ტატო გრიგალაშვილმა ზედიზედ მესამედ მოგებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს ყველაფერი ერთიანობის შედეგია და ნაკრებში შესანიშნავი ატმოსფეროა.
„ძალიან გახარებული ვარ, მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, მწვრთნელებს, ექიმებს, ფედერაციას და ბედნიერი ვარ. ჩემს ბრძოლებზე და კონკრეტულ მეტოქეზე ვარ კონცენტრირებული, ეს არის ჩვენი ამოცანა, ნაბიჯ-ნაბიჯ კონცენტრირება.
აღვნიშნავ იმას, რომ ყველა ჩართული იყო პროცესში, კონკრეტულ შეჯიბრზე იყო ყველა კონცენტრირებული. მთავარი ისაა, რომ ქართველებს ერთიანობა გვიყვარს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვისი წარმატება გაგიხარდეს, როცა ასეა, შენც წარმატებას უფრო მარტივად მიაღწევ. მეც, სარდალაშვილსაც და ყველას ერთმანეთის წარმატება გვიხარია და ამაზე ვზრუნავთ. ამიტომ ვართ ჩვენ ქართველები მაგარი ხალხი.
რა თქმა უნდა, მე ხომ მიხარია წარმატება, მაგრამ ჩემზე მეტად უხარიათ გუჯეჯიანს, ქევხიშვილს, გულშემატკივრებს, რომლებიც დარბაზში არიან და ეს იგრძნობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს წარმატებებში. ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის ნდობა, როცა ვიღაცას შენთვის კარგი უნდა და ეს იცი, მისი რჩევებისაც გჯერა“, - თქვა გრიგალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მეოთხედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში: 2021 წელს ის ვერცხლს დასჯერდა, მაგრამ 2022 და 2023 წლებში მსოფლიოს ჩემპიონობა მოახერხა, ასე რომ, ზედიზედ მესამედ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, რაც საოცარი შედეგია. ტატო გრიგალაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელიც სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.