ქვეყნის ყველაზე “მდგრადი” მინისტრი უჩვეულო კონკურსს აცხადებს. ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სწორედ ამ ფორმით უნდა შეირჩეს. მართალია, ასეთი კონკურსი ქართველთათვის მეტად უჩვეულოა, მაგრამ თუკი ვინმეს “მდგრად” სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობა უნდა, მან თავი არ უნდა დაზოგოს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად კონკური უკვე გამოაცხადა. კონკურსის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ გააკეთა.
“ტურიზმის განვითარების მიმართულებით ჩვენ ახალ ეტაპს ვიწყებთ. ჩვენი ამოცანაა საქართველო ტურისტული ბაზრის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ ვაქციოთ, რისი რესურსიც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად გააჩნია. ჩვენ დღეს ვაცხადებთ კონკურსს, რომელმაც უნდა გამოავლინოს საუკეთესო პროექტი საქართველოს ტურიზმისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარებისთვის. ეს არის პირველი პრეცენდენტი, როდესაც საქართველოს მთავრობა მსგავს კონკურსს აცხადებს”, - განაცხადა ვერა ქობალიამ
მისივე თქმით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ყველა დაინტერსებულ პირს.
“სამუშაო ჯგუფს, რომელიც პროექტებს შეაფასებს, პირადად ვუხელმძღვანელებ. გარდა ამისა, გამარჯვებულის შერჩევა აქამდე არსებული პრაქტიკის შესაბამისად არ მოხდება და ნათესაური კავშირები გათვალისწინებული არ იქნება”, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისვებ-გვერდზე განთავსება, ინფორმაცია ასევე დაიდება ყველა იმსაიტზე, სადაც ვაკანსიების განთავსება შესაძლებელია.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელების ცვლა ეკონომიკის მინისტრების ხშირ ცვლას უკავშირდებოდა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში დეპარტამენტმა 4 თავმჯდომარე გამოიცვალა. მათგან ბოლომ, ზაალ აბაზაძემ, თანამდებობა ამ ერთი კვირის წინათ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა მას ამ ნაბიჯს გადადგმისაკენ თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისთვის დამახასიათებელი უხეში ფორმით მიანიშნა.
ექსპერტები ამ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განსაკუთრებით დიდ აქტივობას არ ვარაუდობენ. ალბათ იმიტომ, რომ ასეთი კონკურსები საქართველოსთვის უცხო ხილია.
ექსპერტი დავით ნარმანია ხელისუფლებას ურჩევს, სხვა უწყებების ხელმძღვანელებიც (მათ შორის, მაღალი რანგის თანამდებობის პირები) კონკურსის წესით გამოავლინოს.
“პრეცედენტის შექმნა იმასთან დაკავშირებით, რომ კონკურსის წესით უნდა შეირჩეს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, კარგია, იმიტომ რომ გვიჩვენა გამოცდილებამ, რომ ძალიან ხშირად იცვლებიან ჩვენთან საჯარო სამსახურში მაღალი თანამდებობის პირები და მერე ხშირად არის უკმაყოფილება მათ მიერ გამოცხადებულ საქმიანობებთან დაკავშირებით.
ამიტომ სჯობია წინასწარ ინახოს მათი კვალიფიკაცია კონკურსის საფუძველზე და ისე შეირჩეს, რომ არ გახდეს მალევე მათი გათავისუფლება საჭირო იმ მიზეზით, რომ ისინი ყოფილან არაკვალიფიციურნი”, - ამბობს ნარმანია.