„ნაპოლიმ“ შესაძლოა ტურინის „იუვენტუსის“ მცველი დანიელე რუგანი დაიმატოს. ამის შესახებ ალფრედო პედულა იტყობინება.
რუგანის კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, რომლის განახლებაზე თითქოს მხარეები შეთანხმებული იყვნენ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ უცნობია, თუ ვინ იქნება „იუვეს“ მწვრთნელი მომდევნო სეზონში, რუგანის კონტრაქტის საკითხიც ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა.
იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება, „ნაპოლი“ ეცდება მის დამატებას, რომელსაც დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს და გამოცდილი ფეხბურთელები სჭირდება. გავრცელებული ცნობით, ნეაპოლელები 29 წლის ფეხბურთელს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.
დანიელე რუგანის 2015 წლიდან „იუვენტუსში“ 147 მატჩი აქვს ჩატარებული და 11 გოლი გაიტანა. მას ასევე „ემპოლიში“, „რენსა“ და „კალიარიში“ აქვს ნათამაშები.