ერთი სიყვარულის ისტორია

ერთი სიყვარულის ისტორია

(იბეჭდება შემოკლებით)

„სარკე" ქალბატონ ინა გუდავაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ, საიდანაც მკითხველი ბევრ საინტერესო დეტალს პირველად შეიტყობს მილიარდერის ცხოვრებიდან.

ქალბატონო ინა, იქნებ გვიამბოთ, როგორ შეიქმნა თქვენი და ბატონი ბადრის ოჯახი.

- ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, მაშინ 20 წლისანი ვიყავით. მე და ბადრი ერთად დავდიოდით ცნობილ სამეჯლისო ცეკვების ჯგუფში, იქ გავიცანით და შეგვიყვარდა ერთმანეთი. ოთხი წელი ვხვდებოდით. ძალიან ლამაზი შეხვედრები გვქონდა. ბადრის ხშირად მოჰქონდა ლამაზი თაიგულები, ძალიან თავაზიანი იყო. ის ქართველი ებრაელი იყო, მე ნახევრად – ქართველი და ნახევრად – რუსი, ამიტომ გვეგონა, რომ მშობლები ჩვენი ქორწინების წინააღმდეგ წავიდოდნენ. ამიტომაც დაგვჭირდა ამდენი დრო, რათა ერთად ყოფნის გადაწყვეტილება მიგვეღო.

მერედა მართლა აღმოჩნდნენ წინააღმდეგი თქვენი ოჯახები?

- არა, ისე კარგად მიიღეს მშობლებმა ჩვენი გადაწყვეტილება, რომ თვითონაც გაგვიკვირდა, თუმცა გავიპარეთ და ქორწილიც კი არ გვქონია. ხელი მშობლებისგან მალულად ნაძალადევის მმაჩის ბიუროში მოვაწერეთ. ხელისმოწერაზე მხოლოდ ჩვენი ახლო მეგობრები იყვნენ, იქიდან პირდაპირ აეროპორტში წავედით და სოჭში გავფრინდით. იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ საქორწილო კაბის შეკერვაც ვერ მოვასწარი. მართალია, ამდენი ხანი ვხვდებოდით, მაგრამ უცბათ მივიღეთ გადაწყვეტილება. ბადრის ჰქონდა ახალი პიჯაკი, მაგრამ რადგან მე კაბა არ მქონდა, სოლიდარობის ნიშნად, არ ჩაიცვა. არც სურათები გვქონდა ამ დღის აღსანიშნავი. უამრავი ყვავილი იყო, თუმცა იმდენად დაბნეულები ვიყავით, რომ შამპანურიც აეროპორტში გაგვახსენდა. შემდეგ ჩვენი მეჯვარე გაიქცა და მოიტანა. რამდენიმე დღის შემდეგ მივხვდით, რომ უნდა დაგვერეკა ოჯახებში და გვეთქვა სიმართლე. როცა მივხვდით, ნორმალური სიტუაცია იყო, ბადრის ვუთხარი, ახლავე უნდა დავბრუნდეთ–მეთქი. ძალიან კარგად მიმიღეს ბადრის ოჯახში. როცა ჩამოვედით, იმ დღეს ბადრის მამის დაბადების დღე იყო. ყველაფერი ლამაზად რომ ჩატარებულიყო, ამაში დიდი მონაწილეობა, ბადრის დის ქმარმა, ნუგზარმა მიიღო. იმის გამო, რომ ქორწილი არ გვქონდა, სახლში მოსალოცად თითქმის ნახევარი წელი მოდიოდნენ. ვხუმრობდით, ჯობდა, ერთი ქორწილი გადაგვეხადა–თქო.

როგორი მეუღლე იყო ბადრი, ყვავილებით და სიუპრიზებით ისევ ძველებურად განებივრებდათ?

- ბადრი იყო ადამიანი სიურპრიზი. მთელი ამ წლების მანძილზე, როგორც ფეიერვერკი, ისე იყო. ყოველთვის გვახარებდა - ლამაზი ყვავილები, ახალი მიღწევა ბიზნესში, სადღაც წასვლა... ყოველდღე მის მოსვლას მოუთმენლად ველოდით, იმ განწყობით, რას გვეტყვის დღეს ახალსო. ყოველთვის ამართლებდა მოლოდინს. ერთხელ მაროკოში ჩაფრინდა და გამომიძახა. ჩემი დაბადების დღე იყო. ხშირად, როცა რომელიმე ქვეყანაში მიდიოდა, მერე იქ მეც ჩავფრინდებოდი ხოლმე. ძალიან რომანტიკული და ლამაზი შეხვედრები გვქონდა. უდაბნოში წამიყვანა და იქ მთელი კომპლექსი, ლამაზი ქალაქი აღმოჩნდა, ირგვლივ რესტორნები და შუაში დიდი არენა, ლამაზად გამოწყობილი მაროკოელი ქალები მღეროდნენ. ეგზოტიკურ გარემოში აღვნიშნეთ ჩემი დაბადების დღე მეგობრებთან ერთად. მერე ბადრიმ იმ ქვეყნის ნაციონალური ტანსაცმელი მომახურა და უცებ მოვიდნენ ბედუინები ცხენებით, კარაბინებით, საოცარი ჟრიამული ისმოდა ყველა კუთხიდან... უცებ დაბნელდა და ვხედავ ლამაზ ფეიერვერკს, რომელზეც რუსულად დაეწერა: "ინას დაბადების დღე". ეს იმდენად ლამაზი იყო, რომ ტირილი დავიწყე.

ერთხელ კიდევ მე და გოგოები ლონდონში ვიყავით, ბადრი პარიზში იყო და არ ჰქონდა ვიზა. ძალიან უნდოდა ჩვენთან ჩამოსვლა, მაგრამ არ გამოსდიოდა. ღამის ორი საათია და სასტუმროში გვეუბნებიან, თქვენთან სტუმარიაო. ძალიან გაგვიკვირდა. შემოიტანეს უზარმაზარი თაიგული, შამპანური და უცებ ვხედავთ ბადრის1 თურმე მოელაპარაკა კონტროლიორ–ოფიცერს, ჩაისვა თავის ვერტმფრენში და გადმოფრინდა ლონდონში იმისთვის, რომ ერთი საათი ყოფილიყო ჩვენთან. მერე უკან დაბრუნდა.

ორი ქალიშვილი გყავთ. როგორი მამა იყო გოგონებისთვის?

- სანამ ბავშვები პატარები იყვნენ, არ იცოდა, მათთან როგორ მოქცეულიყო. მარტოები ვცხოვრობდით, მაშინ არც ძიძა გვყავდა და არც ვინმე დამხმარე. ერთხელ ვაკის პარკში მივდიოდით და ვთხოვე, ბადრიკო, ბავშვებს ფეხსაცმელები ჩააცვი–მეთქი. წავედით პარკში და ბავშვებს რომ შევხედე, გავოცდი. შავი ფეხსაცმელები კი ეცვა ლიკას, მაგრამ ერთი ღია ფეხსაცმელი იყო, მეორე - დახურული. ბადრიმ გაიხუმრა, ეს ბავშვები ვითომ ჩვენთან არ არიანო.

ჩვენს ოჯახში ბავშვებს თუ რამეს დავპირდებოდით, აუცილებლად ვუსრულებდით. ბადრის დროის დეფიციტი სულ ჰქონდა, მაგრამ პირობას აასრულებდა, ოჯახისთვის დროს აუცილებლად ნახულობდა. გოგოები რომ წამოიზარდნენ, მერე მამასთან მეგობრულად იყვნენ. ბადრის ხმა აწეული არ მახსოვს, მაგრამ გოგოებიც ისეთი დამჯერები იყვნენ, რომ პრობლემებს არ გვიქმნიდნენ. არ იცოდნენ დისკოტეკა, ღამის კლუბში სიარული. ისე გაიზარდნენ, სულ სწავლაზე იყვნენ გადართული. მეგობრები სახლში მოჰყავდათ. შეიძლება ძალიან იდეალისტურად გამომდის, მაგრამ ნამდვილად ასე იყო.

ბატონი ბადრის ხასიათიდან რა თვისებას გამოყოფდით?

- პასუხისმგებლობას. იცოდა, რომ მისი ვალი იყო, ყველასთვის მიეხედა. ოჯახის პატრიარქი იყო, თბილი, მზრუნველი და არა - მკაცრი, მაგრამ მისი ყოველი სიტყვა ოჯახისთვის მნიშვნელოვანი იყო. ოჯახში ერთადერთი, ვინც ბადრის ხანდახან ეკამათებოდა, მე ვიყავი. ჩემგან ყველაფერს ითმენდა. და კიდევ ერთი: ნებისმიერ პრობლემას, ეს იყო ბიზნესთან დაკავშირებული თუ სხვა, ოჯახის გარეთ ტოვებდა.

თქვენთანაც არ საუბრობდა თავის პრობლემებზე?

- რა თქმა უნდა, ჰქონდა პრობლემები, განსაკუთრებით ბოლო დროს და ძალიან აინტერესებდა ჩემი აზრი, მაგრამ პირდაპირ არასდროს მკითხავდა, ეს როგორ გავაკეთოო, შემოუვლიდა ირიბად და ისე გაიგებდა ამა თუ იმ საკითხზე ჩემს აზრს.

ითვალისწინებდა კიდეც?

- ძირითადად კი. ბოლოს ჩემი გავლენა არ მეყო. ისე არ იქცეოდა, როგორც მე მინდოდა, მაგრამ ყველა მამაკაცს აქვს უფლება, ისე მოიქცეს, როგორც თვლის საჭიროდ. რადგან მიიღო გადაწყვეტილება, მეც პატივს ვცემდი მის ნაბიჯს, თუმცა წინააღმდეგი ვიყავი. ბადრი გავლენიანი ბიზნესმენი იყო, ბევრ კარგს აკეთებდა საქართველოსთვის და კიდევ ბევრის გაკეთება შეეძლო, მაგრამ თავის ადგილზე, როგორც ბიზნესმენს, როგორც დამოუკიდებელი არხის მფლობელს. პოლიტიკა კი სულ სხვა სფეროა, ამისთვის უნდა იყო მომზადებული. ეს სამწუხარო შეცდომა იყო.

ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ამ ნაბიჯისკენ ხელისუფლებამ უბიძგა, რადგან მისგან გამუდმებით ფულს ითხოვდნენ.

- ვერ ვიტყვი, რომ ბადრი ვინმეს გავლენის ქვეშ მოექცა. თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება, როცა მიხვდა, რომ მას კიდევ შეეძლო სხვა კუთხიდან რაღაცის გაკეთება ქვეყნისთვის. ბადრიმ თქვა, საკითხი გადაწყვეტილიაო და ჩვენს ოჯახში მისი სიტყვა მნიშვნელოვანი იყო.

მისი სიცოცხლის ბოლო თვეებს როგორ გაიხსენებთ?

- ბოლო თვენახევარი, არჩევნების მერე, ძალიან შეიცვალა, გულდაწყვეტილი იყო და განიცდიდა. ასეთი ბადრი არ მენახა. ბუნებით ოპტიმისტი იყო, არჩევნების შემდეგ კი პესიმიზმი შევატყვე, მაგრამ დაახლოებით ერთი თვის მერე, თებერვლის დასაწყისში, გამოკეთდა, დაიბრუნა თავისი განწყობა და ამიტომაც ჩვენთვის მოულოდნელი, შოკი იყო ეს ტრაგედია.

ჯანმრთელობის პრობლემა მართლა არ ჰქონდა?

- შემოდგომაზე ბადრი ისრაელში იყო და იქ ძირფესვიანი გამოკვლევა ჩაიტარა. გახარებული ჩამოვიდა. მითხრა, თუ მოწევას თავს დავანებებ, 120 წელი ვიცოცხლებ, თუ მოვწევ, მაშინ 100 წელს, ასე მითხრეს ექიმებმაო. მაგრამ შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ისე იმოქმედა მასზე, რომ... მგონია, ეს გახდა მისი სიკვდილის მიზეზი.

იმ საბედისწერო დღეს როგორ გაიხსენებთ?

- იმ დღეს ბადრი ძალიან ადრე, 6 საათზე ადგა, ლონდონში შეხვედრა ჰქონდა. სახლში რომ დაბრუნდა, თქვა, შეხვედრაზე შეუძლოდ ვგრძნობდი თავს, ჰაერის უკმარისობა მქონდა და ვალიდოლი მივიღეო. ვუთხარი, ბადრიკო, სასწრაფო გამოვიძახოთ–მეთქი, მაგრამ, როგორც კაცებმა იციან, არ მინდაო, მითხრა. ჩვეულებრივად ისადილა, ვილაპარაკეთ ჩვენს გეგმებზე. რამდენიმე დღით ბავშვებთან ერთად სადღაც უნდა წავსულიყავით. მერე ნარდი ითამაშა ცოტა ხანი ოთარ დაბრონაშვილთან, რომელიც სტუმრად გვყავდა. მერე თქვა, დავწვები, დაღლილი ვარო.

საძინებელ ოთახამდე მივაცილე და ვუთხარი, თუ გინდა, ცოტა ხანი ვიქნები შენთან–მეთქი. არა, ტელევიზორს ვუყურებ, შენ ჩადი ქვევით და საქმეები მოაგვარეო. რაღაც საკითხები მქონდა გადასაწყვეტი, იმ დღეს ჩემი ძმაც უნდა ჩამოსულიყო. მეც ქვევით დავბრუნდი.

ნახევარ საათში ისევ ავედი, რომ მეკითხა, როგორ იყო. ოთახში რომ შევედი, ტელევიზორი ძალიან მაღალ ხმაზე იყო ჩართული და ოთახში ბნელოდა. ვიფიქრე, რომ ჩაეძინა. ახლოს მივედი, რომ პულტი ამეღო და ტელევიზორი გამომერთო. რომ მივედი, მივხვდი, ცუდად იყო საქმე. ყვირილი დავიწყე, ჩქარა სასწრაფო–მეთქი. ყველა გამოიქცა. ვცდილობდი, ხელოვნური სუნთქვა ჩამეტარებინა, მაგრამ ვერ შევძელი. ბადრის მძღოლი ყოფილი სამხედრო იყო. მან იცოდა, ხელოვნური სუნთქვა როგორ ჩაეტარებინა და მან განაგრძო. გოგოებიც იქ იყვნენ, სასწრაფო გვაძლევდა მითითებებს, როგორ მოვქცეულიყავით და რამდენიმე წუთში ჯერ ერთი, მერე მეორე და მესამე სასწრაფოც მოვიდა. ჩვენ გამოგვიყვანეს ოთახიდან, კარგა ხანი წვალობდნენ. ერთ საათში გვითხრეს, რომ გარდაიცვალა. მერე ყველაფერი ცუდად მახსოვს... დღემდე მიმძიმს იმ დღის გახსენება.