ხელისუფლების სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები ხმამაღლა ალაპარაკდნენ იმ სპეკულაციებზე, რამაც წინა კვირას ლარის კურსის მკვეთრი რყევა და ქართული კომპანიების აქციების ვარდნა გამოიწვია. დასახელდა კონკრეტული გვარები, რომლების დეზინფორმაციის გავრცელებაში არიან ჩართულნი.
უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ თანამშრომლის, ირინა გურულის მიერ, „ბიბისის“ ბიზნეს პოდკასტისთვის მიცემულ ინტერვიუზე, სადაც ავტორის მიერ საერთაშორისო მედიის საშუალებით საქართველოზე გავრცელებული დეზინფორმაციის მიზანი, ქვეყანაში არასტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნა იყო.
„ეკონომიკური პოლიტიკური კვლევის ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, 13 მაისს განიხილა თემა - დააზიანებს თუ არა ახალი კანონი საქართველოს ეკონომიკას. მმართველ გუნდში ამბობენ, ე.წ. სტენფორდის ჯგუფისა და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ერთობლივი მოქმედების შედეგია ის, რომ 15 მაისს ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასები დავარდა. ეს ყველაფერი, „ქართული ოცნების“ თქმით, ხელოვნურად იყო ორგანიზებული.
მმართველ გუნდში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ევგენიძესაც ახსენებენ. ამბობენ, რომ საპროტესტო აქციებზე ევროპელი პოლიტიკოსების მიყვანა სწორედ მისი ორგანიზებით მოხდა. ეს უკანასკნელი, „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებით, „სტენფორდის ჯგუფის“ ხმაშეწყობით, ქართველი მოსამართლეების სანქცირების პროცესშიც იყო ჩართული.
ფაქტი, რომ დარგმა სპეკულაციური პროცესების გავლენა განიცადა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დაადასტურა. თუმცა, კონკრეტული ძალების მიერ ხელოვნურად შექმნილი ქაოსის გამო აქციების ვარდნა მოკლევადიანი აღმოჩნდა. ოპონენტების მცდელობის მიუხედავად, ეროვნული ვალუტის სიმყარესაც საფრთხე არ ემუქრება.
„არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ გრძელვადიანად ლარის კურსს რაიმე ემუქრებოდეს და გაუფასურების ტენდენციით ხასიათდებოდეს. ასევე შეგახსენებთ, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ლარი ისტორიულად გამყარებულია და ამან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ინფლაციის შემცირებაში.
მომდევნო რამდენიმე დღეში ბაზარი კვლავაც გაწონასწორდება. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ეს პროცესი გარდაუვალია. პირველ რიგში, არც ერთი მაკროეკონომიკური, ფუნდამენტური ფაქტორის გაუარესება, რომელიც ზოგადად, ზემოქმედებს ლარის კურსზე, დღეს ჩვენ არ გვაქვს. ეს ფუნდამენტური ფაქტორებია, მაგალითად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი არ გაუარესებულა და პირიქით, ერთ-ერთი საუკეთესოა ბოლო წლების განმავლობაში; კვლავაც მაღალია ეკონომიკური ზრდა, დაბალია ინფლაცია; სავალუტო შემოდინებები კვლავაც სტაბილური და ძლიერია. არაფერი არ მიანიშნებს იმაზე და არ განაპირობებს, რომ გრძელვადიანად ლარის კურსს რაიმე ემუქრებოდეს და გაუფასურების ტენდენციით ხასიათდებოდეს“, - განაცხადა თურნავამ.
ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა მან საფინანსო სექტორთან მიმართებაშიც და აღნიშნა, რომ სექტორი მდგრადია და მის გარშემო აჟიოტაჟი დიდწილად ხელოვნურად იყო შექმნილი.
„ყველა კეთილსინდისიერმა ექსპერტმა იცის, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკების აქციების ფასს ახასიათებს მერყეობა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნებისმიერი სიახლე, ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის შესახებ, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, ასევე თავად ბანკების შესახებ, ყველაფერი მყისიერად მოქმედებს აქციებზე.
მაგალითად, ამ წლის დასაწყისში „საქართველოს ბანკის“ აქციები ივაჭრებოდა 37-40 ფუნტად, ანუ იმაზე უფრო დაბალ ფასში, ვიდრე დღეს არის. ამ შემცირების შემდეგ ისევ დაიწყო აღდგენა ფასმა და უკვე 41 ფუნტი იყო. რაიმე კრიტიკული და განსაკუთრებული, რაც ჩვენს საფინანსო სექტორს დაემუქრება, ნამდვილად არ არსებობს “, - განაცხადა თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის გაკეთებულ განცხადებას იზიარებენ სპეციალისტებიც. „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელის გიორგი აბაშიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით სწორედ ასეთი აჟიოტაჟური ტიპის ვითარება იყო შექმნილი.
„მსოფლიოში არაერთი, ათეულობით თუ არა, ასეულობით მაგალითი შეიძლება იყოს მოყვანილი იმისა, თუ როგორ შეიძლება ინსპირირებულად, რამდენიმე მცირეხნიანი კრიზისული, აჟიოტაჟური ვითარება შექმნა ბირჟაზე. საქართველოს „ქეისთან“ დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი აჟიოტაჟური ტიპის ვითარება იყო, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი წინ არ უძღოდა აღნიშნულ აჟიოტაჟს, ვითარება, როგორც წესი, ბუნებრივად სწრაფად დარეგულირდა“,- აღნიშნა აბაშიშვილმა.
წინა კვირაში შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურნენ მთავრობაშიც. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის შეფასებით, პანიკის დათესვის მცდელობა და განცხადებები, რომ ჩვენი ეკონომიკა შევიდოდა კრიზისში, მიზანმიმართული პროცესია საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად.
ამის მიუხედავად, საქართველოს საბანკო და საფინანსო სისტემა, ეკონომიკური პროცესები დღეს ჯანსაღია, ფინანსური ინსტიტუტები მდგრადია და ყველა დაინახავს, რომ სავალუტო კურსიც და საფინანსო სისტემაც შეინარჩუნებს სტაბილურობას. ლევან დავითაშვილის შეფასებით, მოსახლეობასაც აქვს თავისი გამოცდილება და ოპონენტების გამოსვლების გამო მარტივად მანიპულირებადი არ არის.
„სამწუხაროდ, ახალი არ არის, როდესაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, შეტევა მიიტანონ ყველაფერზე და ამ შემთხვევაში, ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური საკითხი, აქ არის მიზანმიმართული პროცესი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად, მათ შორის, მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია ინვესტორების განწყობების შეცვლისკენ, რაც შემდგომ, რა თქმა უნდა, აისახება ეკონომიკურ პროცესებზე.
ასეთი მოწოდებები და განცხადებები ყოველთვის ნეგატიურად მოქმედებს ინვესტორებზე და აისახება, მათ შორის, საბირჟო ფასებზეც, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ჩვენი ეკონომიკის ფუნდამენტური მონაცემები არის ძალიან ჯანსაღი და ამ ყველაფერს არ აქვს ობიექტური საფუძველი, ეს არის ყოველთვის მოკლევადიანი პანიკის დათესვის მცდელობა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, ბირჟაზე აქციების ფასის ვარდნა იყო ძალიან მოკლევადიანი, რომელმაც შემდგომში მალევე აიწია და დღეს ეს ფასები სტაბილურია.