ნათხემის ლათინური შესატყვისი cerebellum "პატარა ტვინს" ნიშნავს. ჩვენი ცენტრალური ნერვული სისტემის ამ საკმაოდ მცირე ზომის ნაწილში ნეირონების 3/4-ზე მეტია თავმოყრილი და ის ტვინის მთლიანი მასის მხოლოდ 10%-ს შეადგენს. ამის მიუხედავად, მას მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს.
ნათხემი თავის ქალის ქვედა მხარესაა განლაგებული და, ძირითადად, კოორდინირებულ მოძრაობაზეა პასუხისმგებელი, მაგალითად წონასწორობის დაცვაზე. ახალი კვლევის თანახმად, "პატარა ტვინს", ასევე, საკუთარი როლი აქვს სწავლის პროცესშიც. მეცნიერები წინა ნაშრომს დაეყრდნონ, რომელშიც სწორედ ეს საკითხი იყო განხილული.
"დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ ნათხემის ერთადერთი ფუნქცია ჩვენი მოძრაობის კონტროლი იყო. ახლა უკვე ვიცით, რომ მასში არის არეალები, რომლებიც ფიქრის პროცესში მონაწილე რეგიონებთანაა დაკავშირებული და, როგორც ჩანს, მათთან ერთად განვითარდა", — აცხადებენ სპეციალისტები.
მათ კვლევა მაიმუნებზე ჩაატარეს, რომელთაც ეკრანზე გამოსახული სურათების მიხედვით ან მარჯვენა ხელი უნდა აემოძრავებინათ, ან მარცხენა. სწორი მხარის არჩევისას ჯილდოდ ისინი წვენს იღებდნენ. როდესაც პრეპარატების მეშვეობით ცხოველთა ნათხემის უკანა-ლატერალური ნაწილი დროებით გათიშეს, ამან დასწავლაზე იქონია გავლენა. კერძოდ, ჯილდოს მიუხედავად, მაიმუნებს უკვე უჭირდათ იმის გახსენება, თუ რომელი ხელი უნდა აემოძრავებინათ ფოტოს საპასუხოდ.
"როცა ნათხემის ამ რეგიონს თიშავ, ახლად დასწავლის პროცესი ფერხდება. ეს ძალიან ნელა ხდება, რამდენიმე ცდის განმავლობაში, და ქცევაც იმ დონის აღარაა, როგორიც იყო. ესაა კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ნათხემი ჯილდოთი განსაზღვრულ ინფორმაციას პრიმატებში კოგნიტიური ფუნქციის ფორმირებისთვის", — ამბობენ ავტორები.
აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე გამყარებული დასწავლილი ინფორმაცია გახსენებას მაინც ექვემდებარებოდა. უკანასკნელი მონაცემები საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავარკვიოთ, როგორ მუშაობს ტვინი და როგორ შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ სხვადასხვა დარღვევას.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.