უკრაინა ხარკოვს კარგავს - ზელენსკი ისევ შეიარაღებას ითხოვს

უკრაინა ხარკოვს კარგავს - ზელენსკი ისევ შეიარაღებას ითხოვს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ უკრაინა რთულ პერიოდს გადის, თუმცა აშშ-ის დახმარება უკვე გზაშია, რაც გადამწყვეტი იქნება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ენტონი ბლინკენის ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი ჩარლზ ბრაუნი აცხადებს, რომ ამერიკა ამჟამად არ გეგმავს უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნას და ამას, სავარაუდოდ, მხოლოდ მაშინ გააკეთებს, როცა რუსეთთან ომი დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ჰყავდა დაახლოებით 150 სამხედრო ინსტრუქტორი უკრაინის ტერიტორიაზე. რუსეთი ხარკოვის მიმართულებით ინტენსიურ ავიაიერიშებს განაგრძობს. გამოცემა „ეკონომისტი“ სამხედრო გეგმებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსები ხარკოვის ნაწილობრივ ალყაში მოქცევას აპირებდნენ. წყაროსავე ცნობით, ოპერაცია 15-16 მაისს იგეგმებოდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, თითქმის ერთი კვირით გადაიდო.

„ეკონომისტი“ ასევე აღნიშნავს, რომ ვოლჩანსკის მიმართულებით რუსეთის გეგმა იყო ქალაქ პეჩენგამდე გარღვევა. ომის კვლევის ამერიკულ ინსტიტუტში კი ამბობენ, რომ რუსული არმია ხარკოვის პარალელურად ძალების კონცენტრაციას სუმის ოლქის მიმართულებითაც ახდენს, მიზანი კი ფრონტის ხაზის გაფართოებაა. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინი ომისთვის წელიწადში 120 მილიარდ დოლარს ხარჯავს. გამოდის, რომ ის მშპ-ის დაახლოებით 5.4%-ს ომზე ხარჯავს. ევროკავშირის დახმარება უკრაინისთვის ომის ორი წლის განმავლობაში 88 მილიარდ დოლარს მშპ-ს 0.25%-ს შეადგენს. რაც შეეხება ამერიკული დახმარებას, ომის ხარჯის შეფარდება არის 2.5%.

ოფიციალური ინფორმაციით, რუსები უკრაინას 300 თვითმფრინავით უტევენ, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი მთლიანად აკონტროლებს საჰაერო სივრცეს. უკრაინა კი დასავლეთისგან კვლავ უშედეგოდ ითხოვს რუსეთის მოსაგერიებლად 120-130-მდე თვითმფრინავს. პრეზიდენტის თქმით, თუ დასავლეთი ახლა ვერ ახერხებს ამის უზრუნველყოფას, მაშინ გადასცენ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის და F16 ავიაგამანადგურებლები, რომელიც ნატოს წევრ ქვეყნებს აქვთ. ვოლოდიმერ ზელენსკის განცადებით, ახლა ფრონტზე სიტუაცია ძალიან რთულია. ხარკოვზე რუსეთის შეტევის ახალი ტალღა დაიწყო. ასევე ძლიერია აგრესიის ტალღა დონბასში.

„მოკავშირეების გადაწყვეტილებები ერთი წლით იგვიანებს - ყველა შეეჩვია იმ ფაქტს, რომ უკრაინელები კვდებიან. მსურდა, რომ უკრაინის პარტნიორები უფრო პირდაპირ ჩართულიყვნენ ომში, მაგრამ მესმოდა, რომ ისინი უფრთხილდებიან რუსეთის ანტაგონიზაციას. ყველას ეშინია ესკალაციის. ყველა შეეჩვია იმ ფაქტს, რომ უკრაინელები კვდებიან - ხალხისთვის ეს ესკალაცია არ არის. უკრაინას საკუთარი ცის დასაცავად, მინიმუმ, 120 -130 საბრძოლო თვითმფრინავი სჭირდება. თუ ქვეყნებს თვითმფრინავების დაუყოვნებლივ მიწოდება არ შეუძლიათ, მათ შეუძლიათ თვითმფრინავებით, რომლებიც ნატო-ს მეზობელ ქვეყნებში ჰყავთ, რუსული რაკეტები მოიგერიონ და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვან. გამოიყენეთ ისინი, ჩამოაგდეთ სამიზნეები, დაიცავით მშვიდობიანი მოსახლეობა. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება? მე დარწმუნებული ვარ, რომ კი. არის თუ არა ეს ნატო-ს ქვეყნების მხრიდან თავდასხმა, ჩართულობა? - არა“, - აღნიშნა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

თავის მხირივ რუსი ოპოზიციონერი, მიხაილ ხადარკოვსკი აცხადებს, რომ მოცემული მდგომარეობით, უკრაინამ ომი წააგო და იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინელები წინააღმდეგობას გააგრძელებენ, ორი წლის განმავლობაში დიდ ქალაქებსაც დაკარგავენ.

„ჩემს უკრაინელ მეგობრებს ვთხოვ ყურებზე ხელი აიფარონ. ბატონებო, თქვენ პრაქტიკულად წააგეთ ომი უკრაინაში, უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი ომამდე 160 მილიარდი დოლარი იყო. რუსეთის - 2.2 ტრილიონი. ომის დასაწყისში უკრაინისა და რუსეთის მოსახლეობის შეფარდება 40 მილიონი 142 მილიონთან იყო, ანუ 3.5 ერთთან. როგორ უნდა იბრძოლონ ასეთი შეფარდების პირობებში? მომარაგებისა და ძალების ასეთ პირობებში?

უკრაინა წლის ბოლომდე ხარკოვს დაკარგავს, შემდეგი წლის შუა ნაწილში კი ოდესას. 2026 წლის დასაწყისისთვის უკრაინა პარტიზანულ ომზე გადავა. ლვოვს შეინარჩუნებს თუ იქ ნატოს ჯარები შევლენ პოლონეთის სახით. და ეს ყველაფერი საუკეთესო სცენარია, თუ უკრაინელები ყველაფრის მიუხედავად, გმირულად გაუწევენ წინააღმდეგობას, სხვა შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით სწრაფად მოხდება“, - აცხადებს მიხაილ ხადარკოვსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კიევი აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გამოიყენონ თავიანთი იარაღი რუსულ სამხედრო ტექნიკაზე დასარტყმელად და შემდგომში რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, ამ საკითხთან დაკავშირებით დადებითი ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, ამჟამად ბრძოლის ველზე ვითარება ძალიან რთულია, თუმცა კონტროლირებადი.

პოლიტოლოგის, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარის თამარ კიკნაძის განცხადებით, როდესაც სახელმწიფო ომს იწყებს სხვის იმედად, ეს ყოველთვის ძალიან ცუდად მთავრდება. მისი თქმით, პოლიტიკური პროცესები დინამიურად მიდის, რომ დღეს ერთი დღის წესრიგია, ხვალ მეორე. ამიტომ, როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ზელენსკის და მისი ხელისუფლების გადაწყვეტილებები არ იყო მიმართული უკრაინული სახელმწიფოს საკეთილდღეოდ.

„დიდი პოლიტოლოგობა და სამხედრო ექსპერტობა არაა საჭირო იმისთვის, რომ გაგეთვალა როგორ დამთავრდებოდა რუსეთ-უკრაინის ომი. საერთაშორისო ურთიერთობების და საერთოდ, პოლიტიკის ძირითადი დანიშნულება არის, რომ რაც შეიძლება, შენი ქვეყანა მოარიდო ხიფათს, საფრთხეს და უსაფრთხოდ ამყოფო. ძალიან კარგად ვიცით, რომ უკრაინის უკან იდგა მთელი დასავლეთი.

უკრაინა, ეს არის პროქსი სახელმწიფო, რომელიც გამოიყენებოდა რუსეთთან საბრძოლველად, სადაც უკრაინის ინტერესი არ იყო გათვალისწინებული. ამაზე ჯერ კიდევ „მაიდანიდან“ დაწყებული ვალაპარაკობდი. მე, როგორც ამ დარგის სპეციალისტი, ამას ყოველთვის უარყოფითად ვუყურებდი და ვიცოდი, რომ ასეც იყო მოსალოდნელი.

მთელ ამ პერიოდში, დასავლეთი იმდენ შეიარაღებას აწვდის უკრაინას, რომ მან იბრძოლოს და არა გაიმარჯვოს. იგივე, ის მთელი რიგი შეზღუდვები, რომ რუსეთის ტერიტორიაზე თურმე ეს ჭურვები არ უნდა გამოიყენო, იმიტომ, რომ ნატო პირდაპირ ჩაებმებოდა რუსეთთან ომში და ა.შ. ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების მისწრაფებას, რომ არ იყოს ომში ჩართული, მივესალმები. ეს კომპროდარული ოპოზიცია სხვის ინტერესებს ატარებს და უკრაინა არის ძალიან კარგი მაგალითი ამისათვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ თუ ოფიციალური ინფორმაციები რეალობას შეესაბამება და არ არის დეზინფორმაციული ნაკადი, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ იმ გარემოების შესახებ, რომ ერთი მხრიდან არის, გარკვეულწილად, უკრაინის წაქეზება, რეალური ოპერატიული ვითარებიდან ამოგდების მცდელობა, ცრუ იმედების მიცემა და მეორე - განცხადებაში ცალსახად ვუყურებთ პასუხს, რომლის მიხედვითაც შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ აშშ-ის ინტერესებში უკვე აღარ შედის ისეთი ქმედებები, რომელსაც ომის პირველ და მეორე ფაზაში ახორციელებდა.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, რუსეთის ფედერაცია, ალბათ, უკრაინის დედაქალაქზეც განახორციელებს იერიშს. გარკვეული მოძრაობები და საევაკუაციო პროცესები უკვე დაწყებულია და ძალიან ძნელია ძალით შეინარჩუნო ადგილობრივი მოსახლეობა რომელიმე ტერიტორიაზე. პრაქტიკულად, ყველა ის პროცესები, რაც ბოლო პერიოდში უკრაინაში მიმდინარეობს, ეს არის საზოგადოების და შეიარაღებული ძალების დემორალიზაციის მნიშვნელოვანი საფუძველი. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად, პანიკა და შიში სუფევს და ადამიანები უსაფრთხო ადგილების ძებნით არიან დაკავებული. ამიტომ, რაც არ უნდა სამხედრო რეჟიმით მოხდეს ადამიანთა შეკავება, პრაქტიკულად, ძალიან ძნელი იქნება ამის განხორციელება იმის ფონზე, რაც უკრაინაში ხდება და მით უმეტეს ძალით განხორციელებულ მობილიზაციას, ვფიქრობ, რომ არ ექნება ხელსაყრელი პირობა ვითარების გამოსასწორებლად“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.