პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრისას მხარდაჭერა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული პროექტის მიმართ მხოლოდ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა - რომან გოცირიძემ და სანდრო რაქვიაშვილმა გამოხატეს. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დაუბრუნა.

მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს და ამასთან, სრულად იზიარებს „საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ ეს არ იყო მოტივირებული შენიშვნები. მთლიანად ამოღებული იყო დამტკიცებული ცვლილება და პრეზიდენტის სამოტივაციო ნაწილი სრულად ეყრდნობოდა ე.წ. დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს, თუმცა მათი ვინაობა დაკონკრეტებული არ იყო და ამ ნაწილთან დაკავშირებით კითხვა კომიტეტის სხდომაზეც, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ უპასუხოდ დარჩა.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკითხი პოლიტიკური გახდა, რადგან „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება დროში დაემთხვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს და ამას ადასტურებს ისიც, რომ კანონპროექტის პირველი და მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვებისას, ასევე, პლენარულ სხდომაზე პირველ მოსმენაზე, ოპოზიციის მხრიდან კითხვები არ დასმულა.

„მხოლოდ სესიაზე მეორე მოსმენისას, სავარაუდოდ, მიიღეს მითითება, რომ ე.წ. ოფშორების კანონი კარგი იქნება თემის ასაწევად და გამჭვირვალობის კანონთან დასაკავშირებლად. ოფშორული ზონების უმეტესობა შექმნილია დასავლეთის იურისდიქციის ქვეშ, კონტროლდება მათ მიერ და, შესაბამისად, გამორიცხულია დასავლეთიდან შემოვიდეს დასანქცირებული რუსული ან შავი ფული, რასაც ოპოზიცია ამბობს“, - აცხადებს პაატა კვიჟინაძე.

აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ ოფშორულ კომპანიებს, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე საქართველოში ფლობენ კომპანიებს. გარდა ამისა, კანონის მიღების შემდეგ რეგისტრირებულ ბიზნესზე შეღავათები არ გავრცელდება. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ა-ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში 3200-მდე კომპანიაა, მათ შორის საკმაოდ ცნობილი, რომლებიც წილებს ოფშორებში ფლობენ. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ მოხდება ოფშორებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანა, უმრავლესობის წევრების განმარტებით, ქვეყანაში გაიზრდება ინვესტიციები და ასეთი კომპანიების საქმიანობა გახდება კიდევ უფრო გამჭვირვალე.

„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის ავტორი უმრავლესობის წევრები არიან, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი, სანქციების შემთხვევაში, სიფრთხილის ზომებს იღებს.

ევროპარლამენტარი ეჭვობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მასობრივად გააყალბებს მომავალ არჩევნებს, რაც ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს გამოიწვევს. კრამონის ეს განცხადება იყო ერთგავრი გაფრთხილება, რაც მალევე აიტაცა რადიკალურმა ოპოზიციამ და დაიეყო მტკიცება, რომ ივანიშვილი სიფრთხილის ზომებს იღებს. სწორედ კრამონის ამ ხმაურიანი განცხადების შემდეგ გვამცნო პრეზიდენტმაც, რომ ვეტო გარანტირებულია. პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი მომავალ კვირას დაძლევს.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოფშორში რეგისტრირებულ ქართულ კომპანიებს ახლაც შეუძლიათ დაბრუნდნენ საქართველოში, ერთი სხვაობა რასაც ეს ე.წ. ოფშორების კანონი ადგენს, არის ის, რომ თუ დაბრუნდებიან, გადასახადს არ გადავახდევინებთ.

„მომავალ სასესიო კვირას პარლამენტი დაძლევს ამ ვეტოს, რა თქმა უნდა, რომელიც აქაც კიდევ ერთხელ აჩვენებს აბსოლუტურ აბსურდს ამ პროექტის გარშემო დისკუსიისა. თავად ვეტოშიც ამ აბსურდზეა დამყარებული მთელი ეს არგუმენტაცია, თითქოს რაღაცა შავი ფული უნდა შემოვიდეს, თითქოს სანქცირებული ფული უნდა შემოვიდეს და ა.შ. ეს არათუ ტყუილია, საერთოდ არც კი ამოიკითხება ამ კანონიდან.

სინამდვილეში საუბარია ოფშორში რეგისტრირებულ იმ კომპანიებზე, რომლებიც ქართული კომპანიებია თავისი არსით და რომლებსაც საქართველოშიც აქვთ კომპანიები და ამ კანონით ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დაბრუნდნენ საქართველოში. ვინაიდან ჩვენ გვჭირდება მათ შორის ინვესტიცია, რაც შეიძლება მეტი ფულის შემოტანა იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა გაიზარდოს, ეს კანონი არის ერთჯერადი წახალისება ამ კომპანიებისთვის, რომ დაბრუნდნენ საქართველოში“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის მტკიცებით, კანონპროექტი აჩენს რისკებს, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ისეთი წარმომავლობის ქონება, რომლის წარმომავლობაც დადასტურებული არ იქნება. თუმცა, რის საფუძველზე გაუჩნდა პრეზიდენტს ეს საფრთხე, ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი არ აკონკრეტებს. მსხილაძის თქმით, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ყველაზე დიდი რისკი ისაა, რომ ცვლილებები არც კერძო სექტორთან, არც ბიზნესთან და არც ექსპერტებთან განხილული არ ყოფილა და დაჩქარებული წესით მიიღეს.

„ყველაზე მთავარი რისკი, რომელსაც „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები იწვევს, ისაა, რომ არაა დასაბუთებული, რისთვის კეთდება ეს ცვლილებები. დაჩქარებული წესით იყო მიღებული და სათანადო დასაბუთება არ ახლავს. შესაბამისად, იქმნება კანონების ერთობლიობა, რომელმაც შესაძლოა, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის დააშოროს. კანონპროექტი აჩენს რისკებს, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ისეთი წარმომავლობის ქონება, რომლის წარმომავლობაც დადასტურებული არ იქნება.

ძირითადად, ყველაზე დიდი რისკი ისაა, რომ აღნიშნული ცვლილება არც კერძო სექტორთან, არც ბიზნესთან და არც ექსპერტებთან განხილული არ ყოფილა და დაჩქარებული წესით იქნა მიღებული. მეტი დასაბუთება, ანალიზი და პროგნოზი უნდა ყოფილიყო, ქვეყნისთვის რა სიკეთის მომტანია, რაც დასაბუთებაში ვერ ვნახეთ. დაჩქარებული წესით ასეთი ცვლილებების მიღება აჩენს ეჭვს, რომ პირიქით, რაიმე ისეთი არ მოხდეს და ქვეყანაში არ შემოვიდეს ისეთი ინვესტიცია, რომელიც იქნება საეჭვო წარმომავლობის“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია მხარს უჭერს პრეზიდენტის მიერ გამოყენებულ ვეტოს და აცხადებს, რომ იმდენად დიდი ბუნდოვანება და ბევრი კითხვაა „ოფშორების კანონთან“ დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორია პრეზიდენტის ვეტო. მიხეილ დაუშვილი თვლის, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ან ვის ემსახურება „ოფშორების პროექტი“

„უმრავლესობის წევრები გვიმტკიცებენ, რომ ეს არის კანონი, რომელიც ორიენტირებულია ინვესტიციების მოზიდვაზე და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე. დავუშვათ, რომ ასეა, რა ედგა ან რა უდგას წინ იმას, რომ ამაზე ჩატარდეს სრულყოფილი RIA - სრულყოფილი RIA-ს ფარგლებში ყველამ დავინახოთ და ჩვენი მოქალაქეები დარწმუნდნენ, რომ ეს კანონი ემსახურება და მოემსახურება ქვეყნის ეკონომიკის და საფინანსო სისტემის გაძლიერებას. თუ ამაში დარწმუნებულები არიან უმრავლესობის წარმომადგენლები, მაშინ რატომ არ უნდა ჩატარდეს RIA, რათა ჩვენც დავრწმუნდეთ, იქნებ მხარსაც ვუჭერთ საერთოდ ამ პროექტს“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.