კანდიდატის სტატუსის შეჩერება და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დაფინანსების გადახედვა - რამდენად რეალურია საფრთხე, რომლითაც საქართველოს ემუქრებიან?

კანდიდატის სტატუსის შეჩერება და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დაფინანსების გადახედვა - რამდენად რეალურია საფრთხე, რომლითაც საქართველოს ემუქრებიან?

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებაზე დასავლეთის ერთგვარი ზეწოლა ძლიერდება. 30-ზე მეტმა ევროპარლამენტმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართა, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს და ასევე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსებაც.

აღნიშნულის შესახებ გარკვეულ პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის მიერ გაჟღერებულ ახალ გზავნილებს ყურადღება მიაქციოს. ამ ნაწილის შეფასებითვე, საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა ქვეყნისთვის ძალიან საზიანო პოლიტიკას ატარებს და ეს საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებას გამოიწვევს, რასაც თავის მხრივ, იქამდე მივყავართ, რომ ევროკავშირმა საქართველოს შესაძლოა ზურგი აქციოს. შედეგად კი ყველა ვხვდებით, სადამდეც მივდივართ - საქართველო ყველაზე საშიში მტრის, რუსეთის პირისპირ შესაძლოა მარტო დარჩეს.

საქართველოს ყოფილი მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ საფრთხე იმისა ევროკავშირმა საქართველოსთვის მინიჭებული კანდიდატის სტატუსი უკან გაიწვიო, რეალურია. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი ხელახლა იმისთვის შემოიტანა, რომ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვება და მისი შესაძლო გაყალბების შემთხვევების გამოვლენა მინიმუმამდე დაიყვანოს.

„საფრთხე არის არა იმისა, რომ ევროკავშირი უკან წაიღებს სტატუსს, არამედ იმის, გაიტანს თუ არა ამ დაწყევლილ კანონპროექტს „ქართული ოცნება“. მმართველმა ხელისუფლებამ ამ კანონპროექტის კიდევ ერთხელ შემოტანით აურია სიტუაცია, მათ შორის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონაპოვართან მიმართებაშიც. ის ევროპარლამენტარები, რომლებმაც წერილი დაწერეს, შეურაცხყოფილები არიან. გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ მათ პოლიტიკასა და დღის წესრიგშიც ერევა.

საფრთხე, რომელიც შეიძლება არსებობდეს, ეხება თბილისს და არა ბრიუსელს. შანსი იმისა, რომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი დავკარგოთ, საკმაოდ მაღალია, თუმცა ეს ერთ ან ორ დღეში არ მოხდება და არც არჩევნებამდე, მაგრამ იქამდე იმედია, პერსონალურად დაასანქცირებენ ქართველ პოლიტიკოსებს, ვინც ასე დაუნდობლად არბევენ ქართველ ახალგაზრდებს.

ეს კანონი იმიტომ შემოიტანეს, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ გაყალბების მტკიცებულებები. თუ არჩევნებში მკაფიოდ და ცალსახად გამოიკვეთება გაყალბება, რაც გამორიცხული არაა, რად გვინდა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი?! არჩევნების შემდეგ, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, შეიძლებოდა ამ კანონის მიღება.

პირდაპირ ვერ აღიარებენ რუსეთის სატელიტობას, რადგან რუსეთი ოკუპანტია და საზოგადოებისთვის მიუღებელია. ამიტომ, ფარისევლური ჩანაფიქრით ცდილობენ ისაუბრონ ევროპაზე, ხელებით კი ევროპას ებრძოდნენ. „ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანია არჩევნებში გამარჯვება და ძალაუფლების შენარჩუნება. თუკი არჩევნები გაყალბდება, ამას არ დასჭირდება უცხოელების და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დასტური. ამას ნახავს ქართველი მოსახლეობა თავისი თვალით. როდესაც ცუნამი აგორდება, იმას წინ ვერაფერი დაუდგება. ჩვენ 10-15 წლით ვკარგავთ ევროპულ ინტეგრაციას და პერსპექტივებს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, ირაკლი მენაღარიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ აუცილებელია საქართველომ, ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით, მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოს.

„ამ საკითხს ძალიან ფრთხილად და დაფიქრებით სჭირდება მოკიდება, ეს ყველას ეხება. თუკი საქართველოს პოლიტიკური წრეები არ გვიჩვენებენ რეალურ დაინტერესებას ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ტონიც და დამოკიდებულებაც საქართველოს მიმართ შეიძლება ძალიან პრინციპული და მიუღებელიც კი გახდეს.

საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების შიში არ მაქვს, რადგან ქართულმა საზოგადოებამ უკვე დაამტკიცა, რომ მისი გადაწყვეტილება არის უცვლელი და სურს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამ სურვილის წინააღმდეგ ვერავითარი ძალა ვერ წავა - საზოგადოებამ მისი პრინციპული პოზიცია ძალიან მკაფიოდ გამოხატა. რა თქმა უნდა, ის დამოკიდებულება, რაც არაერთმა წარმომადგენელმა გამოავლინა ევროპული, პოლიტიკური წრეებიდან, გადახედვას საჭიროებს“, - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან საუბარში.

ევროპარლამენტარის წერილში კი ვკითხულობთ: „ამგვარმა ქცევამ კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, რაც ეწინააღმდეგება იმ ცხრა ნაბიჯს, რომელზეც საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, როდესაც ქვეყანას ევროკავშირის სტაუსი მიენიჭა და ევროკავშირის მიერ ამის უგულებელყოფა აღარ შეიძლება“.

ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ, გამოიჩინოს მტკიცე პოზიცია და მიიღოს ზომები, რაც მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საქართველოს ხელისუფლებას.

„პირველი, საქართველოს ხელისუფლებისა და წამყვანი პარტიის „ქართული ოცნების“ ქცევა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს. ამიტომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის გარეშე.

მეორე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება.

მესამე, 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მოცემული ცხრა ნაბიჯის განხორციელებაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით შუალედური შეფასება უნდა მოხდეს შემდგომი შეფერხების გარეშე. ეს ზომა შეტანილია პარლამენტის 2024 წლის 25 აპრილის რეზოლუციაში „საქართველოში „უცხოური აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“, - აღნიშნულია წერილში.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ბოლო წლებში დაუღალავად მუშაობენ ქართველი ხალხისა და მისი ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების მხარდასაჭერად.

„ჩვენ სიმტკიცეს ვინარჩუნებთ ამ კუთხით, მაგრამ დემოკრატიული კრიტერიუმები ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივეა და დაცული უნდა იყოს“, - აღნიშნულია წერილში.

წერილის ასლს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში ავრცელებს. წერილს ხელს აწერს 30-ზე მეტი ევროპარლამენტარი, მათ შორის პეტრას აუსტრევიჩუსი, ვიოლა ფონ კრამონი, ანდრიუს კუბილიუსი, მირიამ ლექსმანი, რასა იუკნევიჩიენე, თიის როიტენი და სხვები.

sapiqrali უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება. - მე მაინტერესებს ეს დაფინანსება არის გრანტის სახით თუ სესხია?????
1 კვირის უკან