ბოლოს როდის გაბრაზდით? შეიძლება სულ ახლახან, ან რამდენიმე საათის წინ, მაგრამ ეს ის ემოციაა, რასაც გარკვეულ წილად თითქმის ყოველდღე განვიცდით.
რატომ ვბრაზდებით? ამ კითხვაზე ადამიანთა უმეტესობა გიპასუხებთ, რომ ბრაზდება მაშინ, როდესაც მის პროვოცირებას ახდენენ. თუმცა, როგორ ხდება ეს ყველაფერი ფიზიოლოგიურ დონეზე?
ასევე: რატომ ვბრაზდებით და რა ხდება ამ დროს ჩვენს ორგანიზმში
აშშ-ში მკვლევრებს აინტერესებდათ თუ როგორ აისახება ბრაზი ჩვენს ჯანმრთელობაზე, კერძოდ გულზე.
ითვლება, რომ გულის დაავადებების მქონე პაციენტებში ამ ტიპის სტრესი ინსულტის რისკებს ზრდის. ადრეულმა კვლევებმა გამოავლინა პოტენციური კავშირი სიბრაზესა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს შორის, მაგრამ ამ ურთიერთქმედების მიზეზები აქამდე ნათელი არ იყო. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც ჩვენ მოდუნებულები ვართ, ჩვენი სისხლძარღვებიც მოდუნებულია.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ შფოთვისა და სევდის გრძნობა არ იწვევდა ცვლილებებს სისხლძარღვების გარსში ერთნაირად – მიუხედავად იმისა, რომ ეს ემოციები ასევე დაკავშირებულია გულის პრობლემებთან.
"ჩვენ დავინახეთ, რომ ბრაზმა სისხლძარღვების დისფუნქცია გამოიწვია. ჩვენ ჯერ არ გვესმის, კონკრეტულად როგორ ხდება ორგანიზმში ეს ცვლილებები", — ამბობს დაიჩი შიმბო, კოლუმბიის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი.
კვლევის ფარგლებში 280 ჯანმრთელი ადამიანი შეირჩა. მათ სამი დავალებიდან ერთ-ერთი მიეცათ, რომლისთვის თავის გასართმევადაც 8 წუთი ჰქონდათ. ამ დროის შემდეგ მოხალისეთა უჯრედის გარსები სისხლის ნიმუშების საშუალებით გააანალიზეს.
დავალებები მოიცავდა ისეთი მოგონებების გახსენებას, რომლებიც ბრაზთან და სევდასთან იყო დაკავშირებული. სისხლძარღვების გაფართოების დარღვევები (სისხლძარღვების დაჭიმვა, რომელიც აფერხებს სისხლის ნაკადს სხეულში) შესამჩნევი იყო დავალების დასრულებიდან სამი წუთის შემდეგ. უკვე 40 წუთის შემდეგ ნიშნები აღარ აღინიშნებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრაზის გამოხატვა გარკვეულ სიტუაციაში შეიძლება სასარგებლოც იყოს, კვლევამ აჩვენა, რომ ის ასევე ზრდის გულის პრობლემების რისკს. ეს შეიძლება მოხდეს სისხლის ნაკადის შეზღუდვით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ფაქტორები აღენიშნება. მკვლევრებს ახლა სურთ გაიგონ თუ როგორ არის დაკავშირებული ემოცია და ბიოლოგიური შედეგები ერთმანეთთან.
საბოლოოდ ამან შეიძლება ბრაზის მართვის შესაბამისი მეთოდების შემუშავებამდეც მიგვიყვანოს. ამით მეცნიერებს მეტი ეცოდინებათ იმაზე თუ რომელი გრძნობა რომელ ცვლილებას იწვევს ორგანიზმში.
კვლევა Journal of the American Heart Association-ში გამოქვეყნდა.