„არ მგონია, დასავლეთმა საქართველოში რევოლუციურ სცენარს მხარი დაუჭიროს, მათ სხვა გეგმა აქვთ - პროცესი არჩევნებამდე მიიყვანონ და შემდეგ მოახერხონ ქვეყანაში რაღაც პროცესების ინიცირება“

„არ მგონია, დასავლეთმა საქართველოში რევოლუციურ სცენარს მხარი დაუჭიროს, მათ სხვა გეგმა აქვთ - პროცესი არჩევნებამდე მიიყვანონ და შემდეგ მოახერხონ ქვეყანაში რაღაც პროცესების ინიცირება“

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება - შეიძლება ითქვას, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო. ამასთან, ამ კანონპროექტის მიმართ, ევროპარლამენტარების კრიტიკაც არ წყდება და ისინი „ქართულ ოცნებას“ კანონის არმიღებისკენ მოუწოდებენ, სხვა შემთხვევაში, აცხადებენ, რომ მისი მიღება საქართველოს ევროპასთან დააშორებს - მეტიც, ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობასა და თანამშრომლობას გადახედოს. შესაბამისად, გამოითქვა მოსაზრება, რომ საქართველო ყველაზე საზარელ მტერთან, რუსეთთან პირისპირ მარტო რჩება.

თუმცა, ამის ფონზე, საქართველოს ხელისულებამ 29 აპრილს აქცია გამართა, რომელსაც საყოველთაო-სახალხო შეკრება უწოდა. ეს კი იმის დასამტკიცებლად, რომ საზოგადოების უმრავლესობა კანონპროექტის მიღების მომხრეა და ხელისუფლების მხარდაჭერა მაღალია. იგი ჯიუტად აგრძელებს კანონპროექტის განხილვას და საპასუხოდ ამბობს, რომ „გამჭვირვალობა ევროპულია“. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ „ქართული ოცნება“ აღნიშნულ კანონპროექტს „გადაყვება“, - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც ოქტომბრის თვეშია ჩანიშნული, შესაძლოა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების შეცვლის სერიოზული შესაძლებლობა გაჩნდეს. ხოლო, ხელისუფლების შეცვლის გზად რევოლუციური სცენარის განხილვა სახელდება.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა 30 აპრილს საპროტესტო აქციები გაანახლეს და აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ კვლავ შეიკრიბენ. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ამ აქციებმა შესაძლოა უწყვეტი სახე მიიღოს და ვითარება გამწვავდეს. მისი თქმით, 29 აპრილს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებიდან დარჩა განცდა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ევროკავშირში ინტეგრაციას „სუვერენული დემოკრატიის პოლიტიკით ცდილობს“, თუმცა ჩნდება კითხვა - ამ ყველაფერს დასავლეთი რამდენად მიიღებს?!

„საპროტესტო ტალღა, ალბათ, არ შეჩერდება და სიტუაცია გამწვავდება, მაგრამ ვითარების შესაძლო დამძიმებასთან დაკავშირებით, მძიმე პროგნოზს არ გამოვთქვამდი. აქციები პერმანენტულ ხასიათს, დიდი ალბათობით, მიიღებს. ახლა ოპოზიციამ აქციები რომ გააჩეროს, გამოდის, წინა აქციებს ფუჭად ჩაუვლია.

ბიძინა ივანიშვილს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ კანონპროექტის გატანა და არ მოხდეს მისი ერთგვარი დაპაუზება, თუმცა, თქვა, რომ ის ჯერ კანონად არ უნდა გადააქციონ და საპარლამენტო არჩევნებს დაელოდონ. თუ არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვეს, სწორედ ამ უმრავლესობით მიიღონ ეს კანონი. ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ თავდაჯერებული იყო 29 აპრილის შეკრებაზე, თითქოს მას ინფორმაცია არ ჰქონდეს, თუ რა რეაქცია აქვს ამ კანონპროექტზე დასავლეთს. ვფიქრობ, რომ პოლიტიკის ცვლილება მიდის - საქართველო ცდილობს ევროკავშირში შესვლა-ინტეგრაციას თავისი ე.წ. სუვერენული დემოკრატიის პოლიტიკით. თუმცა, ამ ყველაფერს ევროკავშირი რამდენად მიიღებს, ეს უკვე საკითხავია“, - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი გამორიცხავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ხელისუფლების შეცვლა მოხდეს, მით უმეტეს რევოლუციური გზით. ანჯაფარიძის განცხადებით, დღეს საზოგადოებაში რევოლუციური განწყობები არ არსებობს. მისი შეფასებით, აღნიშნული სცენარი, დიდი ალბათობით, დასავლეთის გეგმებში არ შედის - ცვლილების განხორციელების ერთგვარი მცდელობა შესაძლოა არჩევნების შემდეგ მოხდეს, თუკი გაჩნდა განცდა, რომ შედეგები გაყალბდა.

„ხელისუფლების შეცვლა არჩევნებამდე დამოკიდებული იქნება იმ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, რაც ქვეყნის შიგნით და მის გარეთ უახლოესი თვეების განმავლობაში შეიქმნება. თუ მათ (ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა) მიიღეს მხარდაჭერა დასავლეთიდან, არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიცია ამაზე წავიდეს, მაგრამ არ მგონია, რომ დასავლეთმა საქართველოში რევოლუციურ სცენარს მხარი დაუჭიროს, თუ განსაკუთრებული და საგანგებო სიტუაცია არ შეიქმნება - მათ სხვა გეგმა აქვთ: პროცესი არჩევნებამდე მიიყვანონ და შემდეგ უკვე არჩევნების მიმართ, პრეტენზიების გამოთქმით მოახერხონ ქვეყანაში რაღაც პროცესების ინიცირება.

რევოლუციური განწყობები საზოგადოებაში არ არის და ოპოზიცია ვერ შეძლებს იმდენი ხალხის გამოყვანას, რომ მან რევოლუცია მოახდინოს. არ დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლებასაც ჰყავს მხარდამჭერები. ასე რომ, ისინი წინააღმდეგობას ხელისუფლების მხარდამჭერთა მხრიდან წააწყდებიან. არ ვფიქრობ, რომ შესაძლოა 2003 წლის მოვლენები განმეორდეს, რაზეც ბევრი აპელირებს, რადგან დღეს თვისობრივად სხვა სიტუაციაა, მიუხედავად ასეთი მაღალი საპროტესტო განწყობის - არ მგონია, რომ ეს საკმარისი იყოს რევოლუციის მოსახდენად“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.

როგორც კიდევ ერთი ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, 29 აპრილის შეკრებამ აჩვენა, რომ ხელისუფლების ამოცანაა ოქტომბრის არჩევნებისთვის მოქალაქეთა საპროტესტო მუხტი ჩაახშოს. ძაბირაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ეს საპროტესტო მუხტი, რაც დღეს საზოგადოებაში არსებობს, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე აისახოს და „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა ვერ მოიპოვოს.

„29 აპრილს ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შესაძლოა მოჰყვეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მძაფრი კრიტიკა. გასაგებია, რომ სახელისუფლებო რესურსი იქნა გამოყენებული, სხვა შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ 1000 კაცსაც ვერ შეკრებდა. ამოცანაა, რომ პროტესტი არჩევნებამდე მივიყვანოთ. ამ პროტესტის საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნებზე უნდა მივიღოთ. მანამდე, ხელისუფლების შეცვლის ნებისმიერი მცდელობა არის ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა. საბოლოო ჯამში, ამ პროტესტს „ქართული ოცნება“ გადაყვება, მაგრამ აუცილებელია ამას ისეთი დინამიკა მიეცეს, რომ ეს მოხდეს არჩევნების გზით და არა არჩევნებამდე - არა სამოქალაქო დაპირისპირებით, არამედ საარჩევნო ყუთებთან ხმის დაფიქსირებით.

ივანიშვილმა თქვა, ეს კანონპროექტი ახლა იმიტომ შემოიღეს, რომ ეს მუხტი, რაც დღეს საზოგადოებას აქვს, დაიხარჯოს და არჩევნები მშვიდად ჩაატარონ. ვფიქრობ, ეს მუხტი ასე იოლად არ გაქრება - სააკაშვილის პერიოდთან შედარებით, დღეს ეს მოძრაობა გაცილებით ახალგაზრდულია. დღეს აქციის მონაწილეები შემდეგომი თაობაა. ასე რომ, პროტესტი ამით არ დასრულდება - ის გაგრძელდება, თუმცა, ზაფხულის თვეებში ისეთი მასშტაბის არ იქნება, რადგან საარჩევნო კამპანიაში გადაიზრდება“, - თქვა ძაბირაძემ.

მისი თქმით, კვლევა, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს, მცდარია - სწორედ ეს 60% არის მმართველი გუნდის წინააღმდეგ. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს გააჩინოს განცდა, თითქოს ოპოზიციას სურს, რევოლუციის გზით, ხელისუფლება შეცვალოს და ვითარების დესტაბილიზაცია მოახდინოს.

„ხელისუფლების შეცვლა რევოლუციური გზით ვერ მოხდება - ხელისუფლება ამას იმ მუხტის ჩასახშობად გამოიყენებს, რაც დღეს არსებობს. ოპოზიციის შიგნით მექანიკური გადაადგილება უნდა მოხდეს, რომ მან არჩევნები მოიგოს. ხელისუფლება ამბობს, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს, არადა პირიქით არის - 60% სწორედაც მის წინააღმდეგაა. ამიტომაც, ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციებია მოსალოდნელი და ამის თავიდან აცილებაა საჭირო, რომ ეს რეპრესიების დასაწყებად არ გამოიყენოს. აზრის დამკვიდრება უნდათ, რომ ოპოზიციას რევოლუციის გზით უნდა ხელისუფლების შეცვლა და საბოლოოდ, სამოქალაქო დაპირისპირება - აქამდე არ უნდა მივიდეთ!

ივანიშვილის გამოსვლიდან დამრჩა განცდა, რომ მას საქართველოს გარდა, წასასვლელი აღარსად აქვს და შეიძლება განვიხილოთ რუსეთი, რომელიც მას არ უნდა. აქ არ იგულისხმება მხოლოდ ივანიშვილი - ბევრმა მოითბო ხელი, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია. ბევრი პარტიული ადამიანი, რომელსაც 12 წლის წინ გროში არ ებადა, დღეს შეიძლება მილიონერიც კი იყოს. გარდა ამისა, 29 აპრილს „ოცნებამ“ ხალხი კი შეკრიბა, თუმცა, საკმარისია 2 კვირა, რომ სწორედ ამ ადამიანებმა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იმუშაონ - სამეგობროში, საახლობლოში რეალურად დაიწყებენ იმის ლაპარაკს, თუ როგორ შეკრიბეს ხალხი, ანდა თავის მართლებას. ეს ქმნის შესაძლებლობას, არჩევნებამდე მივიყვანოთ მზარდი საპროტესტო მუხტი, რაც იმაში უნდა გადაიზარდოს, რომ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა ვერ მიიღოს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან საუბარში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Maverick ეს ძაბირაძეც მამალ გლობალრასტად ჩამოყალიდა!

კითხეთ, თუ ქოცები არა, ვისი იმედი აქვს არჩევნებზე ქოცების დასამარცხებლად?!
7 თვის უკან
თომა ძაბირიძე! ფანდარასტ.
7 თვის უკან
არაგველი641 ძაბირაძემ მაგრა გაუბერა, ეტყობა მაგასაც უფასო "სოსკა" ჩაუდეს პირში
7 თვის უკან