„კეზერაშვილი ნაძარცვი ფულის გაფლანგვას არავის შეარჩენს, ამიტომ მისი დათვლა და შედეგები მოითხოვა“ - რა პროცესები მიდის ოპოზიციაში

„კეზერაშვილი ნაძარცვი ფულის გაფლანგვას არავის შეარჩენს, ამიტომ მისი დათვლა და შედეგები მოითხოვა“ - რა პროცესები მიდის ოპოზიციაში

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტია „ახალის“ ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, გვარამია-მელიას კეზერაშვილთან შეხვედრის თემა მიმდინარე მოვლენები და საპროტესტო აქციები იქნება. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პროტესტის შედეგით და დახარჯული თანხებით უკმაყოფილოა. როგორც ცნობილი ხდება, კეზერაშვილი დახარჯული ფულის შედეგს ითხოვს, რომელიც ამ ეტაპზე ოპოზიციას არა აქვს. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ გვარამია და მელია გახდნენ ქვეყანაში მისი ფულის და სალაროს განმკარგველნი.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, ცალკეული პოლიტიკოსების უცხოეთში ვიზიტებზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ზუსტად იცის, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს.

ნიკა მელია ნიკა გვარამიასთან ერთად უცხოეთში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ დავით კეზერაშვილთან შეხვედრას არ გეგმავს.

„კეზერაშვილი რაც უფრო შორს იქნება ქართული პოლიტიკისგან, მით უკეთესი ქვეყნის მომავლისთვის“, - წერს მელია.

ნიკა მელიას რიტორიკას იმეორებს პარტია „ახალის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი, რომელიც განმარტავს, რომ ისინი კეზერაშვილთან შეხვედრას არ გეგმავენ, თუმცა სად იმყოფებიან მისი პარტიის ლიდერები, არ ამბობს და აღნიშნავს, რომ თავად გააკეთებენ განცხადებას.

ასევე, მედიისთვის კიდევ ერთი ინფორმაცია ხდება ცნობილი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში სათავო ოფისებს ხურავს. უცნობია რა არის ამის მიზეზი, რომ წინასაარჩევნოდ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია იმის მაგივრად, რომ დამატებით ოფისებს ხსნიდეს, მას კეტავს. მმართველ გუნდს ასევე აქვს ეჭვი, რომ კეზერაშვილმა ფულის დაზოგვა გადაწყვიტა, რადგან მიიჩნევს, რომ მისი თანხების უმიზნოდ გაფლანგვა ხდება.

ასევე, ცნობილია, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა მიმდინარე საპროტესტო აქციებით და მისი მუხტით უკმაყფილოა. რამდენიმე დღის წინ ბროსეს ქუჩაზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ოფისში დიმიტრი ჩიქოვანსა და ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერებს, მათ შორის იგორ ნარმანიას შორის საკმაოდ მძიმე საუბარი შედგა. ჩიქოვანმა ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მიაყენა და აგინა. კეზერაშვილის ცოლის ძმის გაღიზიანების მიზეზად, აქციებიდან სასურველი მუხტისა და შედეგის ვერმიღება სახელდება. ჩიქოვანი შეხვედრაზე აცხადებდა, რომ დემონსტრაციების ორგანიზებისთვის მას უკვე მილიონზე მეტი აქვს დახარჯული და შედეგს ვერ იღებს.

„ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიცია კრიზისშია და ამიტომ ჩადიან პატრონებთან მოსალაპარაკებლად. მისი განმარტებით, ოპოზიციაში ყველა ლიდერობას ცდილობს და ახლა უნდათ, რომ კეზერაშვილს მეტი ფული გამოართვან აქციებისთვის და რადიკალიზმისთვის.

„რეალურად, ოპოზიცია უკვე კრიზისშია, ამიტომ ჩავლენ პატრონებთან და დაიწყებენ მოლაპარაკებებს. ყველა ცდილობს თვითონ ილიდეროს, თვითონ ეკეკლუცოს პატრონებს. ამიტომ არის გვარამია-მელიაზე ინფორმაცია, რომ წავიდნენ უცხოეთში. თუ წავიდნენ, მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ იქ ვიღაცას ეკეკლუცონ და პატრონებს მეტი ფული გამოართვან. კეზერაშვილი ოფიციალურად აცხადებდა, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში. კეზერაშვილი ამ შემთხვევაში არის ფულის ყულაბა და სად უნდა წასულიყვნენ, აქციებისთვის და რადიკალიზმისთვის ფული სჭირდებათ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ კეზერაშვილი ნაძარცვი ფულის გაფლანგვას არავის შეარჩენს. მან ამ ერთთვიანი აქციებისთვის გარკვეული თანხა გამოყო, რომელიც სოლიდურ რაოდენობას უნდა აღწევდეს. ამიტომ შედეგის ვერ მიღებით გაბრაზებულმა კეზერაშვილმა, სავარაუდოდ, მისი დათვლა და აგნარიშის ჩაბარება მოითხოვა.

„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება 29 აპრილს გამოჩნდა, სადაც „ოცნების“ მიერ ირგანიზებულ მარშზე, მინიმუმ 200 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო 17 მაისს 500 ათასი ადამიანი გამოვიდა იმის დასტურად, ამ ქვეყანაში მხარს რას უჭერს. ამ ხალხისთვის „მამული, ენა, სარწმუნოება“ პირველ ადგილზეა. 17 მაისის ეს სახალხო შეკრება არ იყო არც თანხებთან დაკაშირებული და არც საორგანიზაციო საკითხებთან. წარმოიდგინეთ, ერთი თვის განმავლობაში კეზერაშვილის ფულს ხარჯავენ ხალხის გამოყვანაში, ფულის დარიგებაში, სტუდენტების და ლექტორების სტიმულირებაში, პერიოდულად ჩნდებოდა ესა თუ ის ცნობადი სახე, იქნებოდა ეს ჟურნალისტი, ხელოვანი, სპორტსმენი, რომლებიც თავის მხარდაჭერას ღიად აფიქსირებდნენ. არა მაქვს უფლება, ვივარაუდო, რომ ეს ხალხი ფულს იღებდა. ჩემი აზრით, ძალიან დიდი ფული დაიხარჯა კეზერაშვილის ყულაბიდან. შედეგი კი არაფერი იქნა მიღწეული“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ამ დახარჯულ ფულში ის გარე ლობისტებსაც მოიაზრებს, რომლებიც ბოლო დროს საქართველოზე და მის ხელისუფლებაზე სრულ შატაჟს და თავდასხმას ახორციელებენ.

„არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთ ამერიკელ, რიგით კონგრესმენს ამ აბსურდული წინადადების შემოგდების სანაცვლოდ და ქვეყანაში ხელოვნურად, პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად ფული აეღო. თითქოს და უკვე ამერიკა უვიზო მიმოსვლას თანხმდება, რაღაცა ფრენებიც კი დანიშნეს და ამაზე „ოცნება“ თურმე უარს ამბობს. ვინმე გამორიცხავს, რომ ცოტა ხანში ამერიკული კანონი „ფარა“ აი, ამ კონგრესმენზე, მის ლობიზმში გამოყოფილ თანხებს არ ასახავს, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობი ბიუჯეტის ქურდის, კეზერაშვილისგან იქნება გადახდილი?! არაფერი აღარ გამიკვირდება უკვე. არ ვიცი მელია და გვარამია მასთან რატომ შეიძლება წასულიყვნენ, დამატებით ფინანსების მისაღებად თუ ბარათების პინ კოდის გადასაცემად. ისიც შეიძლება, რომ უბრალოდ, ანგარიშის ჩასაბარებლად წავიდნენ, მაგალითად, ამ ერთი თვის განმავლობაში რა შედეგს მიაღწიეს“, - ამბობს ქართველიშვილი.

რაც შეეხება ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებას, ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ეს იქნება პირდაპირ ნაციონალებთან მიერთება და სხვა აქ არანაირი გაერთიანებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს.

„გამორიცხულია ოპოზიციის რაიმე გაერთიანებაზე საუბარი იყოს. აქ სააკაშვილის სიტყვების არ იყოს, შესაძლოა, პატარა პარტიუკების „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიერთებაზე იყოს ლაპარაკი. გამორიცხულია ბოკერია - ჩერგოლეიშვილი ვინმესთან გაერთიანდეს და რაღაცა კონსტრუქციულ პოლიტიკაზე დაიწყონ საუბარი. გამორიცხულია ისედაც ორად გაყოფილი „გირჩების“ გაერთიანება. წარმოიდგინეთ, ამათ ყველას აქვთ ლიდერობის ამბიცია, ყველას ჰყავს პრემიერ მინისტრის კანდიდატურის დაყენების სურვილი. პარტიული სიის ათეულში უნდათ ყველას ყოფნა. წარმოიდგინეთ, რა ბრძოლა შეიძლება გაჩაღდეს ამ სიებში მოსახვედრად და მინისტრთა კაბინეტების დაკომპლექტებისას. ამ ადამიანების გაერთიანების რესურსი არ არსებობს, ყველა საკუთარ თავს მთავრობის სათავეში ხედავს“, - ამბობს ქართველიშვილი.

ლევკოთეა მახსენდება მარიო პიუზოს ,,ნათლია"-დან ეპიზოდი, კონგრესმენისთვის ქრთამის მიცემა რომ დაიგეგმა, იტალიელისთვის ამერიკის მოქალაქეობის მისაღებად. მაშინაც კონგრესში კანონპროექტი უნდა შეეტანა კონგრესმენს. :)
მგონი, 3 თუ 5 ათასი დოლარზე იყო საუბარი.
უფრო იაფი იყო ერთი საუკუნის წინ კონგრესმენის ყიდვა. :)
3 კვირის უკან