იტალიური მედია: პსჟ კვარაცხელიასთან უკვე შეთანხმებულია,

იტალიური მედია: პსჟ კვარაცხელიასთან უკვე შეთანხმებულია, "ნაპოლიმ" მისი შემცვლელი შეარჩია

იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport-ი იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ პირად კონტრაქტზე შეთანხმებულია.

ცნობილი გამოცემა დეტალებზე არ წერს, მაგრამ იტყობინება, რომ შეთანხმება უკვე შედგა, მაგრამ ახლა ფრანგებმა „ნაპოლისთან“ შეთანხმება უნდა მოახერხონ. „აძური“ კვარაცხელიას ჯერ კიდევ ხელშეუხებელ ფეხბურთელად მიიჩნევს და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანტონიო კონტემ მისი შენარჩუნება მოითხოვა, მაგრამ ტრანსფერზე საუბარი არ წყდება.

ცნობილია, რომ პსჟ 100 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. თუმცა, როგორც ზემოხსენებული წყარო იტყობინება, აურელიო დე ლაურენტისი კვარაცხელიას მხოლოდ შოკური შეთავაზების შემთხვევაში გაყიდის, მინიმუმ 150 მილიონ ევროდ.

გარდა ამისა, მედიაში წერენ, რომ პსჟ-ში კვარასთან ერთად ვიქტორ ოსიმენის გადასვლის შანსი არსებობს. პარალელურად, იტალიური მედია აქტიურად ავრცელებს ცნობას, რომ ნეაპოლელებს კვარაცხელიას შემცვლელად ფედერიკო კიეზა ჰყავთ შერჩეული.

კიეზას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს და თუ მას არ განაახლებს, კლუბმა შეიძლება მართლაც გაყიდოს. კონტე კიეზას ტალანტის დიდი თაყვანისმცემელია და სურს ისიც იხილოს თავის გუნდში. არც ისაა გამორიცხული, რომ გარიგებაში ჯოვანი დი ლორენცო ჩართონ. დი ლორენცოს ფასი 20 მილიონია, კიეზას - 40. შესაბამისად, ნეაპოლელები „იუვეს“ გუნდის კაპიტანთან ერთად დაახლოებით 20 მილიონს შესთავაზებენ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. პსჟ-ში სავარაუდო ტრანსფერის პარალელურად ცნობილია, რომ იტალიური გუნდი ხვიჩასთან კონტრაქტის განახლებაზეც საუბრობს, თუმცა შეთანხმება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიურ გუნდში დღემდე 88 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი მიითვალა.