მკვლევრები "დროში უკან დაბრუნდნენ" და შეისწავლეს ის თუ რამდენად ჭკვიანები იყვნენ დინოზავრები. გასულ წელს საინტერესო კვლევა გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტირანოზავრი გონებრივად ისე იყო განვითარებული, როგორც პავიანი. ახლა მეცნიერებმა ეს კვლევა შეაფასეს და შედეგები თავიანთ ნაშრომში გამოაქვეყნეს.
მათ აინტერესებდათ თუ რამდენად ჭკვიანი იყო ტირანოზავრი.
ერთი შეხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ცხოველი, რომელიც 67-200 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, გონებრივად ნაკლებად განვითარებული იქნებოდა. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის.
იყო თუ არა ტირანოზავრი მაიმუნივით ჭკვიანი?
გასულ წელს კვლევამ აჩვენა, რომ ტირანოზავრის ტვინში არსებული ნეირონების დიდი რაოდენობის გამო, ისინი კოგნიტურად მაიმუნების დონეზე უნდა ყოფილიყვნენ. გარდა ამისა, მაშინ მკვლევრები აცხადებდნენ, რომ ამის საფუძველზე ტირანოზავრს მარტივი ინსტრუმენტების გამოყენებაც შეეძლო, ისევე როგორც ეს მაიმუნს.
დოქტორმა კაი კასპარმა ამ იდეის შემდგომი შესწავლა გადაწყვიტა.
კასპარმა ის ტექნიკა გამოიკვლია, რითაც მკვლევრებმა ერთი წლის წინ თავიანთი დასკვნა გააკეთეს. პალეონტოლოგები და ბიოლოგები, როგორც წესი, სწავლობენ მინერალების შიგთავსს ან ენდოკასტს, ასევე მათი ღრუების ფორმას, რათა დაასკვნან თუ როგორ იქცეოდა ესა თუ ის ცხოველი.
კასპარმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ შარშანდელი კვლევა ბოლომდე გამართული არ იყო. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ტვინის ზომა სულაც არ მიუთითებს მაღალ ინტელექტზე. მაგალითად, ვეშაპებს მსოფლიოში ყველაზე დიდი ტვინი აქვს, მაგრამ ეს არსება დედამიწაზე ყველაზე ჭკვიანი ნამდვილად არ არის. შესაბამისად, ინტელექტის "გასაზომად" მხოლოდ ტვინის ზომა არ კმარა.
"მხოლოდ ნეირონების რაოდენობისა და ტვინის ზომის განსაზღვრა ინტელექტის დონის დასადგენად საკმარისი არაა. ეს გადაშენებულ ცხოველებზე არასწორ ინფორმაციას მოგვცემს", — თქვა კვლევის თანაავტორმა, დოქტორმა ორნელა ბერტრანდმა.
მაიმუნი არა, მაგრამ ტირანოზავრი ნიანგივით ჭკვიანი იქნებოდა
მკვლევრების თქმით, დიდი ხნის გადაშენებული სახეობების გონებრივი შესაძლებლობების შესასწავლად, მკვლევრებმა ჩონჩხის ანატომია, ძვლის ჰისტოლოგია, ცოცხალი ნათესავების ქცევა და ნამარხებიც უნდა გაანალიზონ. როგორც ჩანს, ცხოველის გონებრივ შესაძლებლობებზე პასუხისმგებელი მხოლოდ ნეირონების რაოდენობა არაა და ის სხვა ორგანოებთან თუ ძვლებთანაა დაკავშირებული.
მკვლევრებმა ბოლო ნაშრომში სწორედ ეს ქნეს და დასკვნა ყველა მონაცემის გათვალისწინებით გააკეთეს.
მკვლევრების თქმით, ტირანოზავრი ნამდვილად ჭკვიანი ცხოველი იყო, მაგრამ ის თავისი გონებრივი შესაძლებლობებით ნიანგს უფრო ჰგავდა, ვიდრე მაიმუნს.
კვლევა The Anatomical Record-ში გამოქვეყნდა.