„სიურპრიზი არაა, რომ დამსჯელი ღონისძიებების გატარება განიხილება, თუმცა, არ მგონია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო დაეთანხმოს ასეთი მკაცრი ზომების გატარებას საქართველოსთან მიმართებაში“

„სიურპრიზი არაა, რომ დამსჯელი ღონისძიებების გატარება განიხილება, თუმცა, არ მგონია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო დაეთანხმოს ასეთი მკაცრი ზომების გატარებას საქართველოსთან მიმართებაში“

„ამბავი, რომ დამსჯელი ღონისძიებების გატარება განიხილება, აღნიშნული ადრეც მუსირებდა საინფორმაცია სივრცეში და ეს სიურპრიზი არ არის, თუმცა განხილვა ერთია, მეორე - გადაწყვეტილების მიღება. არ მგონია, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო დაეთანხმოს ასეთი მკაცრი ზომების გატარებას საქართველოსთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, იქნებიან მომხრეები, მაგრამ იქნებიან მოწინააღმდეეგიც“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

The Financial Times- დაახლოებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, სადაც წერს, რომ საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოვლენ - ვარიანტები უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, მიზანმიმართულ სანქციებსა და ევროკავშირის ფულადი სახსრების გაყინვას მოიცავს. ელოდებით თუ არა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების ფონზე, მსგავს შემხვედრ ნაბიჯებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან?

- შემხვედრი ნაბიჯი იქნება ის, რომ წლის ბოლოს არ გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე - ყველაზე მოსალოდნელი შედეგი ეს არის. რაც შეეხება სანქციების შემოღებას და უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, თუ პრაგმატულმა მოსაზრებამ გადასწონა, ალბათ, მათ ამ გადაწყვეტილებაზე უარი უნდა თქვან, მაგრამ თუ იმძლავრა ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც არის ბალტიის ქვეყნები და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ნეგატიუტად არიან განწყობილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ღონისძიებები გატარდეს.

ამის ფონზე, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ საქართველოში საპროტესტო ტალღა გაიზარდოს და მან უფრო ფართომასშტაბური სახე მიიღოს? მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ?

- პროტესტი, ალბათ, არ გაჩერდება, შეიძლება ეს ისეთივე ინტენსივობით არ იყოს, როგორც პირველ პერიოდში, მაგრამ პროტესტი იქნება. პროტესტის ინტენსივობა არ არის მხოლოდ ახალგაზრდების ენთუზიაზმე დამოკიდებული, არამედ იმაზე, რამდენად ექნება მას ფინანსურ-მატერიალური მხარდაჭერა.

ადრე გამომსვლელებს შეეძლოთ ესარგებლათ სცენით და სიტყვით მიემართათ აქციის მონაწილეებისთვის, რაც თავის მხრივ, საპროტესტო მუხტს მაღლა წევდა, მაგრამ ახლა სცენა მოიხსნა - სცენის გაწყობა და გამართვა სერიოზული თანხები ჯდება. თუ აქციებისთვის ფინანსური კომპენენტი არ იქნა უზრუნველყოფილი, არ მგონია აქციებმა დიდი მასშტაბი შეიძინოს, მაგრამ ოპოზიციას ახლა, უბრალოდ, არ შეუძლია აქციების მუხტის დაგდება, სავარაუდოდ, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პროტესტი გაგრძელდეს.

მთავარი აქ არის - მივაღწევთ თუ ვერა არჩევნებამდე? აზრი ორად არის გაყოფილი: მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი მომხრეა, ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდად მივიდეს და ხალხმა იქ გააკეთოს არჩევანი და ჰგონია, რომ არჩევნებში ხელისუფლება დამარცხდება, ან არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებენ და შემდეგ დაიწყება საპროტესტო აქციები.

თუმცა, არის ოპოზიციის მეორე ფლანგი, რომელიც ახლავე ითხოვს ტექნიკური მთავრობის შექმნას, რომელმაც არჩევნები უნდა ჩაატაროს, ასევე ცესკო-ს შეცვლას და ა.შ. რომელი პოზიცია გაიმარჯვებს, რთულია ამის წინასწარ პროგნოზირება. მგონია, რომ სასწორი გადაიხრება იმათ მხარეს, ვინც მომხრეა, რომ ქვეყანა მივიდეს არჩევნებამდე და არჩევნებმა გამოავლინოს გამარჯვებული, შემდეგ უკვე ქვეყანა მაინც დარჩეს კონსტიტუციური განვითარების ჩარჩოში.

საერთაშორისო პარტნიორები ხშირად აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რაც ოპოზიციას ერთგვარ სტიმულს აძლევს და ეს ცოტა არ იყოს, დამაფიქრებელია.

საინტერესო კითხვაა, მივალთ კი არჩევნებამდე? რამდენად არსებობს დღეს საზოგადოებაში რევოლუციური მუხტი?

- მთლიანობაში, საზოგადოებაში არ არის ისეთი განწყობა, რომ ქვეყანაში რევოლუციის გზით მოხდეს ცვლილება. სახელმწიფო ინსტიტუტები, მიუხედავად წარმოუდგენელი ზეწოლის და ბულინგისა, ჯერჯერობით, ჩამოშლის ნიშნებს არ ამჟღავნებენ, რაც ზოგადად, ხელს უწყობს ფერადი რევოლუციის მოხდენას. „ვარდების რევოლუცია“ იმიტომ იყო წარმატებული, რომ მისმა მონაწილეებმა მოახერხეს შიგნიდან სახელისუფლებო სტრუქტურების ჩამოშლა, რომლებიც ისედაც, მაინცდამაინც მყარი არ იყო. ასე რომ, არც ისე მარტივია, ხალხი რევოლუციაზე წამოიკიდო. ამასთან, საზოგადოებაში ასეთი მოლოდინია: თუ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდა, ეს აუცილებლად გამოიწვევს რუსეთთან კონფლიქტს, საქართველოს უფრო აქტიურ ჩართვას უკრაინაში მიმდინარე პროცესებში და ა.შ. - ეს საზოგადოებას აშინებს.

ბევრი საუბრობს, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებამდე ქართულ ოცნებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოგება გარანტირებული ჰქონდა, თუმცა ამ კანონპროექტის ხელახლა შემოტანით, მმართველი პოლიტიკური გუნდის გამარჯვების შესაძლებლობა ეჭვქვეშ დადგა. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას თქვენ?

- ჩემთვის ბოლომდე მაინც გაუგებარია ის ლოგიკა, რისთვის დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ ამ კანონის ხელახლა შემოღება. ყველა გამოკითხვა აჩვენებდა იმას, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს დამაჯერებლად იგებდა და ვერანაირი „ენჯეო“ სექტორი ამას წინ ვერ აღუდგებლობა. თუმცა, როგორც ჩანს, მმართველ პოლიტიკურ გუნდში, რაღაც ინფორმაცია ჰქონდათ იმაზე, თუ რა განზრახვა ჰქონდათ უცხოეთიდან დაფინანსებულ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და ოპოზიციურ მედიას არჩევებთან მიმართებაში - შესაძლოა ამაზე დაყრდნობით მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს.

ამ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება რომ არ მოეხდინა, ის მშვიდად მივიდოდა არჩევნებამდე და, დიდი ალბათობით, მოიგებდა კიდეც, მაგრამ ახლა უკვე, მან შეიძლება ეს არჩევნები მოიგოს, მაგრამ საკითხავია, რამდენით მოიგებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა მონაცემები, იანვარ-მარტში პარტიებისადმი შემოწირულობების შესახებ და ნაჩვენებია, რომ წინა წელთან შედარებით, „ქართული ოცნების“ შემოწირულობები დაეცა და მისი და „ლელოს“ მიერ მიღებული შემოწირულობები ერთამენთს გაუტოლდა - ესეც ერთგვარი ინდიკატორია იმის თუ რას ფიქრობს ამაზე ბიზნესი. რა ინფორმაციასაც ვეცნობი, ვხედავ, რომ ბიზნესი ამ კანონის შემოღებულით უკმაყოფილოა, რადგან თვლიან, რომ ამით მათ ზიანი მიიღეს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, ამ დარჩენილ 5 თვეში, „ქართული ოცნება“ რას გააკეთებს და რა ინიციატივას შესთავაზებს ამომრჩეველს, რაც იმეგაცრულებულ ამომრჩეველს მისკენ მოაბრუნებს.