მერილინ მონრო - ბრილიანტების საუკეთესო მეგობარი

მერილინ მონრო - ბრილიანტების საუკეთესო მეგობარი

ცნობილი ამერიკელი მსახიობი მერილინ მონროს კინოიმიჯი და ცხოვრების სტილი ოქროს ჰოლივუდის გლამურულ ეტალონს წარმოადგენდა – პლატინისფერი კულულები, წითელი პომადა, ხავერდის კაბები, ღრმა დეკოლტეები, გრძელი ხელთათმანები, ბეწვის მანტოები და... ბრილიანტები, ბრილიანტები და ბრილიანტები! მათი ბრწყინვალების ფონზე მერილინ მონრო სილამაზისა და სექსუალურობის ქალღმერთი იყო.

ცნობილი რეპლიკა "გოგონების საუკეთესო მეგობრები ბრილიანტებია" მერილინის გმირს ეკუთვნის ფილმიდან "მამაკაცები ქერა ქალებს ირჩევენ". ამ რეპლიკას მან საკუთარი სიტყვებიც დაამატა: "ქალები იმსახურებენ, რომ ჰქონდეთ უფლება, იბრწყინონ".

ამერიკის საიუველირო ხელოვნების აკადემიამ მერილინ მონრო ბრილიანტების სიყვარულის გამო სპეციალური დიპლომით დააჯილდოვა – "საუკეთესო მეგობრობა ბრილიანტებთან".

იმისათვის, რომ ჩაბრილიანტებული ყოფილიყო, მერილინს დიდი ფულის ხარჯვა არ სჭირდებოდა. ის ერთ–ერთი პირველი პოპულარული ქალბატონი იყო, რომელმაც მათი დაქირავება დაიწყო. დღეს ჰოლივუდში არსებული სამკაულების დაქირავების ტრადიცია მისი დამკვიდრებულია, თუმცა თავადაც ბევრი ძვირფასი სამკაული ჰქონდა.

ერთ–ერთი გამორჩეული პლატინის "მარადისობის კოლიე" იყო, რომელიც 35 ბრილიანტის თვლით იყო შემკული და დღემდე მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი სამკაულების ტოპათეულშია. მსახიობმა ეს ძვირფასი საჩუქარი მეორე ქმრის, კალათბურთის ვარსკვლავ ჯო დიმაჯიოსგან მიიღო.