„ამერიკელი მეცნიერები პირდაპირ წერდნენ, პრეზიდენტი ბუში მთელ ფულს როგორ აბარებდა სააკაშვილს და იგი როგორ უნაწილებდა ამ ფულს თავის ენჯეოებს“

„ამერიკელი მეცნიერები პირდაპირ წერდნენ, პრეზიდენტი ბუში მთელ ფულს როგორ აბარებდა სააკაშვილს და იგი როგორ უნაწილებდა ამ ფულს თავის ენჯეოებს“

„გამჭვირვალობის კანონი“ ის წითელი ხაზი აღმოჩნდა, რომლის მიღებასაც საქართველოს არ პატიობენ. სასჯელის ზომები პერმანენტულად მატულობს საქართველოს წინააღმდეგ.

ევროკავშირის ოთხი ქვეყანა საქართველოსთვის სანქციების, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერებას მოითხოვს. მათი მოტივი ისაა, რომ ბრიუსელისგან არაერთი გაფრთხილებისა და თვეზე ხანგრძლივი ქუჩის პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა წინააღმდეგობრივი კანონი მიიღო. რაც შეეხება სასჯელს, მომავალ კვირას დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ქვეყნებს შორის საქართველოსთვის შემზღუდავი ზომების დაწესებას ითხოვენ ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი.

Financial Times-ის ინფორმაციით, განიხილება უვიზო რეჟიმის შეჩერება და ევროკავშირის სახსრების გაყინვა. გარდა ამისა, ევროპული ქვეყნები განიხილავენ საქართველოს მთავრობისთვის „სხვაგვარი ზომების გატარებასაც“. კერძოდ, გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომდევნო ეტაპზე გადასვლას.

პარალელურად, ამერიკაში „ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ სანქცირების კანონპროექტი მზადდება. მრავალი ვერსიაა, მხოლოდ „ოცნების“ ლიდერებს დაემუქრება სანქციები, თუ რიგით ქართველებზეც აისახება, მაგალითად, ხომ არ გამოყრიან ქართველებს ამერიკიდან?!

ასევე, ცნობილია, რომ EBRD და ADB შეაჩერებენ დაფინანსებას, რომელსაც მთავრობისთვის სარგებელი უნდა მოეტანა.

ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა უკან დახევას არ აპირებს. პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, როცა საზოგადოება დაინახავს, თუ ვინ დგას კონკრეტული ორგანიზაციების უკან, გაუჭირდებათ ამ ორგანიზაციებს, უხეშად ჩაერთონ რევოლუციურ პროცესებში. ამდენად, გამჭვირვალობას ექნება დამზღვევი ეფექტი.

ეკა ბესელიას აზრით, სანქციები რატომღაც მხოლოდ ფრენების აკრძალვა ჰგონიათ, პრაქტიკულად, ეს ადამიანის ცოცხლად მოკვდინებაა.

კახა კალაძის თქმით, წარმოუდგენელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პერსონალური სანქციები იმის გამო დაუწესდეთ, რომ თავიანთ ქვეყანაში კონკრეტულ კანონს იღებენ.

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელ პეტრე მამრაძის ინფორმაციით, კონგრესმენების ერთმა ჯგუფმა წამოიწყო ეს ამბავი, რომ კონკრეტული ადამიანების დასანქცირება მოხდეს საქართველოში. თუმცა მათ ავიწყდებათ ერთი რამ, თავის დროზე თავი მოიჭრა შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ, როდესაც დაასანქცირეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რადგან დასანქცირება ყოველთვის ითხოვს სამართლებრივ საფუძველს. ამ შემთხვევაში, გარდა იმ საფუძვლისა, რომ სააკაშვილის ბანდა ყვიროდა, რომ ეს არის „კლანი, კლანი, კლანი“, სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. ეს მით უფრო ცინიკური იყო, რადგან სააკაშვილმა საერთოდ გააუქმა საქართველოს სასამართლო, აქცია პროკურატურის მორჩილ და ყველაზე დაკნინებულ ფილიალად, პროკურორები უყურებდნენ მოსამართლეებს, როგორც ხელის ბიჭებს და გოგოებს, გამამართლებელი განაჩენები იყო მსოფლიოში რეკორდულად დაბალი- 0,1%, ანუ გაცილებით დაბლა იყო, ვიდრე ბრეჟნევის დროს, ტოტალიტარულ სისტემაში, როცა 20- 22% იყო გამამართლებელი განაჩენი. ამის შესახებ დაიწერა დასავლეთშიც, მათ შორის, ამის შესახებ წერდა ისეთი ავტორიტეტული ადამიანი, როგორც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში თომას ჰამარბერგი იყო. „ქართული ოცნების“ პირობებში კი, როცა საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის მაღალი ინდექსი აქვს, რომელიც აღემატება ევროკავშირის და ნატოს წევრი რიგი ქვეყნების სასამართლოს, ახლა დაასანქცირეს მოსამართლეები?! მაშინ უნდა დაედოთ დოკუმენტი, მაინცდამაინც ამ ადამიანებს რატომ ასანქცირებდნენ?

რაც შეეხება EBRD-სა და ADB-ს, პეტრე მამრაძე ამბობს, რომ მათი მხრიდან დაფინანსების შეჩერება საქართველოსთვის მძიმე არ იქნება, რადგან ეს არ არის დღევანდელი საქართველოსთვის დიდი თანხები. უბრალოდ, ეს იქნება კიდევ ერთი დასტური, რომ არ არის რეალური პარტნიორული დამოკიდებულება შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციის მხრიდან.

„პარტნიორებს ასე არ ექცევიან. წლების წინ ამერიკელი მეცნიერები, რომლებიც საქართველოს კარგად იცნობდნენ, წერდნენ იმაზე, პრეზიდენტი ბუში მთელ ფულს როგორ აბარებდა სააკაშვილს და მერე სააკაშვილი ბოკერიების მეშვეობით როგორ უნაწილებდა თავის „ენჯეოებს“. ამერიკელი მეცნიერები პირდაპირ ამბობდნენ, „ასე არ უნდა მოექცე მეგობრებს“. ერთი „გამჭვირვალობის კანონი“ მართლაც არ განსაზღვრავს საქართველოს საგარეო კურსს, ეს კანონი სულაც არ არის არსებითი კანონი საქართველოსთვის. ჩვენს ქვეყანაში არის სამოქალაქო კოდექსი, სხვა კოდექსები, ამდენად, ერთი კანონი გამჭვირვალეობაზე, ენჯეოებზე და ამ საკითხის გამუქება ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან ყოვლად სამარცხვინოა. იმის თქმა, რომ თურმე მხოლოდ ამ კანონზე ყოფილა დამოკიდებული საქართველოს შესვლა ევროკავშირში, ეს არის პოლიტიკური მაქინაცია, თაღლითობა და მოტყუება, ვითომ საქართველოში რუსეთის ბაზები არ დგას, ვითომ რუსეთმა არ ცნო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩვენი ორი რეგიონი და იქ რაკეტები და ტანკები არ განათავსა. ასეთ მძიმე დროს გვეუბნებიან ჰერჩინსკი და სხვები, გამჭვირვალობის კანონი რომ არა, თქვენ უკვე შესულნი ხართ ევროკავშირში, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული ევროკავშირში შესვლა, ნუ მიიღებთ ამ კანონს და უკვე ევროკავშირის წევრები ხართო, ეს ხომ გაუგონარი ტყუილია“, - აცხადებს პეტრე მამრაძე for.ge- სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდა რასაც ამბობს, ყოველთვის იმის საწინააღმდეგოდ ვითარდება მოვლენები.

ნაცები თავის დროზე ამბობდნენ და დღესაც ამბობენ, თურმე „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ ეხება სტუდენტურ სტიპენდიებს, გრანტებს, ემიგრანტების მხრიდან ფულად გადარიცხვებს, რაც ტყუილია. ამიტომ რასაც მათი ე.წ. ექსპერტები თუ სპიკერები ამბობენ, ყველაფერი უკუღმა უნდა წარმოვიდგინოთ“, - აღნიშნა გია აბაშიძემ ჩვენთან საუბრისას.