ირაკლი სესიაშვილი: ავღანეთის მისიაში მონაწილეობა ნატოში გაწევრიანების ბილეთი არ არის

ირაკლი სესიაშვილი: ავღანეთის მისიაში მონაწილეობა ნატოში გაწევრიანების ბილეთი არ არის

 

საქართველო ავღანეთში დამატებით ძალებს გააგზავნის - ამის შესახებ პირველი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის გარეთ, მიუნჰენის უსაფრთხოების 47-ე საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა.

 

ISAF-ის ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში საქართველო ისედაც სოლიდურად არის წარმოდგენილი. აუცილებელია თუ არა ავღანეთში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა, გაზრდის თუ არა ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას და ვისზე იყო გათვლილი მიხეილ სააკაშვილის მიერ მიუნჰენში გახმიანებული ინიციატივა  - პრესაგე.ტვ ექსპერტს უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ავღანეთში ქართველ სამხედროთა ყოფნა გაიზრდება. ეს ნაბიჯი რამდენად აუცილებელია?

- პირველ რიგში, გავიხსენოთ ის, რომ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ავღანეთში, ჩვენდა სამწუხაროდ, რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, ქართულ საზოგადოებაში გაიმართა მწვავე დისკუსია ამ თემაზე და ძალიან ბევრმა ექსპერტმა, საზოგადო მოღვაწემ, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიზანშეუწონელია საქართველოს ავღანეთის მისიაში დიდი რაოდენობით სამხედრო მოსამსახურეები ჰყავდეს.

 

განცხადებას მიზანშეუწონლობის შესახებ ალბათ გარკვეული მიზეზების დასახელებაც სჭირდება…

- მიზეზი მდგომარეობს შემდეგში: თავად ჩვენი ხელისუფლებაც აცხადებს, რომ  რუსეთის მხრიდან მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესიის ალბათობა მაღალია. ამ ვითარებაში ყოვლად დაუშვებელია, შენი შეიარაღებული ძალები შეასუსტო და საუკეთესო დანაყოფები სხვა ქვეყნის დასახმარებლად გაგზავნო.

 

მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ავღანეთში ამ რაოდენობის სამხედროებით არ უნდა იყოს წარმოდგენილი. 

 

ავღანეთის მისიაში მონაწილეობა საქართველოს რეალურად რას აძლევს?

- ავღანეთში ოპერაციაში აუცილებლად უნდა ვიყოთ წარმოდგენილნი, რადგანაც ნატოში გაწევრიანების სურვილი გვაქვს. აუცილებელია შევიტანოთ ჩვენი წვლილი მსოფლიოში მშვიდობის გამყარების საქმეში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორისთვის, აშშ-სთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ავღანეთის ოპერაცია. ამასთან, ISAF-ის ოპერაციებში მონაწილეობით ჩვენი სამხედროები მნიშვნელოვან გამოცდილებას იღებენ. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეების და გამოწვევების. ამავდროულად, უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

 

ამ განცხადებისთვის პრეზიდენტმა სააკაშვილმა მაინცდამაინც მიუნჰენი რატომ შეარჩია?

- ამასთან დაკავშირებით საზოგადოებამ უკვე დააფიქსირა პროტესტი იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება, დაეყრდნო მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” და სახელისუფლებო ექსპერტებს და გადადგა ჩემი აზრით, ქვეყნისთვის არც თუ მისაღები ნაბიჯი. ეს არც ქვეყნის ინტერესებთან თავსებადი ნაბიჯია. ავღანეთის მისიასთან დაკავშირებით ჩვენ შემდეგი კითხვების დასმა შეგვიძლია:

 

1. რას მოგვიტანს ამ მისიაში მონაწილეობა? ავღანეთის მისიაში მონაწილეობა საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების ბილეთი არ არის. ეს არ ნიშნავს, რომ ავღანეთში ამდენი სამხედროს გაგზავნის გამო რუსეთთან ომის შემთხვევაში ჩვენ ვინმე დასახმარებლად საკუთარ ჯარისკაცებს გამოგვიგზავნის. ავღანეთის მისიაში მონაწილეობით ვერც ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკურ გარანტიებს მივიღებთ. ამის სამწუხარო მაგალითი გვაქვს ჩვენ 2008 წლის აგვისტო, როდესაც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმაც კი, შეიძლება ასე ითქვას, მიგვატოვა და პრეზიდენტი ბუში პრეზიდენტ სარკოზის ეუბნებოდა, თბილისში არ ჩახვიდე მალე იქ რუსები შევლენო. 

 

2. იმის გამო, რომ საუბარია მოსალოდნელ გარე საფრთხეებზე, პრეზიდენტს არა ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაზრდაზე, არამედ მის შემცირებაზე უნდა ესაუბრა. საჭირო გამოცდილებას ჩვენი სამხედროები მაშინაც მიიღებდნენ, თუ ავღანეთში სხვადასხვა დროს რამდენიმე ასეული გაიგზავნებოდა.

 

ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი ვიწროპოლიტიკური ინტერესებით იყო მოტივირებული. მან დაინახა, რომ მას შემდეგ, რაც ავღანეთში ქართველი სამხედროების დიდი რაოდენობა გაგზავნა და უნდა ვიფიქროთ, რომ ეს დასავლელმა მრჩევლებმა ურჩიეს, რადგან სწორედ ამ გზით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქულები ჩაიწერა საერთაშორისო არენაზე და თუ თქვენ გადახედავთ ბოლო ხანს განხორციელებულ ვიზიტებს საქართველოში ან პირიქით, დასავლეთის სახელმწიფო ლიდერები ერთხმად გამოხატავენ მადლიერებას, მადლობას უხდიან პრეზიდენტ სააკაშვილს და კმაყოფილებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ ასეთ პატარა ქვეყანას ასეთი დიდი წვლილი შეაქვს ამ ოპერაციაში.

 

ISAF-ის ავღანეთის ოპერაციაში საქართველო სოლიდურადაა წარმოდგენილინატოს წევრ თუნდაც ბალტიის ქვეყნებს იქ გაცილებით მცირე კონტინგენტი ჰყავთ

- უკვე აღვნიშნე, რომ ავღანეთის მისიაში მონაწილეობა ჩვენთვის არ არის ბილეთი ნატოში გაწევრიანებისთვის და არც უსაფრთხოების პოლიტიკური გარანტია. ჩვენ გვთავაზობენ წარმოდგენილნი ვიყოთ ამ მისიაში, მაგრამ იმ რაოდენობით, როგორც სახელმწიფო ჩათვლის საჭიროდ.

 

მიხეილ სააკაშვილმა კი, “თავის გამოდების” პოლიტიკას მიმართა, ვინაიდან ხედავს, რომ ასეთ ნაბიჯს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ქულების მოტანა სწორედ მისთვის შეუძლია.

 

რაც შეეხება ქვეყანას, ის ამით პირდაპირ სარგებელს ვერ ნახულობს, გარდა იმისა, რომ იზრდება ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკები.

 

სპეციალისტთა ნაწილი აღნიშნავენ იმასაც, რომ ერაყისგან განსხვავებით, ქართველი სამხედროები საჭირო გამოცდილებას ავღანეთში უფრო მიიღებენ

- ჩვენ რეალურად გამოგვადგება არა ის საბრძოლო გამოცდილება, რა სახის ოპერაციებშიც მონაწილეობენ, არამედ მისი საპირისპირო. ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის შემთხვევაში ძლიერი უტევს სუსტს, “ძლიერია” კოალიციური სარდლობა, “სუსტი” კი - პარტიზანული მოძრაობა ავღანეთში. ჩვენ თუ რუსეთი დაგვესხმება თავს და მორიგი აგრესიის მსხვერპლნი გავხდებით, ამ შემთხვევაში ჩვენ ისეთივე ოპერაციების წარმოება დაგვჭირდება, როგორსაც ისლამისტური დაჯგუფებები აწარმოებენ კოალიციური სარდლობის წინააღმდეგ. 

 

მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი სამხედროები ამ ოპერაციაში მონაწილეობით მაინც იღებენ მნიშვნელოვან გამოცდილებას. ეჩვევიან რეალურ სამხედრო ოპერაციებს, უძლიერდებათ პროფესიული უნარ-ჩვევები, გარკვეულ გამოცდილებას იღებენ თალიბთა მოქმედებებზე დაკვირვებითაც - როგორ მოქმედებენ ისინი, როდისაა მათი სტრატეგია ძლიერი, როდის სუსტი.

 

ჩვენს უახლეს წარსულს თუ გავიხსენებეთ, აგვისტოს ომის დროს საქართველომ ფაქტობრივად ვერ მოახერხა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერაყგამოვლილი სამხედრო მოსამსახურეების გამოცდილების გამოყენება...

- როდესაც შენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია ხორციელდება ცხადია, შენ იძულებული ხდები, უცხოურ მისიაში მონაწილე შენი სამხედრო მოსამსახურეები უკან გამოიწვიო. მითუმეტეს თუ ისინი შენი შეიარაღებული ძალების საუკეთესო ნაწილს წარმოადგენენ. 

 

ასეთ შემთხვევაში შენ იძულებული ხარ მიატოვო შენი მოვალეობის შესრულების ადგილი, რაც ბუნებრივია აზარალებს კოალიციას და მეორე - მისიიდან გამოწვეულ შენს კონტინგენტს შესაძლოა სამშობლოში დაბრუნება გაუჭირდეს.

 

ისინი თუ თვითმფრინავით გამოფრინდებიან, რისკი იმისა, რომ ეს თვითმფრინავი მოწინააღმდეგემ ჩამოაგდოს მაღალია. მითუმეტეს, რომ ჩვენთან შედარებით რუსეთი ჰაერში სამწუხაროდ დიდ უპირატესობას ფლობს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათ სხვადასხვა შემოვლითი გზებით მოუწევთ სამშობლოში დაბრუნება, შესაბამისად საკმაოდ მოიქანცებიან და გაუჭირდებათ თავდაცვით სამხედრო მოქმედებებში ადეკვატურად ჩაერთონ. რადგან მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ იქნება სათანადო. ისინი გადაღლილები იქნებიან. დაბრუნების პროცესი დროში შესაძლოა ისე გაიწელოს, რომ მათ დაბრუნებას აზრი აღარც ჰქონდეს.

 

სწორედ ამიტომ, საერთაშორისო მისიებში სამხედროთა ის რაოდენობა უნდა გავაგზავნოთ, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას არ შეასუსტებს.

 

ვფიქრობ, პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს კანონი, რომლის მიხედვითაც, დადგინდება პროცენტული ზღვარი, ჩვენი შეიარაღებული ძალების რა რაოდენობა შეიძლება გაიგზავნოს საერთაშორისო მისიებში. ჩვენს პარტნიორებს ეცოდინებათ, რომ ეს საკითხი კანონით რეგულირდება და აღარავის ექნება პრეტენზია ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუკი სხვა საერთაშორისო მისიებში ჩვენ მასშტაბურად არ ვიქნებით წარმოდგენილნი. ეს მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 1 ან 2 %-ს.

 

ფაქტიაერაყის ან ავღანეთის მისიაგამოვლილ კონტრაქტორთა ნაწილი უარს ამბობს ხოლმე კონტრაქტის გაგრძელებაზე ან, შეიარაღებულ ძალებში სამსახურზე. ..

- შეიარაღებულ ძალებში, სამწუხაროდ, არის პრობლემები და ისინი არასწორ მმართველობას უკავშირდება. არ არის შექმნილი ისეთი გარემო, სადაც სამხედრო მოსამსახურე თავს ღირსეულად იგრძნობს, მოტივირებული იქნება, რომ ჰქონდეს სამხედრო კარიერა და სამსახური გააგრძელოს. ამ პრობლემებზე თავად სამხედრო მოსამსახურეებიც მიუთითებენ.  მათგან ნაწილი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თავდაცვის სისტემაში დარჩენაზე უარს ამბობს.

 

ითქვა ისიც, რომ მიუნჰენში გაკეთებული განცხადებით სააკაშვილმა ორი კურდღელი დაიჭირა: ერთი, რომ დასავლეთის გული მოიგო და მეორე - შექმნილი საბიუჯეტო პრობლემების ფონზე შეეცადა ელიტარული სამხედრო ნაწილის ეკიპირების და სახელფასო უზრუნველყოფის საკითხი საერთაშორისო მისიაში მათი ჩართვის ხარჯზე მოეგვარებინა...

-  ჩვენ თუ ჯარისკაცების მოცილებით ვარ დაკავებულები, მაშინ სჯობს ჯარის რაოდენობა შევამციროთ და ასე გადავჭრათ პრობლემა, ვიდრე სხვა ქვეყნის პრობლემებს შევაკლათ ჩვენი ჯარისკაცები. დღეს, რეალურად, გამოდის, რომ ჩვენს ჯარისკაცებს სხვა ქვეყნებში მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობისთვის ვამზადებთ.

 

მაშინ, როდესაც გვჭირდებოდა, როდესაც რეალურად უნდა გამოგვეყენებინა ჩვენი შეიარაღებული ძალები, დაგვეცვა კოდორი და ახალგორი, მაშინ ხელისუფლებამ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო და ვერ მოახერხა ქვეყნის დაცვა. ამიტომ, გაუგებარია რისთვის ვიყენებთ გამოცდილებას, რომელსაც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისას იღებენ.

 

სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ავღანეთის მისიაში მონაწილეობდა, დაბრუნების შემდეგ თუ არ შეუქმენი სათანადო გარემო, არ წაახალისე, რომ სამსახურის გაგრძელების, კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი ჰქონდეს, ის რა თქმა უნდა  გაიქცევა ჯარიდან. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ხშირად გვესმის, ვიღაც ერაყიდან ან, ავღანეთიდან დაბრუნდა და კონტრაქტი აღარ გააგრძელა.

 

მე, დღესაც ვესაუბრე რამდენიმე ჯარისკაცს, რომელთაც არც ავღანეთში წასვლა სურთ და აღარც შეიარაღებულ ძალებში სამსახური. როგორც ირკვევა, არც ავღანეთში წასვლაა მთლად ნებაყოფლობითი. აქ სხვა წესები მოქმედებს. ერთი, რომ ჯარი ოჯახივითაა და როდესაც შენი თანამოსამსახურე მიდის შენც მიყვები და მეორე ავღანეთში არწასვლის მსურველებს საბუთების გაფუჭებით, კონტრაქტების გაუქმებით და 14 000 ლარიანი ჯარიმების დაკისრებით ემუქრებიან.

 

მაქვს ინფორმაცია და ახლა დეტალების დაზუსტებას ვცდილობ, რომ  რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეს, ვინც ავღანეთში წასვლაზე უარი განაცხადა, ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ.