აზარტული თამაშების ისტორია

აზარტული თამაშების ისტორია

აბსოლუტურად ყველა თამაში, რომლებსაც ათასწლეულების განმავლობაში ადამიანები იგონებდნენ, ფულის მოსაგებად იყო გამიზნული. შეიძლება გაგიკვირდეთ და ცნობილი თამაში "ნულები და ჯვრებიც" კი თავის დროზე, ანუ მე–11 საუკუნეში, აზარტული თამაში გახლდათ. ის ევროპაში გამოიგონეს. ერთი სიტყვით, ფულის მოგება თამაშით საუკუნეების წინათაც აქტუალური იყო.

აზარტული თამაშების შექმნა ჩვენს ერამდე 2300 წლით თარიღდება. პირველი წერილობითი ცნობები, უფრო კონკრეტულად კი ფსონის ჩამოსვლის ფაქტი, ჩინეთშია დაფიქსირებული. აზარტული თამაშების არსებობის დამადასტურებელი ფაქტია ჩვენს ერამდე მე–7 საუკუნით დათარიღებული ციფრებიანი კუბიკებიც, რომლებიც გათხრების დროს იპოვეს და, სავარაუდოდ, სათამაშოდ გამოიყენებოდა.

ჩვენს ერამდე პირველ საუკუნეში რომის იმპერატორმა კლავდიუსმა თამაში "ტაბულა" შემოიღო. ეს ის თამაშია, ახლა ნარდს რომ ვეძახით.

1371 წელს ესპანეთში ბანქო გამოიგონეს, იტალიაში კი ამავე პერიოდში ტაროს თამაში გახდა პოპულარული.

1861 წელს მონტე კარლოში პირველი კაზინო გაიხსნა, 1896 წელს კი აშშ–ში ფულადი სათამაშო ავტომატები შექმნეს, სახელწოდებით "ცალხელა ბანდიტები".

ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ დღესდღეობით, მსოფლიო მასშტაბით ყველაზე პოპულარული აზარტული თამაში ლატარიაა.

შესაძლოა ლატარიის გამოგონების იდეა შორეული საბერძნეთიდან მოდიოდეს. ერთ–ერთი მითის თანახმად, მებრძოლებს ტომრიდან სათითაოდ ქვები ამოჰქონდათ და ასე არკვევდნენ, თუ ვინ შეერკინებოდა ზევსს. ეს ლატარია განსაზღვრავდა, ვინ გადარჩებოდა ცოცხალი და ვინ გაიწირებოდა სასიკვდილოდ.

ლატარიის ისტორიას კიდევ ერთი საინტერესო ლეგენდა აქვს: 1559 წელი ინგლისის დედოფალ ელიზაბეტის მმართველობის პირველი წელი იყო. ინგლისი ამ დროს სავალალო ვითარებაში იმყოფებოდა, როგორც ეკონომიკური, ასევე საომარი თვალსაზრისით. ამ ბლოკადიდან გამოსავალს კი პოლიტიკოსები მხოლოდ ერთ რამეში ხედავდნენ – დედოფალი სასწრაფოდ სარფიანად უნდა გაეთხოვებინათ. შედგენილი იყო პრეტენდენტთა სიაც, რომელშიც იყვნენ: ესპანეთის მეფე ფილიპე მეორე, ავსტრიის ჰერცოგი კარლ ფრედერიკი, შვეიცარიის მეფე ერიკ მეთოთხმეტე, რუსეთის მეფე ივანე მრისხანე და ა.შ.

ელიზაბეტმა მტკიცე ხასიათი გამოავლინა. იგი გათხოვებას სულაც არ აპირებდა და უკვე მოფიქრებულიც ჰქონდა, როგორ უნდა გამოესწორებინა არსებული მდგომარეობა. მან სასწაფოდ ლატარიის ჩატარების ბრძანება გასცა. იდეამ გაამართლა, ლატარიას "საცდელი ბურთი" დაარქვეს და მისი შემოსავლით მალე ინგლისის პორტები და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები გაარემონტეს. ასე უშველა თავს და ქვეყანას საზრიანმა დედოფალმა, რომელსაც თავისი მტკიცე ხასიათისა და მოხერხებულობის გამო "კაბიანი კაციც" კი უწოდეს.

მრავალი მეცნიერისა თუ მკვლევრის მტკიცებით, თავის დროზე სწორედ ლატარიიდან შემოსული თანხით აშენდა ჩინეთის შვიდი ათას კილომეტრიანი კედელი. მისი მშენებლობა ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მე–6 საუკუნეში დაიწყო და ახ.წელთაღრიცხვით მე–17 საუკუნეში დასრულდა.