„ის, ვინც ქვეყანაში არასტაბილურ გარემოს შექმნის, არჩევნებს აუცილებლად წააგებს“

„ის, ვინც ქვეყანაში არასტაბილურ გარემოს შექმნის, არჩევნებს აუცილებლად წააგებს“

„ქვეყანაში არასტაბილური გარემო, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვრივალობის“ კანონპროექტის ინიცირების შედეგად შეიქმნა, შესაძლოა მეტად დამძიმდეს და მივიღოთ ერთგვარი კოლაფსი“, - ასეთია ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილის შეფასება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მათი ნაწილი თვლის, რომ მნიშვნელოვანია მომიტინგეები და ხელისუფლების წარმომადგენლები მოლაპარაკების მაგიდას მიუხსდნენ, რომ მივიდნენ კომპრომისებამდე და საბოლოოდ, მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარისთვის, ასე თუ ისე, მისაღები იქნება. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ ჩვენ არ გავარღვევთ ამ ე.წ. პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ქვეყანას ძალიან გაუჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. მთავრობის მეთაურის თქმით, საჭიროა სწორედ ამ ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა და ვითარების დამშვიდება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა.

„რეალურად მარტივად არის საქმე. კონკრეტული ძალებისთვის პოლარიზაცია, რადიკალიზმი არის საკუთარი ინტერესების რეალიზების მთავარი ინსტრუმენტი და ამ კუთხით „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა მათთვის ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. სწორედ „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა აძლევს მათ საშუალებას, რომ საქართველო დატოვონ ე.წ. პოლარიზაციის, იგივე რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეში. სწორედ იმიტომ ეწინააღმდეგებიან შესაბამისი ძალები გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, რომ მათ სურთ ქვეყანა მუდმივად ამყოფონ რადიკალიზმის რეჟიმში და ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში.

საქართველოს ყოფილი მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქართული პოლიტიკის შეცვლის საკითხს მხარი დაუჭირა, რაც თავისი არსით, ქვეყნის შიგნით ქართველების დაპირისპირებას გულისხმობს. მისი შეფასებით, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და მიმდინარე პროცესში, „ქართული ოცნება“ აუცილებლად წააგებს. 

ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ნიღაბი მოიხსნა - პირდაპირ თქვა, „არავითარი ევროპა“ და „სტარტის“ დროშა აუფრიალა ქართული პოლიტიკის შეცვლას კონფრონტაციის მიმართულებით. 

ამასთან, იყო ცალსახად, შეგნებულად განხორციელებული დარბევა, რომ საზოგადოებიდან შექმნან აგრესია, რათა შემდეგ გაამართლონ უფრო საშინელი ქმედებები, როგორიც არის სისხლის დაღვრა. მეორე მხრივ გამოჩნდა, რამდენად სუსტი და უსუსურია „ქართული ოცნება“ და მისი პოლიცია. 9 აპრილი რომ გავიხსენოთ, იმ დღეს რუსები ჩამოიყვანეს სხვა რეგიონებიდან, რომ მათ დაერბიათ ქართველები - იმ დროინდელი საბჭოთა მმართველობა არ იყო დარწმუნებული, თუ ქართველი ქართველს დაარბევდა. ახლა კი ივანიშვილი ცდილობს ქართველებს ქართველები დაარბევინოს, თუმცა, საბოლოო ჯამში, არ გამოუვა. ვერ ხვდებიან, რომ შეიძლება სხვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირონ და საბოლოოდ, მაინც დამარცხდნენ. 

მინდა ივანიშვილს განდის სიტყვები შევახსენო: „ისინი იგნორირებას უკეთებენ, მერე დაგვცინიან, შემდეგ გვიტევენ და ბოლოს, ისინი მარცხდებიან“. „ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება, რადგან მათ გუშინ შეტევა განახორციელეს. შეიძლება კანონი მიიღონ, მაგრამ ეს არჩევნებში ცუდად მოუბრუნდებათ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებები, თავიანთი არასწორი პოლიტიკით, თავად ქმნიან რევოლუციური სცენარის შესაძლებლობებს და „ქართულ ოცნებას“ სწორედ აქეთ აქვს მიმართულება აღებული.

„რევოლუციას, ყოველთვის, თავად ხელისუფლებები „იჩალიჩებენ“, რადგან მას ქმნის ხელისუფლების უგნური პოლიტიკა და ისინი აშკარად აქეთ მიდიან. ისინი გამოიწვევენ ძალიან სერიოზულ ცუნამს საზოგადოებაში. პირველად ვხედავ, რომ მომიტინგეები რეგულარულად, ხალისითა და სიხარულით ბრუნდებოდნენ უკან, დარბევის ადგილზე - ამათზე გამარჯვება შეუძლებელია - „ქართული ოცნება“ უკვე დამარცხებულია. ისინი ძალიან ცუდად „ეჩალიჩებიან“ რევოლუციას, ძვირად დაუჯდებათ. თუ კანონს გაიწვევენ და სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ, „ქართული ოცნების“ შანსი ქართულ პოლიტიკაში არსებობს - შეუძლიათ აიღონ 30-35%, სხვა შემთხვევაში, ქართველი ხალხი მათ აღარ დაინდობს“, - დასძინა პაატა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ის, ვინც ქვეყანაში არასტაბილურ გარემოს შექმნის, არჩევნებს აუცილებლად წააგებს. მისი შეფასებით, მხარეებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, განსაკუთრებით კი, მმართველ პოლიტიკურ ძალას. როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, დღეს მორიგი რევოლუციის მოწყობის არც სურვილი და არც რესურსი არ არსებობს. 

„სტაბილურობას, როგორც ჩანს, არ ვუფრთხილდებით. იმედი ვიქონიოთ, რომ რაღაც ეტაპზე, მხარეები გონს მოეგებიან და ბრძოლის მაგივრად, მოსალაპარაკებლად დასხდებიან. ისიც გაუგებარია, ბრძოლა სადამდე მივა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს, თუმცა, ხომ უნდა მივიდეთ არჩევნებამდე?! - ეს კი იმას ნიშნავს, რომ არჩევნებამდე ეს პერიოდი ამ რეჟიმში უნდა გავატაროთ. ვინც არასტაბილურობის რეჟიმს დაამკვიდრებს, ის მხარე არჩევნებს წააგებს. მოსახლეობა არასტაბილურობის მომხრე არ არის. ამისთვის არის მნიშვნელოვანი დასხდომა და საუბარი ერთმანეთთან - ხელისუფლების მხარეს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. 

ვადამდელმა არჩევნებმა გაიჟღერა, მაგრამ არის ეს შემდეგი სიტუაციიდან გამოსავალი?! - ვისურვებდი, რომ თუნდაც ვადამდელი იყოს, არჩევნები ჩატარდეს უფრო ნაკლებ ემოციურ ფონზე და არა ასეთი დაძაბულობის. დაძაბულობა, ყოველთვის, აჩენს ისეთ სიმწვავეს საარჩევნო პროცესში, რომ შემდეგ არ გაქვს გარანტია, ამომრჩევლებმა ხმა მისცა იმ მომენტის ემოციის გავლენით თუ შორეული პერსპექტივის ხედვით. 

არიან ადამიანები, რომელთაც, რომ ჰკითხო, რევოლუცია უნდა თუ არა, დაუფუქრებლად გიპასუხებენ კი-ს. გარკვეულ ადამიანებში, ალბათ, არის ეს მუხტი, მაგრამ იმ ადამიანთა დიდი რიცხვი, რაც რევოლუციას სჭირდება, არ არის. ხშირად აღინიშნება, რომ საქართველომ მიაღწია იმ ეტაპს, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით იცვლება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან საუბარში. 

Maverick იქეთ ხუხა, აქეთ ზაქარა... ტაში კუკური.......
7 თვის უკან
არაგველი641 პაატა ზაქარეიშვილიც მუქთა "სოსკაზე" ყოფილა მიბმული!
7 თვის უკან
Aburjga Tasmanieli იშვიათია ასეთი გონებადაბნელებული ადამიანი როვგორიც ეს პაატა ზაქარეიშვილია. ხუხაშვილისგან განსხვავებით ის ბოროტი არ არის, უბრალოდ ყველაფერს თავდაყირა ხედავს, უკუღმართია!
6 თვის უკან