ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსის ახალი სერიალის, Baby Reindeer-ის, პრემიერა შედგა და მისი სიუჟეტი სოციალურ ქსელებში განხილვის თემად მალევე იქცა. Baby Reindeer-ის აღწერის მიხედვით, სიუჟეტი ნამდვილ ამბავს ეფუძნება, რომელიც კომიკოს რიჩარდ გადის ცხოვრებისა და სტალკერთან ურთიერთობაზე შესახებ მოგვითხრობს. სერიალში მთავარ როლს თავად რიჩარდ გადი ასრულებს, სტალკერ მართას კი მსახიობი ჯესიკა განინგი განასახიერებს.
სერიალის მიხედვით, რიჩარდს "მართა" სამუშაო ადგილას ყოველდღიურად აკითხავდა, ათასობით მეილს და ხმოვან შეტყობინებას უტოვებდა, ემუქრებოდა მის მშობლებსა და იმდროინდელ შეყვარებულსაც.
იმის მიუხედავად, რომ Baby Reindeer-ში პერსონაჟების სახელები გამოგონილია, ინტერნეტის მომხმარებლებს რეალური ადამიანების ამოცნობა არ გასჭირვებიათ და მალევე დაადგინეს, რომ სერიალის მართა რეალურად ფიონა ჰარვია. ახლახან მიცემულ ინტერვიუში ფიონა იმ მძიმე გამოცდილების შესახებ ჰყვება, რომელიც სერიალის გამოსვლას მოჰყვა და ამბობს, რომ "უხამსი მხატვრული ნაწარმოების" შექმნისთვის ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს.
"სერიალი საკმაოდ უხამსია. ჩემი აზრით, ეს საშინელება და მიზოგინიაა. კომენტარებში სიცოცხლის მოსპობით მემუქრებიან, ხალხი მირეკავს და ეს მართლაც საშინელი გამოცდილებაა", — ამბობს ფიონა. ფიონამ ასევე აღნიშნა, რომ მისი იდენტიფიცირება სერიალის პრემიერიდან რამდენიმე დღეში შეძლეს, რამაც ბევრი პრობლემა შეუქმნა. მისი თქმით, უცხო ადამიანები ურეკავენ და მეილებს წერენ, რომლებშიც მოკვლით ემუქრებიან.
ფიონას თქმით, სერიალში ფაქტების უმეტესობა გადაკეთებული და გაზვიადებულია. "ნამდვილი მართას" მტკიცებით, თვალთვალის გამო მისთვის ბრალი არასდროს წაუყენებიათ (როგორც სერიალში ვხედავთ), არც 41 ათასი მეილი გაუგზავნია რიჩარდისთვის და არც მის ყოფილ შეყვარებულს დასხმია თავს. ფიონამ სერიალს "უხამსი და ცილისმწამებლური მხატვრულ ნაწარმოები" უწოდა და განაცხადა, რომ მალე ადვოკატებს დაიქირავებს, რათა ნეტფლიქსს უჩივლოს.
"ამ სერიალში მხოლოდ ორი ფაქტია ჭეშმარიტი, რომ მისი სახელი რიჩარდ გადია და ის ბარმენად მუშაობდა. ისიც და ნეტფლიქსიც იტყუებიან და გვეუბნებიან, რომ სერიალი "ნამდვილი ისტორიის" მიხედვითაა გადაღებული, რაც ასე აშკარად არ არის. ვითხოვ, თავი დამანებონ", — ამბობს ფიონა ინტერვიუში.
ფიონას ინტერვიუს Netflix-ის წარმომადგენელი ბენჯამინ კინგი გამოეხმაურა. "მე პირადად თავს კომფორტულად ვერ ვიგრძნობდი ისეთ სამყაროში, რომელშიც გადავწყვეტდით, რომ უკეთესი იქნებოდა, რიჩარდი გაჩუმებულიყო და ამბის მოყოლის უფლება არ ჰქონოდა", — განაცხადა კინგმა და ისიც დასძინა, რომ რიჩარდ გადი სოციალური მედიის სპეკულაციების გაკონტროლებას ვერ შეძლებდა.