საქართველოს უკრაინიზაცია - „იცვლება სიტუაცია ფრონტზე და შესაბამისად, იცვლება სიტუაცია პოლიტიკურ სცენარებში“

საქართველოს უკრაინიზაცია - „იცვლება სიტუაცია ფრონტზე და შესაბამისად, იცვლება სიტუაცია პოლიტიკურ სცენარებში“

უკრაინაში წარუმატებლობის ფონზე, აშშ-ის სამიზნე სამხრეთ კავკასია გახდა. საქართველოს და სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობას თუ გავითვალისწინებთ, დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი თემა, რასაც ჰქვია მეორე ფრონტის გახსნა. სამიზნე არის საქართველო და სომხეთი. ორივე შემთხვევაში აშშ და დასავლეთი პირდაპირ ჩართულია პროცესების რადიკალიზაციაში.

რამდენად მიღწევადია გეგმა, რასაც ჰქვია - ცეცხლის რკალის გაჩაღება, ამ ეტაპაზე რთული სათქმელია. თუმცა, სენატორი ტედ კრუზის განცხადებას თუ გავითვალისწინებთ, რეგიონს უახლოვდება ცეცხლის რკალი. როგორც ტეხასელმა სენატორმა ენტონი ბლინკენის მიმართვაში აღნიშნა, ეს ადმინისტრაცია მუდმივად ძირს უთხრის, ასუსტებს და თავს ესხმის ამერიკის მეგობრებსა და მოკავშირეებს.

„ბატონო მდივანო, თქვენ ხელმძღვანელობთ თანამედროვეობის უმძიმეს საგარეო პოლიტიკურ კატასტროფას. როდესაც ჯო ბაიდენი გახდა პრეზიდენტი, მან მემკვიდრეობით მიიღო მშვიდობა და კეთილდღეობა მსოფლიოში. ახლა ჩვენ გვაქვს ორი ომი ერთდროულად: ყველაზე საშინელი ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ყველაზე საშინელი ომი ახლო აღმოსავლეთში ბოლო 50 წლის განმავლობაში. მჯერა, რომ ორივე ომი გამოიწვია ამჟამინდელი ადმინისტრაციის თანმიმდევრულმა სისუსტემ“, - მიმართა სენატორმა სახელმწიფო მდივანს.

ტედ კრუზის თქმით, მოქმედი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა ზუსტად ეწინააღმდეგება იმას, რაც რაციონალური ამერიკული საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს მეგობრებისა და მოკავშირეებისთვის. სენატორი აქვე დასძენს, რომ დღევანდელი მსოფლიო გაცილებით საშიში გახდა ამ ადმინისტრაციის გამო და შედეგად, ამერიკელები აღარ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ.

აღსანიშნავია, რომ სწორედ აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგანანი იყო ერთ-ერთი ის მაღალჩინოსანი, რომელიც ლობირებდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. არაოფიციალური ინფორმაციით, როდესაც დეგანინი დახურულ კარს მიღმა ყოფილ პრემიერს აიძულებლდა დათანხმებოდა და ხელი მოეწერა საჰაერო სივრცის გახსნაზე, ის მოლაპარაკებას აწარმოებდა სწორედ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან. საკითხი, რომ საქართველომ გახსნას მეორე ფრონტის ხაზი ისევ ძალაშია.

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან მეორე ფრონტი, საქართველოს შეეშვან და დაანებონ თავი. მისი თქმით, ის დამოკიდებულება, რასაც საქართველო უკანასკნელი კვირებისა და თვეების განმავლობაში ხედავს, არ არის მეგობრობა და არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება.

„საქართველო იყო პირველი ქვეყანა, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, სადაც გამოვიდა ხალხი და გააკეთა თავისი გასაკეთებელი და სხვა ქვეყნებმაც გადადგან ნაბიჯი და გააკეთონ თავისი გასაკეთებელი. არაერთი ომი გამოგვივლია და საერთაშორისო მისიებში მიგვიღია მონაწილეობა, არაფერზე უკან არ დაგვიხევია, მაგრამ ის დამოკიდებულება, რასაც ვხედავთ ბოლო დღეებისა და თვეების განმავლობაში, ეს არ არის მეგობრობა, ეს არ არის ჯანსაღი ურთიერთობები და ქართველი ხალხი ამ ყველაფერს ხედავს.

რომ გამოდიოდით, თქვე დალოცვილებო და მოგვიწოდებდით სანქციებს მიუერთდითო, მეორე ფრონტი უნდა გაიხსნასო, ამ ყველაფერს გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო, ეს მოგონილი ხომ არ არის, თქვენ არ იყავით, რომ მოგვიწოდებდით ამ ყველაფერს?! თქვენ არ იყავით სააკაშვილის გამოშვებას რომ ითხოვდით და გვეუბნებოდით, თუ სააკაშვილს არ გამოვუშვებდით, ესე იგი ევროპულ ღირებულებებს ვშორდებოდით თითქოს? ეს არის დემოკრატია, ეს არის ევროპულობა? თქვენ ხართ პირველები, ვინც დისკრედიტაციას უწევთ ევროპას და ევროპულ მომავალს, თქვენი განცხადებებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც კალაძე აცხადებს, ის დამოკიდებულება, რომ ახლა საქართველო გამოყენებული იყოს ვიღაცის ინტერესებისთვის და აქ იგივე ვითარება და მდგომარეობა იყოს, რაც უკრაინაში ხდება, არ გამოვა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის თემა ხდება წამყვანი, თუმცა ამ შემთხვევაში ჩინეთის საკითხი არის აქტუალური - ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი სატრანზიტო გზა. მისი თქმით, თუკი ეს სატრანზიტო გზის გაფუჭება უნდათ, ამისთვის გამოდგება საქართველო და სომხეთი, როგორც აზერბააიჯანთან ახლოს მყოფი ქვეყანა.

„თუმცა, ვერ იტყვი, რომ ძალიან მშვიდობიანია დამოკიდებულება აზერბაიჯანის მიმართ. სატრანზიტო გზა - თუკი ეს არის მიზეზი, ვის აღიზიანებს ეს სატრანზიტო გზა? - ორი სუბიექტია ვინც ამ გზით შეიძლება უკმაყოფილო იყოს. ეს არის ამერიკა და რუსეთი. ამერიკა იმიტომ, რომ ამ გზით უნდა ისარგბელოს ჩინეთმა და ეკონომიურად გაძლიერდეს ჩინეთი, რისი დაშვება არ უნდა ამერიკას. მაგრამ რუსეთისთვისაც შეიძლება საინტერესო იყოს ის სცენარი, რომ ჩაიშალოს ეს ტრანზიტი. იმიტომ, რომ სატრანზიტო გზის ჩაშლა თუ მოხერხდა, მერე შანსი გაუჩნდება რუსეთს საიმისოდ, რომ დადგეს საკითხი რუსულ ტერიტორიაზე დაბრუნების. რუსეთისთვის ეს მილიარდებია.

ამ პირობებში ფიქრი იმაზე, ვინ როგორ მოიქცევა, ძნელი სათქმელია. იმიტომ, რომ იგივე ჩინეთმა თუ ნახა, რომ რუსეთი მოღონიერდა და ფაქტია, რომ უკრაინის ომის ბოლო მონაკვეთი უკვე რუსული არმიისთვის ისეთი დამანგრეველი როგორც დასაწყისი იყო, არ აღმოჩნდა, თუკი რუსეთი ხელახლა მყარ ნიადგას იპოვის და ფეხზე დადგება, ჩინეთიც უფრო ლოიალური იქნება რუსეთის მიმართ. თუკი რუსეთს არ აწყობს ტრანზიტის გვერდზე, კავკასიაზე გატარება, მაშინ ჩინეთიც შეიძლება არ აღმოჩნდეს კავკასიის ვარიანტის ერთგული, რაც ნიშნავს, რომ სრულიად სხვანაირი გადათამაშება წავა კავკასიის გარშემო“, - აცხადებს საყვარელიძე.

პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ სომხური თემის გადათამაშება რამოდენიმე მხარის ინტერესში იყოს. კერძოდ, ისიც, რომ სომხეთი მთლიანი კავკასიის დესტაბილიზაციად გადაიქცეს და აქვე არ გამორიცხავს, რომ სომხური თემა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს თურქეთისთვის.

„ასე რომ, არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთლიანად კავკასიის მორყევა შეიძლება ამ დიდ განადანაწილებაში. სხვანაირი ჩანდა დასაწყისში, როცა რუსეთი უფრო ჩამქრალი იყო და პრაქტიკულად, ანგარიშს არავინ უწევდა და სხვანაირი აღმოჩნდეს ახლა, როცა რუსეთი უფრო ღონიერია, ვიდრე ადრე იყო. იცვლება სიტუაცია ფრონტზე და შესაბამისად, იცვლება სიტუაცია პოლიტიკურ სცენარებში და შეიძლება რაღაცა ახალი სცენარები მზადდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ისტორიკოსი, ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხდებს, რომ გლობალური ომის პარტია მოწადინებული არის იქითკენ, რომ სამხრეთ კავკასიაში დაიწყოს ომი და მოხდეს რუსეთის ჩართულობა.

„იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს და ეს უნდათ მათ, რადგან მარცხდებიან უკრაინაში, მეტი გამოსავალი არ აქვთ - ერთადერთი მიზანია საქართველო ჩააბან ომში. ამაზე მეტყველებს ის ქმედებები, რომელიც მიმდინარეობს საკუთრივ საქართველოში და ეს არის ის, რაც არის ამ ე.წ. „არა რუსულ“ კანონთან დაკავშირებით. სინამდვილეში აქ მთავარია საქართველოს ომში ჩაბმა.

დიახ, აშშ-ის მიზანია, რომ ამ პროცესში არ გამოჩნდეს და ეს დაავალა ევროკავშირს. ნახეთ, როგორი განცხადება იყო ვენეციის კომისიის განცხადება - ეს იყო წმინდა პოლიტიკური განცხადება. მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ მოხდეს საქართველოს ომში ჩაბმა. რაც ქართველმა ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას. წინააღმდეგ შემთხვევაში გავნადგურდებით და დავიღუპებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

ბლოგერი, ანალიტიკოსი ლევან ადეიშვილი ფიქრობს, რომ დასავლეთს აქამდე სერიოზულად არ ჰქონია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა. თვითონაც ორჭოფობდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ სერიოზულად ამ საკითხზე მუშაობას დაიწყებდა იმის შემდეგ, როცა მიხვდებოდა, რომ უკრაინაში ომს აგებს და მაინც მოუწევდა სამხრეთ კავკასიაში გავლენის დათმობა.

„ნახეთ, რა ქნა აშშ-მა - ავღანეთიდან წამოვიდა, მაგრამ 80 მილიარდის იარაღი დატოვა. ჩვენს შემთხვევაში მათი მიზანია დატოვონ კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის და ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში. ის, რაც კალაძემ თქვა, ეს არის სწორი, რადგან პირდაპირ არ გვეუბნებოდნენ ომში ჩაებითო, მაგრამ მიგვანიშნებენ მათი სატელიტები, რომლებიც უკრაინაში ომობდნენ და პირდაპირ მოგვიწოდებნენ ომის დაწყებისკენ.

ეს კანონებიც არის ზეწოლის მექანიზმი, თორემ სულ რომ ციხეში გამოკეტონ ეს არასამთავრობოები ამაზეც ხმას არ ამოიღებენ. ამ გლობალური ომის ძალებისთვის მთავარია ჩვენ ჩავებათ ომში. ყველაფერი უნდა განვიხილოთ ამ კონტექსტში. ამიტომ, ზეწოლის ნებისმიერ მეთოდებს იყენებს და გამოიყენებს კიდევ, თან ყველაზე უღირსს და არასწორს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ადეიშვილმა.