იაფი ბენზინის შემოტანის შესაძლებლობა გაჩნდა, მაგრამ მალე ისევ შეიძრუდება

იაფი ბენზინის შემოტანის შესაძლებლობა გაჩნდა, მაგრამ მალე ისევ შეიძრუდება

რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვას დროებით აუქმებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში პირველ ივლისამდე იმოქმედებს, შემდეგ კი, რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი ისევ აიკრძალება. გამოდის, რომ ჩრდილოეთიდან მხოლოდ 40 დღით იხსნება ფანჯარა და ჩნდება იაფი ბენზინის შემოტანის შესაძლებლობა. ამით ქართველი იმპორტიორები ისარგებლებენ, მაგრამ რამდენიმე კვირაში ისევ ევროპულ არხებზე უნდა გადაერთონ. სავარაუდოდ, მალე საწვავი გაიაფდება, მაგრამ შუა ზაფხულში ისევ გაძვირდება.

როგორც დადგენილებაში წერია, რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა გადაწყვეტილება ბენზინის ექსპორტზე შეზღუდვების დროებითი მოხსნის შესახებ, რომელიც 30 ივნისის ჩათვლით იმოქმედებს. ამავე დადგენილებით, 1-ლი ივლისიდან შეზღუდვა კვლავ დაბრუნდება და 31 აგვისტოს ჩათვლით იქნება ძალაში.

რუსეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება საავტომობილო საწვავის შიდა ბაზრის გაჯერების გათვალისწინებით, ასევე საავტომობილო ბენზინის გადაჭარბების გამო ცალკეულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში გადამუშავების მოცულობის შემცირების თავიდან ასაცილებლად მიიღეს. ამასთან, საჭირო გახდა პორტების გათავისუფლება საწვავის იმ მოცულობისგან, რომლის ექსპორტიც დაგეგმილი იყო, მაგრამ შეზღუდვების დაწესების შემდეგ უშუალო მწარმოებლების მიერ არ იქნა ექსპორტირებული.

საინტერესოა, ამ გადაწყვეტილებით ისარგებლებს თუ არა საქართველო და ისევ დაიწყებს თუ არა ბენზინის შესყიდვას რუსეთიდან? ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვახტანგ იობაშვილის ინფორმაციით, ეს ყველაფერი ფასზეა დამოკიდებული. თუკი რუსული საწვავი ევროპულზე იაფი იქნება, მაშინ მათგან ბენზინის შემოტანა განახლდება.

„რუსეთი თავის პროდუქტს თუ არ მოგვცემს, ევროპულზე იაფად, მაშინ, ჩვენ არ წამოვიღებთ. თუ ფასდაკლებას არ შემოგვთავაზებს, რასაც თავიდან აკეთებდა, მაშინ არ გვინდა. რუსული და ევროპული საწვავი თუ ერთი და იგივე ფასი იქნება და ერთსა და იმავე რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ, მაშინ, რასაკვირველია, რუსეთში ყიდვას და აქ შემოტანას აზრი ეკარგება. ასე რომ, ჩვენ დაველოდებით რა ფასს შემოგვთავაზებს რუსეთი. სადაც საწვავი იქნება იაფი, სწორედ იქ შევიძენთ.

ვერ დავეთანხმები ვერც ერთ ექსპერტს, რომ ჩვენ რაიმე დეფიციტი შეგვექმნა რუსეთიდან ბენზინის იმპორტის შეზღუდვის გამო. შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი საშიშროება ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა, არ იქნება და არც მოსალოდნელია.

რუსეთში არის დეფიციტი იმიტომ, რომ გადამამუშავებელი კომპლექსები თანდათან ხელში ადნებათ. ახლა წავიდა იმაზე ლაპარაკი, რომ რუსეთი მოხსნის ემბარგოს და შემოგვთავაზებს, მაგრამ მინდა გითხრათ, თუ ის ჩვენ არ მოგვცემს კარგი ფასდაკლებით საწვავს და იქნება იგივე ფასი, რაც ევროპიდან მოდის, მაშინ რა აზრი აქვს?! უნდა მოგვცეს ფასდაკლებით და თუ არადა დავრჩებით ისევ ისე როგორც აქამდე ვიყავით“, - განაცხადა იობაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს შიდა სანავთობო ბაზარი სარკისებურად არის დაკავშირებული იმ მოვლენებზე, რაც საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარეობს.

აღსანისნავია, რომ 2024 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველომ უცხოეთიდან 422 მილიონი დოლარის ღირებულების 494 ათასი ტონა ნავთობი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თანხობრივად 32%-ით, ხოლო რაოდენობრივად 22%-ით მეტია.

"საქსტატის" ინფორმაციით, თუკი გასულ წელს ნავთობის იმპორტში რუსეთზე 67% მოდიოდა, 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი 43%-მდე დავიდა, რაც ბენზინის ექსპორტზე თავად რუსეთის მიერ დაწესებულ საექსპორტო შეზღუდვას უკავშირდება.

შედეგად, საქართველომ გაზარდა იმპორტი სხვა ქვეყნებიდან, მთლიანობაში იმპორტის მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

რუსეთი - 183.7 მილიონი დოლარი, 240 ათასი ტონა;

ბულგარეთი - 52 მილიონი დოლარი, 57 ათასი ტონა;

რუმინეთი - 52 მილიონი დოლარი, 61 ათასი ტონა;

აზერბაიჯანი - 33 მილიონი დოლარი, 40 ათასი ტონა;

საბერძნეთი - 23 მილიონი დოლარი, 22 ათასი ტონა;

თურქმენეთი - 19 მილიონი დოლარი, 22 ათასი ტონა;

ბელარუსი - 18 მილიონი დოლარი, 18 ათასი ტონა;

თურქეთი - 12 მილიონი დოლარი, 9 ათასი ტონა.

შესაბამისად, სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში საწვავის იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უფრო დივერსიფიცირებული გახდა.

აღსანიშნავია, კიდევ ერთი მოულოდნელი ინფორმაცია. 2024 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან უცხოეთში 24 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავის ექსპორტი განხორციელდა, ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42%-ით მეტია. სულ საქართველოდან ექსპორტირებული საწვავის მოცულობა 40 ათას ტონას შეადგენდა.

"საქსტატის" თანახმად, საქართველოდან ყველაზე დიდი მოცულობით საწვავის რეექსპორტი ნიდერლანდების, საბერძნეთისა და სომხეთის მიმართულებით განხორციელდა.