პოლიტიკურ დაძაბულობას ტურიზმზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია

პოლიტიკურ დაძაბულობას ტურიზმზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია

ქვეყანაში მიმდინარე აქციებს და დაძაბულ ფონს ტურიზმზე რაიმე განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია. თბილისის მიღმა საერთოდაც გაზრდილია მოთხოვნა, ხოლო დედაქალაქში მხოლოდ ცენტრალურ ნაწილშე მდებარე სასტუმროებსა და გასართობ ობიექტებში შეინიშნება გარკვეული ცვლილება. უცხოელმა ვიზიტორებმა კარგად იციან, რომ მსგავსი პოლიტიკური პროცესები მათ უსაფრთხოებას არანაირად არ ემუქრება.

სასტუმროების მმართველი კომპანია Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორის ერეკლე კოკაიას შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე აქციები, პირველ რიგში, ადგილობრივ ტურიზმზე, შემდეგ კი საერთაშორისო ტურიზმზე მოქმედებს. არსებული ვითარების გათვალისწინებით, იმის ალბათობა, რომ 2024 წლის პოზიტიური მოლოდინები ტურიზმში არ გამართლდეს, დიდია.

„მიმდინარე მოვლენებმა, პირველ რიგში, ყველაზე დიდი გავლენა ადგილობრივ ტურიზმზე იქონია, რადგან ჩვენი მოქალაქეები ქალაქგარეთ ხშირად მოგზაურობენ. სამწუხაროდ, ახლაც შეიმჩნევა, რომ ქვეყანაში დაძაბული ვითარება იქნება ეს თუ მიტინგები, პირველ რიგში, ტურიზმს ურტყამს. მაგალითად, Gori Inn-ზე, სადაც ძირითადად ქართველები გვსტუმრობენ უკვე აისახა, რადგან ახლა სხვადასხვა მიზეზების გამო - ზოგი მიტინგზე გადის, ზოგი ერიდება მოგზაურობას და ეს შესამჩნევია, მიუხედავად იმისა, რომ მაისი ტურისტულად უფრო აქტიური სეზონია ხოლმე.

რაც შეეხება საერთაშორისო ტურიზმს, აქციები ამ მიმართულებითაც ახდენს გავლენას, იმის მიხედვით სად, როგორ შუქდება საქართველოში მიმდინარე მოვლენები. არ ვიტყვი, რომ მთლად უქმდება ჯავშნები, თუმცა ისეთი აქტიური არ არის, როგორი უნდა იყოს და რა პროგნოზებიც გვქონდა. იმედი მაქვს, მდგომარეობა შეიცვლება. სამწუხაროდ, პროტესტი გრძელდება, მაგრამ ქართველებმა ყველაფერთა შეგუება ვიცით და თან ვმუშაობთ, თან ვცხოვრობთ. ვერ ვიტყვი, რომ მოთხოვნა სასწაულად დაეცა, უბრალოდ, შემცირება იყო 10-20%-ით“, - განაცხადა ერეკლე კოკაიამ.

სასტუმროების მმართველი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლო 5 წელი ინდუსტრიისთვის რთული იყო და წელს დარგს დადებითი მოლოდინები ჰქონდა.

საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია საკმაოდ აქტუალურია გასტრო-ტურიზმის მიმართულება. იმ ფონზე, როცა მიმდინარე პერიოდში ზამთრის კურორტებზე სეზონი დასრულებულია და ზაფხულის საკურორტო სეზონი ჯერჯერობით არ დაწყებულა, უცხოელი დამსვენებლები საქართველოში ძირითადად სწორედ ამ მიმართულებით ინტერესდებიან.

რესტორატორი გურამ ბაღდოშვილი არ იზიარებს შეხედულებას, რომ ტურიზმის მასშტაბები აქციების გამო მცირდება. გასული წლიდან მოყოლებული დღემდე კონკრეტულად მის რესტორნებში გასტრო-ტურიზმზე მოთხოვნა სტაბილურია. შესაძლოა, მცირე ცვლილება ჰქონდეს მხოლოდ იმ რესტორატორებს, რომლებსაც ობიექტები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ აქვთ.

„გასტრო-ტურიზმთან მიმართებაში მე პირადად არანაირი ცვლილება არ მაქვს. რუსთაველზე ცენტრში, ვისაც აქვს რესტორანი, შესაძლოა, მათ ჰქონდეთ კლება. ზოგადად, სტაბილურად არის ტურისტების რაოდენობა, დიდი ცვლილება არ არის ამ კუთხით წინა წელთან შედარებით. ტურისტები დადიან და იციან, რომ მათ არაფერი არ ემუქრებათ“, - განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.

ქვეყნების მხრივ საქართველოში გასტროტურიზმის მხრივ ყველაზე დიდია დაინტერესება სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელგიიდან და ესპანეთიდანაა.

„მოთხოვნა არის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ბელგიიდან. ბელგიიდან იმიტომ, რომ რამდენიმე გადაცემა ჩავწერე ბელგიის ტელევიზიაში. ასევე, ძალიან ბევრი მომხმარებელი მყავს ესპანეთიდან ყოველთვის, რუსებს აღარ ვთვლი მე...“, - აღნიშნა „ბიპიენთან“ ბაღდოშვილმა.

მცირედი ცვლილებებია ავაიბილეთებისა და ჯავშნების მიმართულებით. ავიასერვისის სააგენტო GASA-ს დამფუძნებელ გიორგი შენგელიას ინფორმაციით, მართალია ავიარეისებზე ჯავშნების დიდი ნაწილი არ გაუქმებულა, თუმცა დაახლოებით 20% გადავადდა და მოგზაურებმა საქართველოში ჩამოსვლის პერიოდი გადაწიეს.

„თუ თავიდან უცხოელ ტუროპერატორებს მოლოდინი არ ჰქონდათ, რომ ეს პროცესები დიდხანს გაგრძელდებოდა, ახლა ასე არ არის. შესაბამისად, ახალი ჯავშნები შეფერხდა.

თბილისი უცხოელი ვიზიტორებისთვის დასვენებისა და გართობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მათ შესაძლოა გარკვეული მიზეზების გამო ცენტრალურ უბნებში თავისუფლად გადაადგილება შეეზღუდოთ, ეს მათი თავშეკავების მიზეზი ხდება. საუბარია იმ მოგზაურებზე, ვისთვის მთავარი მიმართულება თბილისია. იმ ჯგუფებისგან, ვინც თბილისის გარეთ მოგზაურობს, ჯავშნების გაუქმება ან გადაწევა არ შეინიშნება“, - განაცხადა შენგელიამ.

ყველაზე საყურადღებო კი ის არის, რომ არსებული ჯავშნების გადავადებისა და ახალი ჯავშნების შემცირების მიუხედავად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის ოდენობა ცალსახად გაზრდილია და ამ მხრივ დადებითი დინამიკა ნარჩუნდება.