„ლევერკუზენის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ევროპა ლიგის ფინალში ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც ესპანელმა აღნიშნა, მისი გუნდი თავდაჯერებულია და აქვთ პრინციპები, რისიც სჯერათ.
„ფეხბურთელები გრძნობენ ატმოსფეროს და ფანების ენერგიას. სტადიონი შესანიშნავია და დიდებული ატმოსფერო იქნება. ვიცით „ლევერკუზენის“ ფანების უზარმაზარი მხარდაჭერის შესახებ, ეს შაბათსაც ვიგრძენით. ხვალ მკაფიო გეგმა გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ გულშემატკივრების გასახარებლად.
შესანიშნავი გუნდი გვყავს. ჩემი ფეხბურთელები მზად არიან. მათ მთელი სეზონის განმავლობაში აჩვენეს, რომ ასეთი მატჩებისთვის მზად არიან. ყველანი თავდაჯერებული ვართ, ჩვენი მენტალიტეტი ძლიერია იმდენად, რომ შეგვიძლია ვთქვათ: „ამის გაკეთება შეგვიძლია“.
ფინალი ფინალია, ყოველთვის არაპროგნოზირებადი. ბოლო წლებში გასპერინის ხელმძღვანელობით „ატალანტას“ მკაფიო იდენტობა აქვს , ფეხბურთელებმა კარგად იციან მათგან რას უნდა ელოდონ და რა უნდა გააკეთონ. „ატალანტა“ აგრძელებს განვითარებას, უნიკალური მეთოდით თამაშობს. გასპერინის პირველად შევხვდები, ეს დიდი პატივია, რადგან გამოცდილი და ძლიერი მწვრთნელია. ჩვენ ერთნაირი სათამაშო სისტემა გვაქვს, მაგრამ ფეხბურთელების ხარისხში სხვაობაა. მათ ბევრნაირად შეუძლიათ პრობლემების შექმნა.
მთავარი იქნება, როგორ ვითამაშებთ უბურთოდ და როგორ რეაგირებას მოვახდენთ მათ შეტევებზე. თუმცა, ფინალში პირველ რიგში მნიშვნელოვანი მენტალიტეტია. ერთიანები უნდა ვიყოთ, პატივი უნდა ვცეთ იმას, რამაც აქამდე მოგვიყვანა.
როგორ მოვედით აქამდე დაუმარცხებლად? ეს არის საკუთარი თავის რწმენა, ამან საშუალება მოგვა აქამდე მოვსულიყავით. ვიცით, რომ რაღაცის შექმნა ყოველთვის შეგვიძლია, ეს თავდაჯერება და რწმენა მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რაც წელს გავაკეთეთ. ამ სეზონში ყველაზე მეტად მენტალური ასპექტით გავიზარდეთ. გვაქვს თავდაჯერება და გვჯერა ჩვენი პრინციპების“, - თქვა ალონსომ.
შეგახსენებთ, რომ „ატალანტასა“ და „ლევერკუზენის“ მატჩი 22 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.