რა იმალება ზურაბიშვილის ვეტოს უკან?

რა იმალება ზურაბიშვილის ვეტოს უკან?

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება. ის ქართველ კანონმდებლებს მოუწოდებს, სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ვიდრე კანონი ამოქმედდება. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებით არ შევა „ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში“.

როგორც პრეზიდენტმა ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არავინ უნდა იფიქროს, რომ შეიძლება პრეზიდენტი გამოიყენო, რომ ამ ხელისუფლებას სახე გადაურჩინო.

„ავუხსენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც დღეს ამ ქვეყანაშია და სჭირდება გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა. ეს გზავნილი იქნება მიტანილი ჩვენი მეგობრებისგან ყველგან, სადაც საჭიროა, რომ არავინ იფიქროს, რომ შეიძლება გამოიყენო საქართველოს პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო. დღეს, ეს საკითხი არ დგას, დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია, თუმცა, რა ეწერება კონკრეტულად ვეტოში, როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამას ორ კვირაში ნახავთ და აქვე დასძენს, რომ პრეზიდენტის ვეტო ტექნიკურად და იურიდიულად აბსოლუტურად გამართული იქნება.

„ეს იქნება ტექნიკურად და იურიდიულად აბსოლუტურად გამართული ვეტო. აღნიშნულ კანონში მუხლობრივ განხილვაში და კანონის რაიმე ფორმით განხილვაში შესვლას ჩვენ არ ვაპირებთ, წერტილი. ამაზე საუბარი ზედმეტია. მაგას ვაღიარებთ, რომ ზოგადად, ჩვენს ვეტოებში ვენეციის კომისიის დასკვნას ვითვალისწინებთ. ამ კანონმა იმხელა დაპირისპირება და იმხელა პოლარიზაცია გამოიწვია ქვეყანაში, რომ არსებული ფორმით ამ კანონის ძალაში შესვლა უკვე შეუძლებელი გახდა. ამ კანონს არსებული ფორმით არსებობის საშუალება არ გააჩნია“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აანონსებს კონსტიტუციის კიდევ ერთ დარღვევას, რომელსაც საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტის თანამდებობა. როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჩვეულებრივად გასულია ყველანაირი კონსტიტუციური ჩარჩოსგან.

„მან ერთხელ უკვე დაარღვია კონსტიტუცია, ეს დადგენილი არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდანაც ამაზე არის დასტური, ახლა ის კვლავ აანონსებს კონსტიტუციის დარღვევას. ამაზე კომენტარი ზედმეტია. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ეს არის ჩვეულებრივად ქვეყნის სახელმწიფოს ინტერესებისთვის ძირის გამოთხრა. რაც შეეხება პოლიტიკურ დატვირთვას და მის მოწონებას საზოგადოებაში, არ ვიცი ოპოზიციასაც რამდენად ენდომება მასთან ერთად ყოფნა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ოპოზიცია. „ლელოს“ დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ მის ვეტოს ვერავინ გამოიყენებს რუსული კანონის შეცვლაზე ვაჭრობისთვის. სამადაშვილის შეფასებით, თუკი „ქართული ოცნება“ დაძლევს ვეტოს, შედეგსაც მიიღებს.

„იგივე ევროპელმა ლიდერებმაც დაადასტურეს, რომ კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება. დაძლევენ ვეტოს და შედეგებს მიიღებენ, ან ვეტოს დაძლევაზე უარს იტყვიან. არანაირი სხვა არჩევანი რუსების და ბიძინას მარიონეტ დეპუტატებს არა აქვთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს მისი პატრონების დაკვეთით. შესაბამისად, დგამს იმ ნაბიჯებს, რასაც დაუკვეთენ და ეტყვიან.

„ნახეს სალომეს და მისმა პატრონებმა, რომ ნაცარი თვალებში შეეყარათ სალომეს მის თანამეინახეებს. იციან, რომ ვეტო დაიძლევა. მოტივირებული შენიშვნები არ აქვთ. რა უნდა იყოს მოტივირებული შენიშვნები, როდესაც კანონის შინაარსში ვერ შედიან და ამ კანონის შინაარსზე ვერაფერს ვერ ლაპარაკობენ. ამიტომ, ევროპიდან ჩამოვიდა დესანტი ბეხრეწი სალომეს გადასარჩენად იმ უბედურებებისათვის, რომელიც მან საქართველოში ჩაიდინა.

ეს არის უკანონო პრეზიდენტი, ვინაიდან, მას იმპიჩმენტი გამოცხადებული აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და იმ მეხუთე კოლონამ, რომელშიც შესული არიან „ნაცების“ გარდა „ლელო“ და ელისაშვილი და, რომელმაც დაამტკიცა, რომ წმინდა მე-5 კოლონა არის, იბრძვიან იმისათვის, რომ გადაარჩინონ ბეხრეწი ზურაბიშვილი მთლიან გაშავებას, გაკოტრებას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას. მაგრამ ვერ გადაარჩენენ, გამორიცხულია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

ანალიტიკოსი „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ ამ ქვეყანაში პრეზიდენტი სად, რისთვის და როდის გამოიყენო - ამას წყვეტენ კომპეტენტური პირები და არა ვიღაც „ქართველი ხალხი“ და მით უმეტეს მისი ხელისუფლება.

„შანსი არაა ობრაიენის დაკრულზე ვიარო, რომელმაც ჩემს მიერ დასადები ვეტოს ფარგლებში იმედი გამოთქვა, სასურველი ცვლილებების შეტანას ლეგიტიმური სახე მიეცემოდაო. აქამდე არაფერი კონსტრუქციული გამიკეთებია და რატომღაც ეხლა რომ მოვინდომო - არა და არასოდეს! ბოლო-ბოლო მე ჩემი უფროსობა მყავს, ო'ბრაიენს თავისი - ყველამ საკუთარს მიხედოს! ამ ქვეყანაში პრეზიდენტი სად, რისთვის და როდის გამოიყენო - ამას წყვეტენ კომპეტენტური პირები და არა ვიღაც „ქართველი ხალხი“ და მით უმეტეს მისი ხელისუფლება“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.