რა უჯდებათ მშენებლებს თბილისში 1 კვადრატული მეტრის აშენება?

რა უჯდებათ მშენებლებს თბილისში 1 კვადრატული მეტრის აშენება?

დედაქალაქში ბინების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ. ბოლოდროინდელმა მკვეთრმა სიძვირემ, რასაკვირველია, შეამცირა მოთხოვნა, თუმცა დინამიკა მაინც მაღალია. დეველოპერები ამტკიცებენ, რომ უძრავ ქონებას ვერ აიაფებენ და ამის მიზეზებსაც ასახელებენ.

„გალტ ენდ თაგარტის“ მიერ გამოქვეყნებულ დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზრის პირველი კვარტლის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ იანვარ-მარტის განმავლობაში ჟამში 9 500 ბინა გაიყიდა. აქედან ყველაზე დიდი რაოდენობა 4 600 ბინა პირველად ბინებზე მოდიოდა, ახალ მეორად პროექტებზე 2 200 ბინა, ხოლო მეორად ძველ ბინებზე 2 700 ბინა. პირველი კვარტლის განმავლობაში ბაზრის ჯამური ზომა 717 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2024 წლის აპრილში ორგანიზაციამ თბილისის 14 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა ჩაატარა, რაც 68 მიმდინარე სამშენებლო პროექტს მოიცავდა.

„მიღებული შედეგების მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში გამოკითხული დეველოპერების მიერ გაყიდული ბინების ჯამური რაოდენობა წლიურად 2.7%-ით შემცირდა.

თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე დიდ მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეები ქმნიან, რაც მთლიანი გაყიდვების 85%-ს შეადგენს. ამასთან, რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეებს თითოეულს 4%-იანი წილი უჭირავს ჯამურ რეალიზაციაში“, - აღნიშნულია კვლევაში.

ყველაზე პრობლემური მოსახლეობისთვის უძრავი ქონების ფასის ზრდაა. ამის მთავარ მიზეზად „ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელი პაატა კოკაია მიწის ღირებულების სწრაფ მატებას ასახელებს. როგორც მან აღნიშნა, მინიმალური ღირებულება 1 კვ/მ-ზე 250-300 დოლარია. მიწის ფასის ზრდის საფუძველი კი დედაქალაქში შექმნილი დეფიციტია.

„დღეს მიწის შოვნა თბილისში ძალიან რთულია, ჩვენ ვეძებთ მიწას, გვინდა რომ ვიყიდოთ და არ არის, გარეუბანშიც აღარ არის, არათუ ცენტრში. მთლიან ღირებულებაში 300 დოლარი მაინც მიაქვს მიწის ფასს. გასაყიდი ბინა თავის სადარბაზოებით და ლიფტით დეველოპერს უჯდება 400 დოლარი, ამას ემატება დასუფთავების მოსაკრებელი 10 დოლარი და ბანკი. იმისთვის, რომ მშენებლობა დროულად დასრულდეს ბანკის გარანტიაც გჭირდება, ეს არის დაახლოებით 1 კვ/მ-ზე 30 დოლარი; ანუ 1 კვ/მ-ის ბინის თვითღირებულება 730-740 დოლარია.

ადრე თბილისში 800 000 დოლარად იყიდიდი მიწის ნაკვეთს, დღეს მშენებლობისთვის საკმარის მიწას, მინიმუმ 2,5 მლნ დოლრის სჭირდება“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში პაატა კოკაიამ.

უძრავი ქონების ბაზრის კვლევის შედეგები დაახლოებით იდენტურია. ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავვებელი სექტორის განვითარებას რამდენიმე კომპანია სწავლობს და აკვირდება. „ქოლიერს ჯორჯიას“ კვლევის მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 9824 ერთეული შეადგინა და წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით 3%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა - 3%-ით, 622 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

მათივე ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში კი 3%-ით შემცირდა. ქალაქის ცენტრში ცვლილება არ დაფიქსირებულა.

2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბნებსა და ფართოცენტრში. ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.