„ბრიუსელი ევროპას ომისთვის ამზადებს“

„ბრიუსელი ევროპას ომისთვის ამზადებს“

მესამე მსოფლიო ომის საფრთხე იზრდება და რეალური ხდება. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის არაერთგზის მუქარის ფონზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირი უნდა მოემზადოს შესაძლო ომისთვის და მიიღოს ზომები ერთობლივი შეიარაღებისთვის. გერმანული გამოცემის ცნობით, ბალტიის რეგიონის ქვეყნების პოლიტიკოსებმა გერმანია გააფრთხილეს, რომ რუსები თუ მიაღწევენ სტრატეგიულ გარღვევას აღმოსავლეთ უკრაინაში, სიტუაცია შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს. ამ შემთხვევაში ეს ქვეყნები არ დაელოდებიან თავიანთ საზღვარზე რუსული ჯარების განლაგებას და თავად გაგზავნიან ჯარებს. ეს სცენარი კი ნიშნავს, რომ ნატო ომის მონაწილე გახდება.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა, თუ რუსეთი ფრონტის ხაზს გაარღვევს და უკრაინის მხრიდან იქნება მოთხოვნა. მაკრონის თქმით, ბევრი ქვეყანა დაეთანხმა საფრანგეთის მიდგომას ჯარების შესაძლო გაგზავნასთან დაკავშირებით.

სკანდალურ განაცხადებას აკეთებს უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელი, რომლის თქმით, რაც ახლა ვაშინგტონში და ბრიუსელში, უფრო მეტად ბრიუსელში ხდება, არის პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის ატმოსფეროს შექმნა, რასაც თამამად შეიძლება, ეწოდოს ევროპის ომისთვის მომზადება. ვიქტორ ორბანის განცხადებით, თვეების განმავლობაში ეცნობოდა პირველი და მეორე მსოფლიო ომების მზადების ისტორიას და მსგავსებები დღევანდელ პერიოდთან შემაშფოთებელია. მისივე თქმით, რუსეთის საფრთხეზე მითითებები ომისთვის მომზადებას ისახავს მიზნად.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, გაჩერდებოდა თუ არა რუსეთი უკრაინის დამარცხების შემთხვევაში? რუსეთის არმია უკრაინელებთან სერიოზულ, რთულ ომს აწარმოებს, მათი დამარცხება ვერ შეძლო. რუსები საკმარისად ძლიერები რომ ყოფილიყვნენ უკრაინელების ერთბაშად დამარცხებისთვის, უკვე დაამარცხებდნენ მათ, მაგრამ ეს ის არ არის, რასაც ჩვენ ვხედავთ. ნატო-ს სიძლიერე უკრაინის სიძლიერეს არც შეედრება. ის ასჯერ, შესაძლოა ათასჯერ დიდია, ამიტომ არ მგონია, ლოგიკურად ვივარაუდოთ, რომ რუსეთი, რომელიც უკრაინასაც კი ვერ უმკლავდება, უცებ შემოვიდეს და მთელი დასავლური სამყარო გადაყლაპოს“, -განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის მთავრობის ამ ეჭვს აძლიერებს ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადება, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით უკრაინისთვის დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნან.

„მოვიდა დრო, რომ მოკავშირეებმა გარკვეული შეზღუდვების მოხსნა განიხილონ, რომლებიც მათ უკრაინას მიწოდებული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით დაუწესეს. განსაკუთრებით ახლა, როცა ხარკოვის ოლქში, საზღვართან ახლოს მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ლეგიტიმური სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების აკრძალვა უკრაინისთვის თავდაცვას ძალიან ართულებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომია. უკრაინას საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს. ეს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნე ობიექტებზე დარტყმასაც გულისხმობს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურ მდივანს უპასუხა სერგეი ლავროვმა, რომელის განცხადებით, ამერიკული იარაღი უკვე გამოიყენება უკრაინაში კონფლიქტის ზონის გარეთ, რაც, მისი თქმით, ვაშინგტონის სინდისზეა.

„ამერიკულ იარაღს უკვე იყენებენ კონფლიქტის ზონის მიღმა სხვადასხვა ობიექტზე, ამიტომაც, ის, რომ ამერიკელები ცდილობენ გააკეთონ დამამშვიდებელი განცხადებები თავიანთი საზოგადოებრივი აზრისთვის ან ნატო-ს წევრებისთვის ან აჩვენონ, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, ჩემი აზრით, ხრიკია. ამერიკული და სხვა დასავლური იარაღების გამოყენებით თავდასხმები ხორციელდება რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე, პირველ რიგში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ კვარტლებზე“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

საფრთხე, რომ რეალურია ამის შესახებ საუბრობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი, რომლის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ საქართველოსთან დაკავშირებით. მისი თქმით, ყველაფერი, რა ინფორმაციაც გაჟღერდა საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით და იმ განცხადებების ფონზე, რაც გამოჩნდა, ეს იყო რეალობა.

„ის პროცესები, რაც ახლა ვითარდება და ჯერჯერობით მხოლოდ სადაზვერვო პროპაგანდის ხასიათი აქვს, ვფიქრობ, გარკვეულწილად, პირდაპირ კავშირშია იმ ქმედებებთან, რასაც პირდაპირ და ირიბად ახორციელებენ საქართველოს წინააღმდეგ და რაც იყო ბოლო ოფიციალური პირების ვიზიტი და მათი მარშუტირება თბილისში. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება მესამე ომის საფრთხეს, პრაქტიკულად, ამის ნიშნები ისედაც გვქონდა. იმიტომ, რომ ევროპა და აშშ ამ კონფლიქტში ჩართული ისედაც არიან, როგორც ფინანსური, ისე შეიარაღების თავლასაზრისით. ასე რომ, არაფერი გასაკვირი არ არის და არაფერი მოულოდნელი არ იქნება იმაში, თუ ისინი დამატებით გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამენ ამ კონფლიქტის მასშტაბების გასაზრდელად. დღეს ეს საფრთხე გაზრდილია, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ საბოლოო ჯამში, გონიერება გაიმარჯვებს და სამყარო მესამე მსოფლიო ომამდე არ მივა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.