ საქმეს აკეთებენ და ბოროტი ზრახვები არ აქვთ, რა პრობლემაა დეკლარაციის შევსება და ფინანსების ჩვენება? თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ეს პოლარიზაცია, რევოლუციური სცენარის დაფინანსება ხდებოდა ამ გაუმჭვირვალობის გამო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ თუკი არასამთავრობო ორგანიზაციები და ონლაინმედიები ჯარიმას არ გადაიხდიან, მაშინ ამოქმედდება ჩვეულებრივი პროცედურები, რაც ჯარიმის არგადაუხდელობის შემთხვევაში ხდება-ხოლმე. მისი თქმით, ამის შემდეგ თუ ჯარიმების გადახდაც არ მოხდება, მაშინ მასში სააღსრულებლო ბიურო ჩაერთვება, რომელიც მესამე სექტორიდან დაკისრებული ჯარიმების ამოღებას დაიწყებს ან ქონებას ყადაღას დაადებს.
„ზუსტად კანონში არ არის გაწერილი როგორ მოხდება ჯარიმების ამოღება მესამე სექტორის წარმომადგენლებისგან, მაგრამ ეს იქნება ჩვეულებრივი ჯარიმის ამოღების პორცედურა, როგორც პარკინგის დროს და საგზაო მოძრაობის დარღვევის და დაჯარიმებისას ხდება. ნებისმიერი მოქალაქე, არა აქვს მნიშვნელობა ვინ არის, რომელიც არ იხდის ჯარიმებს, საურავები იწერება, შემდეგ უკვე ჯარიმის ე.წ. ამოღების პროცედურა მოხდება. ამას კი შესაბამისი სამსახური შეასრულებს. რასაკვირველია, თუ გაჯიუტდებიან ნაცენჯეოები, არ გადაიხდიან ამ ჯარიმებს, მათ მიმართაც ჯარიმის ამოღების პროცედურები განხორციელდება. ოღონდ აბოსულუტრად დარწმუნებული ვარ, ამას დაარქმევენ პოლიტიკურ დევნას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, ე.წ. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას“,-ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, არა აქვს მნიშვნელობა, რას მოფიქრებენ მესამე სექტორის წარმომადგენლები, კანონის დამცველებმა კანონი უნდა დაიცვან. მისი აზრით, წინააღმდეგობის მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოება იძულებული იქნება კანონს დაემორჩილოს.
„გვახსოვს, რადიკალური პოლიტიკური სიბრტყიდან ამბობდნენ, რომ კანონს არ დაამტკიცებინებდნენ ხელისუფლებას, თუმცა კანონიც დამტკიცდა და კანონიც აღსრულდება შესაბამის ვადებში, როგორც არის გაწერილი. ვხედავთ, წყალწაღებულები ხავსს როგორ ეჭიდებიან. ახლა უნდათ წაგებული პოლიტიკური თამაშის შემდეგ სამართლებრივი დავა დაიწყონ, რასაც ასევე წააგებენ. ეს ისევ გავს 2020 წლის მსგავს ნარატივს, როცა ოპოზიცია ამბობდა, რომ პარლამენტში არ შევიდოდა, თუმცა შემდეგ პარლამენტში ერთმანეთს შესვლას ასწრებდნენ. ვეჭვობ, რომ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ჯარიმის გადაუხდელობა და მისი ამოღების პორცედურა არ არის მყისიერი და გაწერილია გარკვეული დროის განავლობაში. ეს შესაძლოა რამდენიმე თვეზე ან წელზეც იყოს გაწერილი.
„წინასაარჩევნოდ დაყადაღება და რაღაცის დახურვა, დიდი ალბათობით, გამორიცხულია. ვალის ამოღების პროცედურა არაა მყისიერი, რამდენიმე გადაუხდელობის შემდეგ ხდება გაფრთხილება და შემდეგ იწყება აღსრულება. მე ველი, რომ არჩევნების შემდეგ, როცა დაინახავენ, რომ წააგეს, დაიწყებენ ახლა იმის პროვოცირებას, ვითომ გაყალბდა. ამასაც რომ ვერ დაამტკიცებენ, მერე იძულებულები გახდებიან ამ რეესტრში დარეგისტრირდნენ. მე მაინტერესებს, მაგალითად, რას იზამს „ფორმულა“, რომელიც ქვეყნის გარედან იღებს დაფინანსებას, არ დარეგისტრირდებიან? მაუწყებლობის გაგრძელება ხომ უნდათ, თუ ჯარიმებს დაიწერენ და მერე იმაზე იწუწუნებენ, რომ გადასახდელი ფული არა აქვთ? ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - ამბობს აბაშიძე.