ტურიზმის დარგი ერთ-ერთი საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული ვნებათაღელვა ყველაზე მწვავედ ამ სექტორში აისახა. ბიზნესის წარმომაგენელთა ერთი ნაწილი მძიმე სურათს ხატავს და მომავალს პესიმისტურად უყურებს, მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს და წელს გამორჩეული სეზონი გვექნება.
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ამტკიცებს, რომ ჯავშნების 20-25% უკვე გაუქმებულია.
„რაში გვჭირდება ეს კანონი? განა რა მოგება აქვს ქვეყნისთვის, რომ ამხელა რყევა გამოიწვია? ხელისუფლებას ჰგონია, რომ გარეთ ყველაფერი კარგად არის. 2 დღის წინ გვქონდა საუბარი და გვითხრეს, რომ რეალობას ვერ აღვიქვამთ და ვიტყუებით. ადამიანები, ვინც ჩვენ მიმართულებას კურირებენ, სირაქლემას პოზაში არიან, ვითომ არაფერი ხდება და პირიქით წინ მივდივართ“, - განაცხადა ალავერდაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.
ტურიზმის ალიანსის თანადამფუძნებელიც ამტკიცებს, რომ განთავსების ობიექტებში ჯავშნების მიღება შემცირებულია, უქმდება საერთაშორისო კონფერენციებიც. ეს ლოგიკური რეაქციაა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. შესაბამისად, თამუნა თანდაშვილი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, რომ მიიღოს შესაბამისი ზომები და შეწყდეს კანონის მავნე ზემოქმედება სამოქალაქო სექტორზე.
„ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციიდან ოფიციალური წერილი მოგვწერეს, რომელშიც გვეკითხებიან რა განწყობა აქვს სექტორს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, მოვიკვლევთ მიმდინარე პროცესებში ჩართული ორგანიზაციებისგან. წევრები აფიქსირებენ, რომ არ არის მზარდი ის ჯავშნები, რომლებიც ივლისის, აგვისტოს თვეებზე არის ხოლმე გათვლილი.
კვების ობიექტები აფიქსირებენ, რომ უქმდება საერთაშორისო ღონისძიებები, 5-10 თვის განმავლობაში დიდ მოთამაშეებში შეინიშნება ეს ტენდენცია. ქვეყანაში ფართომასშტაბიანი გამოსვლები შუქდება საერთაშორისო მედიის მხრიდან და ბუნებრივია იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებზეც ვაკეთებთ სწორებას, თავს იკავებენ ასეთ არასტაბილურ გარემოში მოგზაურობისგან.
ჩვენ ვთხოვთ, სახელმწიფო ორგანოებს მიიღონ ზომები, რომ შეწყდეს დაპირისპირება, ამ კანონის მავნე ზეგავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე და გავაგრძელოთ სვლა კვლავ იმ პოზიტიური ნიშნებით, როგორც წელი დაიწყო“, - განაცხადა თანდაშვილმა.
თუმცა არსებობს სრულიად სხვაგვარი მოსაზრება და დადასტურებული ინფორმაციაც. სასტუმრო „მერკურის“, „სვისსოტელის“ და „იბის სთაილის“ დირექტორი მაკა ცხომელიძე ამბობს, რომ მასთან ჯავშნები არ გაუქმებულა და თან კარგ სეზონსაც პროგნოზირებს.
„სასტუმრო „მერკურს“ ძირითადად სტუმრები ჰყავს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან, ევროპიდან. რაც შეეხება „სვისსოტელ თბილისს“ აქ ჭარბობენ ევროპელები, სტუმრები მეზობელი ქვეყნებიდან: თურქეთიდან, სომხებიდან და აზერბაიჯანიდან. ჩვენ ჯავშნები არ გაგვიუქმდა, თუმცა ახალი შეკვეთები ნაკლებია, ჯერჯერობით თავს იკავებენ.
თუ შევადარებთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, სასტუმრო „მერკურში“ ჯავშნები გაზრდილია 20-22%-ით, მოლოდინი გვაქვს, რომ 25-30%-ით გაიზრდება ზაფხულში. ჩვენ კარგ სეზონს ველოდებით“, - განაცხადა მაკა ცხომელიძემ.
2024 წლის საფხულის სეზონისთვის დატვირთვის პრობლემას ვერ ხედავს ვერც „ქორთიარდ მარიოტ ბათუმის“ მენეჯმენტ კომპანიის წარმომადგენელი მაია წერეთელი. ისიც ადასტურებს, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, ჯავშნების მეტი რაოდენობაა.
„ბათუმის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, წელს მოლოდინი ბევრად უკეთესია, ვიდრე შარშან გვქონდა, რადგან გასულ წელს ამ დროისთვის არ იყო იმდენი დადასტურებული ჯავშანი, რაც ახლა გვაქვს. ქუთაისის აეროპორტში საკმაოდ ბევრი ავიარესი დაემატა და ცხადია, ეს მოიყვანს მეტ სტუმარს. რამდენადაც ვიცი საუდის არაბეთი ამატებს პირდაპირ ფრენებს. ასევე, ჩინეთთან საზღვარი თუ გაიხსნა, მოსალოდნელია იქიდანაც ბევრი სტუმარი ჩამოვა. ვფიქრობ, ამ ზაფხულს დატვირთვა პრობლემა არ უნდა იყოს“, - აღნიშნა წერეთელმა და დასძინა, რომ საპროტესტო აქციები მთელი ევროპის მასშტაბითაა და საქართველოში არსებული ვითარება ჯავშნებზე არ იმოქმედებს.
„ასეთი ტიპის არეულობები, ევროპის მასშტაბით მთელი წლის განმავლობაშია. ჩვენ თავისუფალ გარემოში ვცხოვრობთ, ყოველთვის უნდა ჰქონდეთ ადამიანებს შესაძლებლობა რაღაც გააპროტესტონ, არა მგონია, ვინმემ თავისი მოგზაურობა გადადოს ამ აქციების გამო. იმედი მაქვს, ყველაფერი მწყობრში ჩადგება და ჯანსაღ მდგომარეობას დაუბრუნდება. ცხადია, რაღაც პატარა ტურბულენტობა შეიმჩნევა, მაგრამ ეს არ არის ისეთი სერიოზული, რომ ჯავშნებზე და სეზონზე იმოქმედოს. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, წელს იმაზე უკეთესი მოლოდინი გვაქვს, ვიდრე შარშან გვქონდა“, - დასძინა წერეთელმა.
შარშანდელთან შედარებით, გაუმჯობესებულ სიტუაციაზე ისაუბრა კავკასიის ტურისტული ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შენგელიამაც და განაცხადა, რომ ამ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედა ავიარეისების დამატებამ და აღდგენამ.
„ჩვენ რომელ ქვეყნებზეც ვმუშაობთ, მაგალითად, ისრაელიდან ძალიან მოიმატა ჩამომსვლელებმა. იქ მიმდინარე მოვლენების გამო ისრაელის მოქალაქეებისთვის საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად იქცა, ამიტომ ისრაელიდან არის ძალიან დიდი მატება. რეისები მაინც დატვირთული იყო იმ მიმართულებებზე, რომელზეც ჩვენი კომპანია მუშაობს. რაც შეეხება მიმდინარე ტურისტული სეზონის მოლოდინს, ეს უფრო დამოკიდებულია იმაზე რამდენად დაბალანსდება მოთხოვნა-მიწოდება. ახლა ივლის-აგვისტოს ფასები საქართველოს სასტუმროებში არნახულად მომატებულია და იმ შემთხვევაში, თუ ეს არ დაკორექტირდება, ჩვენი ბაზრებიდან შეიძლება შემცირება აღინიშნოს. სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, დადებითი ტენდენცია გაგრძელდება, საქართველო საკმაოდ მოთხოვნადია იმ ბაზრებზე, სადაც ჩვენი კომპანია ოპერირებს“, - განაცხადა შენგელიამ.
კარგ სეზონს პროგნოზირებენ სამთავრობო უწყებებშიც. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ნეგატიური მოლოდინის შექმნის მცდელობები სრულიად მოკლებულია საფუძველს.
„მინდა მივმართო თითოეულ ოპონენტს, რომელიც დღეს ცდილობს ემოციური ზემოქმედება მოახდინოს მცირე და საშუალო მეწარმეებზე. ნებისმიერი დეზინფორმაცია, ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ შეიქმნას ნეგატიური მოლოდინი ტურიზმის ინდუსტრიაში, პირველ რიგში, აზარალებს ჩვენს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ არიან ჩართულნი ტურიზმის ინდუსტრიაში, ასევე აზარალებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასაც“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა და დასძინა, რომ მიმდინარე წელს, ტურიზმის ინდუსტრია განსაკუთრებით წარმატებულია და პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველომ აღნიშნული სექტორიდან მიიღო 800 მილიონ დოლარზე მეტი, რაც რეკორდული შემოსავალია ერთი კვარტლის ჭრილში.