ვის და რატომ დასჭირდა ბახმაროს სკანდალის აგორება

ვის და რატომ დასჭირდა ბახმაროს სკანდალის აგორება

გურიაში დღეს არავის არ სჯერა,  რომ გარემოს დაცვის პოლიციამ უკანონოდ დარეგისტრირებულ მიწებზე წამოჭიმული ფეშენებელური სახლები ერთ მშვენიერ დღეს შემთხვევით აღმოაჩინა. არც იმის სჯერათ რომ გაქცეული ნაციონალის, შოთა სირაძის ნახვა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მაგრამ სჯერათ ერთის  -  ეს საქმე გავლენიანი მაღალჩინოსნის დაკვეთით ამოიქექა და ასევე გავლენიანი ჩინოსნის საშუალებით “ჩაიფარხცა”. თუმცა მანამდე ბევრი რამ მოხდა. 

პრეზიდენტის 525-ე ბრძანებულების თანახმად, მოქალაქეებს იმ ნაკვეთების დაკანონება შეეძლოთ, რომლებიც 2007 წლამდე ჰქონდათ ფაქტობრივ სარგებლობაში. თუმცა ამ ნაკვეთების დაკანონება შესაბამისი საბუთების და მოწმეების, საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიაში წარმოდგენით გახლდათ შესაძლებელი. კომისია გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული და მისი შემადგენლობა სხვადასხვა დროს, კანონის თანახმად იცვლებოდა.

2008-2009 წლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიას შოთა სირაძე ხელმძღვანელობდა. სწორედ მას ჰქონდა უფლება რომ მიწის მესაკუთრის ცნობა გაეცა, თუმცა კომისიის რეგლამენტის და კანონის მიხედვით, მოქალაქის განცხადება ჯერ კომისიას უნდა განეხილა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაცემულიყო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, რომელსაც ქუთაისის პროკურატურა ხელმძღვანელობს, შოთა სირაძემ 132 ყალბი დოკუმენტი გასცა. თუმცა, თავდაპირველი ვერსიით და ჩოხატაურის საჯარო რეესტრიდან წაღებული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, დოკუმენტების რაოდენობა 388 აღწევდა. არავინ იცის რა ბედი ეწია 256 საბუთს. არც ის ვის და რატომ დასჭირდა ამ ციფრის ასე მკვეთრად შემცირება. ამბობენ, რომ ამ საქმეს “ცუდი სუნი უდის”. დაზუსტებით ცნობილია 132 დოკუმენტის მფლობელთა ბედი.

უკლებლივ ყველამ,  მიწა, ზედ დამაგრებული ქონებით სახელმწიფოს ჩააბარა. მათი უმრავლესობა თანამდებობის პირია. ამ 132 ადამიანიდან კი უმცირესობაში რამდენიმე ჩინოვნიკი მოექცა: რომან მამალაძე, გელა ლომინეიშვილი, ეროდი გორდელაძე, შოთა ჭანუყვაძე, გია მამაკაიშვილი, ლაშა ბაკურაძე, გელა მუჯირი, შოთიკო მჟავანაძე, და კიდევ რამდენიმე ჩინოსანი - მათ თანამდებობები დაატოვებინეს.

ამ სკანდალის სიგრძე-განი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მამუკა დოლიძეს გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა მოუწია. თუმცა, იმ დროს არსებული ვერსიით დოლიძე კი არა, სახლში ანტონ ხუნდაძე უნდა წასულიყო, რომელსაც კანონით და სხვა ყველა მორალური პრინციპით დოლიძეზე მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდა კომისიასთან მიმართებაში. მაგრამ როგორც ჩოხატაურში ამბობენ “დიდ კაცთა პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი” და სახლში დოლიძე წავიდა, რითაც დადასტურდა მოარული ხმები, რომ მის მოცილებას ანტონ ხუნდაძე კარგა ხნის მანძილზე ცდილობდა.

ჩოხატაურში იმასაც ამბობენ, რომ ძალოვანმა უწყებამ შოთა სირაძის ადგილსამყოფელი ძალიან კარგად იცის და მას მაშინ გამოაჩენს, როცა თავად მიიჩნევს საჭიროდო. ეს ხმები კი 31 იანვარს გამართულმა სასამართლო პროცესმა გაამყარა.

მოსამართლე ლევან ნუცუბიძის თავმჯდომარეობით სისხლის სამართლის საქმის განხილვა შოთა სირაძის წინააღმდეგ, დანიშნული 2 საათის ნაცვლად 3 საათზე დაიწყო. სასამართლოს შენობა მოწმეებს ვერ იტევდა. როგორც გავარკვიეთ უწყება 107 მოწმეს გაეგზავნა, ხოლო პროცესზე მხოლოდ 58 გამოცხადდა, მათ შორის ყოფილი ჩინოსნები. მოსულ მოწმეებს შორის არ იყო გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი შოთა ჭანუყვაძე, რომელსაც ბახმაროში უკანონოდ 4 ნაკვეთი ჰქონდა დაკანონებული და როგორც ამბობენ მალე დედაქალაქში მნიშვნელოვან თანამდებობას ჩააბარებენ.

სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდების მხარეს ქუთაისელი პროკურორი ვალერი კუჭუხიძე წარმოადგენს, ხოლო სირაძის ინტერესებს სახაზინო წესით აყვანილი ადვოკატი კობა ესაძე იცავს.

შოთა სირაძეს 332 მუხლის I ნაწილით წაუყენეს ბრალი, რაც ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ამავე ვადით თანამდებობის დაკავების აკრძალვით.

პროკურორის განმარტებით სირაძემ ბოროტად გამოიყენა თანამდებობა, კანონის უხეში დარღვევით გაასხვისა სატყეო ზოლის მიწები და ასევე უკანონოდ გასცა 132 მიწის საკუთრების მოწმობა.

”მიწების უკანონოდ გასხვისება საკამათო თემაა, რადგან კანონი აქ ცალსახაა. თუ სირაძემ უკანონოდ გასცა, რატომ მოახდინა მისი რეგისტრაცია რეესტრმა? იქნებ მას შეცდომით დაემართა ეს ყველაფერი. რეესტრს აქვს ყველაზე დიდ ბაზა, ყველაზე ბევრი მონაცემი და მას აქვს უფლება, რომ არ დაარეგისტრიროს მიწა. ოზურგეთში ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ისეთი, როცა რეესტრმა უარი თქვა მიწის რეგისტრაციაზე, რადგან გარკვეულ საკითხებში ეჭვი შეიტანა. ჩოხატაურის რეესტრს რატომ ერთხელაც არ გაუჩნდა ეჭვი და რატომ ერთხელაც არ გადაამოწმა თუ სად და რას არეგისტრირებდა”, - აღნიშნა განსასჯელის ადვოკატმა.

სასამართლოზე “ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის წინაშე დაფიცება” სიმართლის სათქმელად მხოლოდ ლეგალიზაციის კომისიის წევრებს მოუწიათ, რადგან მათი დაკითხვის შემდეგ პროცესი 15 თებერვლამდე გადაიდო. სასამართლოს დაბარებული მოწმეებისთვის, რომლებსაც რამდენიმე საათი დერეფანში ლოდინი მოუწიათ არ მოუსმენია.

როგორც კომისიის წევრების ჩვენებებმა აჩვენა, ისინი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არ ინტერესდებოდნენ  რა  იწერებოდა ოქმში. ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ კომისიაზე ბახმაროს მიწების საკითხი არ განუხილავთ და მათთვის უცნობი იყო, როგორ გაიცა სახელმწიფო სატყეო ზოლში ათობით ნაკვეთის ფლობის დამადასტურებელი მოწმობა.

ამ პროცესმა ბევრი უპასუხო კითხვა გააჩინა. საქმის მასალებიდან გამომდინარე იკვეთება, რომ შოთა სირაძე იჯდა და როგორც ერთმა მოწმემ აღნიშნა “დილიხორს” ისწორებდა.

”ალოგიკურია ეს ყველაფერი. გამოდის რომ სირაძე იჯდა და საბუთებზე ბეჭედს ტყვილა ურტყამდა. რა, “დილიხორს” ისწორებდა?! შოთAა არ იყო უჭკუო ადამიანი და მან ძალიან კარგად იცოდა რასაც აკეთებდა. მხოლოდ სულელი იზამდა იმას, რაც სისხლის სამართლის საქმეში წერია. როგორც ჩანს, მან ძალიან ბევრი რამ იცის და ამიტომაც “კერავენ” საქმეს. ამდენ ადამიანს თანამდებობები დაგვატოვებინეს, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დაგვტოვეს და ახლა გვეუბნებიან შოთამ თანამდებობას გადაამეტა მხოლოდ და ეგ არაფერიაო”, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა ყოფილმა ჩინოსანმა.

არცერთი მოწმე არ მალავს, რომ გამოძიების შედეგები მოულოდნელი იყო. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ათობით ადამიანმა სწორედ რომ უკანონოდ დაკანონებული მიწების მიზეზით დატოვა თანამდებობა:

”მე რაც მითხრეს ის გავაკეთე. მითხრეს რომ ბანკში ფული უნდა გადამეხადა და მხოლოდ მას შემდეგ მივიღებდი მოწმობას. ასეც მოვიქეცი და მეუბნებიან რომ დავაშავე. ის მაინც მითხრან რა დავაშავე. ყველაფერი ოფიციალურად გავაკეთე, ფულიც გადავიხადე და შედეგი ის მივიღე რომ სამსახური აღარ მაქვს, ვიღაცას  ჰგონია რომ უკანონობა ჩაAვიდინე და რაც მნიშვნელოვანია ქონება ჩამაბარებინეს”, - გვითხრა ერთმა მოწმემ.

ერთ-ერთი ყოფილი ჩინოსნიდან კი გავარკვიეთ, რომ მიწა და ზედ დამაგრებული ქონება მხოლოდ იმისთვის ჩააბარა, რომ სამსახურს დაჰპირდნენ:

”როცა ეს ამბავი გახმაურდა, მითხრეს მიწა ჩააბარე, ხომ იცი გაწინაურებენ და საქმე არ გაიფუჭოო. მთელი ცხოვრება სისტემაში ვმუშაობდი, მრავალი უძილო ღამე გამიტარებია, მრავალი ტყვიისთვის შემიშვერია მკერდი და არ მეგონა ასე ერთი ხელის მოსმით თუ გამწირავდნენ”, - წყენა ვერ დამალა ერთ-ერთმა.

ასე უმიზეზო მიზეზით სახლში გაშვებული ადამიანები იმედოვნებენ, რომ მათ სამსახურებში დააბრუნებენ. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, შოთა სირაძესთან საპროცესო გარიგება გაფორმდება. ოღონდ მანამდე ერთი ფორმალობაა მოსაგვარებელი - სირაძე უნდა ჩაბარდეს. როგორც გავიგეთ რამდენიმე დღეში ასეც მოხდება და საკრებულოს ყოფილი წევრი დუმილის სანაცვლოდ თავისუფლებას მიიღებს, ხოლო მის თავისუფლებაზე უშუალოდ ის ადამიანები იზრუნებდნენ ვინც მას ამდენი ხნის განმავლობაში ზურგს უმაგრებდა და ვის უშუალო ინტერესებშიც შედის სირაძის დუმილი.

სავარაუდოდ, სამსახურში აღადგენენ შოთა სირაძის მეუღლეს, მაია პაიჭაძესაც, რომელსაც ჩოხატაურელების თქმით, “კომუნისტური რეჟიმი” შეეხო და ქმრის დანაშაულის გამო აგებინეს პასუხი. დანაშაულის, რომელიც დღეს თურმე არც ისე დიდია და რომლის გამოც, სახელმწიფოს 132 ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი აქვს ზედ დამაგრებული ქონებით, რომელთა ფასი რამდენიმე ასეული ათასი დოლარია და რომელსაც, ჩვენი წყაროს ინფორმაციით მალე გამოუჩნდება ფულია პატრონი, ჩვენს ქვეყანაში ინვესტორს რომ ეძახიან.