ანტონიო კონტე და

ანტონიო კონტე და "ნაპოლი" ბოლო დეტალებს აზუსტებენ

„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტე დაინიშნება. შეთანხმება მიღწეულია, მხოლოდ ბოლო და მცირე დეტალები დარჩა შესათანხმებელი.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, კონტე და „ნაპოლი“ უკვე შეთანხმდნენ ხელფასზე, კონტრაქტის ხანგრძლივობასა და საიმიჯო უფლებებზე, ახლა კი, სტაფის დაკომპლექტებაზე მუშაობენ, რადგან კონტეს სურვილია, „აძურიში“ მასთან ერთად გაბრიელე ორიალიმ იმუშაოს.

კონტე „ნაპოლისთან“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 6.5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსის სახით 2 მილიონიც დაემატება. იტალიელი სპეციალისტის წარდგენა სავარაუდოდ 4 ივნისს, ნეაპოლში, სან კარლოს თეატრში გაიმართება.

ანტონიო კონტეს „არეცოში“, „ბარიში“, „ატალანტაში“, „სიენაში“, „იუვენტუსში“, იტალიის ნაკრებში, „ჩელსიში“, „ინტერსა“ და „ტოტენჰემში“ მუშაობის გამოცდილება აქვს. მან ოთხჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ორჯერ იტალიის სუპერთასი, თითოჯერ პრემიერლიგა და ასოციაციის თასი.