„სუს-ი ცდილობს ამ ბავშვების მშობლებს აუხილოს თვალი - მზაკვარი და მავნებელი პოლიტიკოსები მათი ბავშვების ხორცსაკეპ მანქანაში განზრახ გატარებას აპირებენ“

„სუს-ი ცდილობს ამ ბავშვების მშობლებს აუხილოს თვალი - მზაკვარი და მავნებელი პოლიტიკოსები მათი ბავშვების ხორცსაკეპ მანქანაში განზრახ გატარებას აპირებენ“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ აფრთხილებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარკვეული ჯგუფები უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, აქციებზე პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ, რომლის მიზანიც დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებაა. სუს-ი აცხადებს, რომ პროცესები პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ იმართება. გეგმებში კი ჩართულები არიან ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები. მათ შორის დანაშაულებრივ გეგმებში ჩართულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების ნაწილი.

for.ge-მ ექსკლუზიურად გაავრცელა ფარული ჩანაწერი სადაც, აქტივისტების - ნატა ფერაძისა და ლაშა ფირცხალაიშვილის საუბარი ისმის, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს გეგმავენ. ისინი გზების პიკეტირებას, დაკავებებზე და ახალგზრდებისთვის თვალის დათხრაზე საუბრობენ.

ასევე გამოცემამ გაავრცელა კიდევ ერთი ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის.

კიდევ ერთ ჩანაწერში, რომელიც კვლავ for.ge-ს ექსკლუზივია, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდება. მას ნიკა გვარამია შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს.

ამასთან, გავრცელდა ფარული ჩანაწერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მონაწილეობითაც, სადაც ის გზების პიკეტირებაზე, სპეცრაზმთან შეტაკებაზე და სხვა ძალის მიერ მოქმედებებზე საუბრობს. ჯაფარიძემ ჩანაწერის ავთენტურობა უკვე დაადასტურა და ამბობს, რომ ორი წლის წინ ჩაწერილი საუბარია.

კრიმინალური პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპტაძემ კი აქციის მონაწილეეები გააფრთხილა.

„ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, იმ დროს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ახალგაზრდებო, ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლობებს. ისინი მილიონობით დაფინანსებას იღებენ და ცდილობენ, რომ ეს დაფინანსება შეინარჩუნონ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დესტაბილიზაციის გეგმას საპარლამენტო ოპოზიცია უსაფუძვლოს უწოდებს.

„ტყუილი, რომელიც თვითონ გამოიგონეს არაერთგზის უკვე... წლების მიხედვით განცხადებებში, სიტყვები მაინც შეცვალონ“, - ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას თქმით, სწორედ სუს-ის განცხადებების მეშვეობით ცდილობს ხელისუფლება ოპოზიციის დაშინებას.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ შარშან აქციებზე ვიხილეთ უკრაინიდან დაბრუნებული ორი ქართველი მებრძოლი კამერების წინ როგორ პოზირებდა. ქართველიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის კონტრაბანდულად შემოპარვამდე ერთი დღით ადრე, 28 პირი, რომელიც კიევის მაიდანის მონაწილეები იყვნენ, საქრათველოში დააპატიმრეს და დეპორტაცია გაუკეთეს. მათ დავალება ჰქონდათ, რომ ჩვენს ქვეყანაში დაწყებულ არეულობას შეერთებოდნენ, რომელიც სააკაშვილის რუსთაველზე გამოსვლით უნდა დაწყებულიყო.

„უსაფრთხოების სამსახური მუშაობს და ეს ძალიან კარგია. ბევრი ადამიანისთვის ცოტა გაუგებარია ხოლმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის სპეციფიკა. მაგალითად, გარკვეული კითხვები დაისვა, რომ თუკი შარშან „იუესაიდის“ მიერ ჩამოყვანილი „კანვასის“ და მაიდანის პოლიტტექნოლოგები აქ აპირებდნენ რაღაცა რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდების გადამზადებას, არსებობდა მათზე რეალურად მოპოვებული ოპერატიული მასალა, რატომ არ მოხდა მათი დაკავება. ყველას გვახსოვს პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების დროს არსებობდა.

შესაძლოა „იუესაიდთან“ პირდაპირი შეტაკება, ან „კანვასის“ პოლიტიკოსების დაკავებას ამ ამოცანისთვის ხელი შეეშალა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმე ამ ამბის მიმართ კვლავ არსებობს, მმართველმა გუნდმა ეს სახელმწიფოებრივი ინტერესი უფრო ზევით დააყენა. საქართველომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამ ხალხს ჰქონდა მზადება, რომ თუ სტატუსს ვერ მივიღებდით, ქვეყანაში „მაიდანის“ სცენარი და გადატრიალება მოეხდინათ. კარგია, წელსაც, სახლმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ქვეყნის პულსზე ხელი უკავია“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ის რაც სუს-მა განცხადებაში ჩამოაყალიბა, ეს არის აისბერგის მწვერვალი. ძირითადი აისბერგი წყალქვეშაა და ის ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, საზოგადოებისთვის გაშიფრული არც უნდა იყოს.

„სპეცსსამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან წარსულში მქონდა იქ მსახურების პატივი, ვიცი, რომ ეს სიტუაცია ამ უწყების მიერ კონტროლირებადია. დღეს არც ერთი ლიდერი, ქოუჩი, პოლიტტექნოლოგი, რომელიც უდანაშაულო ბავშვების მსხვერპლშეწირვით აპირებს საკუთარი პოლიტიკური მიზნების გატარებას, ამას ვერ შეძლებს. მათ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება არ აცდებათ. ამაში იყვნენ ძალიან კარგად დარწმუნებულები.

სუს-ი ცდილობს ამ ბავშვების მშობლებს აუხილოს თვალი იმაზე, რომ მზაკვარი და მავნებელი პოლიტიკოსები მათი ბავშვების ხორცსაკეპ მანქანაში განზრახ გატარებას აპირებენ. გაისმა არაერთხელ, რომ მსხვერპლი უნდა გავიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მიზანი შეუსრულებელი იქნება. დავივიწყოთ „არა რუსულ კანონს“, რადგან აქ ეს არაფერ შუაშია. კანონი მხოლოდ საბაბია იმისა, რომ ამის გარშემო შეცდომაში შეიყვანონ ახალგაზრდები და შემდგომში მათი მსხვერპლშეწირვით, საკუთარი ამბიციები დაიკმაყოფილონ, ეს კი სახელმწიფოს გადატრილებაა“, - ამბობს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამ ვერაგულ სცენარში ჩართულია ყველა ის ძალა, რომელიც საქართველოდან და მის გარედანაც ქართველ ხალხს ამუნათებს. აბაშიძე მიიჩნევს, რომ ყველა ეს ადამიანი დაინტერესებულია, რომ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების ძალის გამოყენებით გადაგდება მოხდეს.

„ომის პარტიის მიერ დაწერილი სცენარი მაინც ფიასკოსთვის არის განწირული. წარმოუდგენელია, რომ აქ მათ ასეთი გეგმების შესრულება შეძლონ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათ მხარდაჭერა ჩვენს მოსახლეობაში არა აქვთ. ტყუილად ჰგონიათ, ნაციონალებს, მათ განშტოებებს და სპონსორებს, რომ ისინი ქვეყნის აყირავებას შეძლებენ. ეს აბსოლუტურად წარმოუდენელია. სუს-მა გააკეთა ის მინიშნებები, რაც ამ ეტაპზე საჭიროდ ჩათვალა, რომ საჯაროდ ეთქვა.

ვინც კი კანონს დაარღვევს, სახელმწიფოს წინააღმდეგ იმოქმედებს, მის მიმართ, რა თქმა უნდა, დაკავებაც იქნება და გასამართლებაც. დემოკრატიულ სახელწმიფოში ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს კანონებით ებრძვიან. დავაკვირდეთ არა მხოლოდ ამ დღეების განცხადებებს, არამედ წინა განცხადებებს, რომელიც ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან გვესმის. ეს ხომ ყველა ანტიქართულია. მათ, გლობალური ომის პარტიას სურს, რომ ეს ხელისუფლება, როგორც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო, მათი ვასალი და მონა-მორჩილი გახდეს. ამას ვერ მიაღწიეს, ამიტომ ჩართულები არიან, როგორც ფინანსურად ასევე იდეოლოგიურად, სხვა დაუშვებელი რესურსებით. თუმცა საზოგადოებაში, როდესაც ასეთი ერთობაა, იქ მსგავსი ავაზაკური სცენარის განხორციელება ვერ მოხდება“, - ამბობს აბაშიძე.