აქციებმა და პოლიტიკურმა დაძაბულობამ ბევრ მსურველს ბინების შეძენა გადააფიქრებინა

აქციებმა და პოლიტიკურმა დაძაბულობამ ბევრ მსურველს ბინების შეძენა გადააფიქრებინა

ბოლოდროინდელი პოლიტიკური დაძაბულობის გამო რყევა ეკონომიკის თითქმის ყველა დარგში შეინიშნება და არც სამშენებლო სექტორია გამონაკლისი. ამას თან ერთვის ლარის კურსის ვარდნა, რომელთანაც პირდაპირ მიბმულია აღნიშნული სექტორი. ამტომაც, მიმდინარე პროცესების ფონზე მყიდველი უკვე თავშეკავებულია. საბოლოო ჯამში კი, ამით ზარალდება მშენებლობა, მასთან დაკავშირებული პროცესები და ქვეყნის ეკონომიკა.

„ნოუბლ რიალ ისთეითის“ დამფუძნებელი ვაჟა მებაღიშვილი ადასტურებს, მოულოდნელი დამუხრუჭების მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა, რის გამოც როგორც უძრავი ქონების მყიდველები, ისე ინვესტორები თავს იკავებენ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობისგან. ამასთან მებაღიშვილის შეფასებით, რომ იგივე პროცესებია მოსალოდნელი გაქირავების კუთხითაც.

„ცხადია, არც უძრავი ქონების სექტორია გამონაკლისი, იქიდან გამომდინარე, თუ რა ფონიც არის დღეს ქვეყანაში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას საინვესტიციო გარემოზე, არასტაბილური და ქაოსური სიტუაცია ყოველთვის ნეგატიურ ეფექტს აჩვენებს ხოლმე. ახლაც სწორედ ამ ვითარების წინაშე ვართ. საერთოდ, დესტაბილიზაცია სერიოზულად არყევს ბაზარს ეკონომიკურად.

ჩვენ დარგის პროფესიონალები კანონის განხილვაში, ცხადია, სიღრმისეულად ვერ შევალთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება, უკვე ვხედავთ, რომ იწყებს შემცირებას, დაპაუზებულია როგორც უძრავი ქონების გაყიდვა, ისე ინვესტირება. ამ ეტაპზე, მყიდველები თავს იკავებენ უძრავი ქონების შეძენისგან, თუ ვსაუბრობთ საერთაშორისო ინვესტორებზე, ამ კუთხითაც, რყევის გამო და ამ საერთო ფონის გამო, თავს იკავებენ, ურჩევნიათ დაელოდონ სიტუაციის დასტაბილურებას.

როგორც კი აირია სიტუაცია, რომელიც გამოიწვია გამჭვირვალობის კანონმა, მას შემდეგ განსაკუთრებულად შეჩერდა ამ მიმართულებით რეალიზაცია. იმავეს ველოდებით გაქირავების კუთხითაც, რადგან ცხადია, ორივე მიმართულება ერთმანეთთან კორელაციაშია.

რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, აბსოლუტური კოლაფსია იქნება ეს ნებისმიერი დარგისთვის. თუ დაგვიწესებენ სანქციებს, არაფერს კარგს არ ველოდებით, ეს არა მხოლოდ უძრავი ქონების, არამედ ნებისმიერი მოქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ვაჟა მებაღიშვილმა.

რასაკვირველია, დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციაში მსხვილი შენაძენისგან ბევრი ადამიანი თავს იკავებს. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ არ გააჩნიათ ერთიანი თანხა და საბანკო სესხი უნდა მოიშველიონ. ეს კი ბუნდოვანი პერსპექტივის ფონზე დიდი რისკის შემცველია.

მომხმარებელთა მხრიდან არსებულ თავშეკავებაზე საუბრობს უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტის“ პარტნიორის წარმომადგენელი ლევან ელიზბარაშვილიც. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო მოვლენების ფონზე მომხმარებლების 40% ბინის შეძენისგან დროებით თავს იკავებს.

„ჩვენ ბოლო დროს ვაკვირდებით იმას, რომ მომხმარებლები უფრო დიდი სიფრთხილით ეკიდებიან უძრავი ქონების შესყიდვას, ვადებმა გადაიწია. ადრე თუ ისინი უფრო სწრაფად იღებდნენ გადაწყვეტილებას, ახლა პროცესი გახანგრძლივებულია. ჩვენი კლიენტების 40% საუბრობს 3 კვირით, 1 თვით გადავადებასთან დაკავშირებით. რაც ასეთ პროცესებს ახასიათებს ნამდვილად ის ხდება უძრავი ქონების ბაზარზე, მომხმარებელი უფრო კონსერვატიული ხდება ხარჯვით ნაწილში. უცხოელი მყიდველები ბევრად უფრო სწრაფად რეაგირებენ ასეთ მოვლენებზე და მათი სიფრთხილე ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ადგილობრივების.

თუ ამ გადავადებებმა გამოიწვია ის, რომ ივნისში მივიღეთ გაორმაგებული რეალიზაცია, ეს იქნება მანიშნებელი იმისა, რომ ისევ პოზიტისკენ წავიდა ვითარება. იმ შემთხცვევაში კი, თუ ვერ დააკომპენსირა ივნისმა მაისი, მაშინ, ცხადია, მივიღებთ საკმაოდ ცუდ სიგნალებს.

ჩვენ ცოტა ხნის წინ დავამუშავეთ სტატისტიკური ინფორმაცია და მინდა ვთქვა ისიც, რომ რაოდენობრივი თვალსაზრისით სექტორს ჯერჯერობით კლების მხრივ არაფერი ეტყობა“, - აღნიშნა ელიზბარაშვილმა.

Maverick „ნოუბლ რიალ ისთეითის“ დამფუძნებელი ვაჟა მებაღიშვილი "როგორც კი აირია სიტუაცია, რომელიც გამოიწვია გამჭვირვალობის კანონმა, მას შემდეგ განსაკუთრებულად შეჩერდა ამ მიმართულებით რეალიზაცია".
არიქა "გაუუქმეთ" ამ "საცოდავს" "გამჭვირავალობის კანონი", თორემ თამაშგარეთ მდგომარეობაში რჩება!
5 თვის უკან