ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. იქამდე, სანამ ფართო საზოგადოება მსახიობს შესრულებული როლებით გაიცნობდა, ზენდეია მუსიკითაც იყო დაინტერესებული და 2013 წელს პირველი ალბომიც გამოუშვა, ამის შემდეგ კი გადაწყვიტა, სამსახიობო კარიერისთვის დაეთმო. ზენდეიას თქმით, შეიძლება, ერთ დღეს ახალი სიმღერები გამოუშვას.
"მუსიკის შექმნა ძალიან მიყვარს, ამიტომ თუ ამისთვის შესაფერისი დრო იქნება, რამის გამოშვებას არ გამოვრიცხავ. მუსიკა ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. ის რაც არ მომწონს, მუსიკის ინდუსტრიაში ყოფნაა, რადგან მუსიკის შექმნით მიღებულ სიამოვნებას ამ ინდუსტრიის ბიზნესის ნაწილი ჩრდილავს", — ამბობს მსახიობი.
ასევე, იმასთან ერთად, რომ ზენდეია სერიალ ეიფორიას მთავარ როლში ვნახეთ, მან შოუს მუსიკალურ გაფორმებაზეც იზრუნა და შემსრულებელ Labrinth-თან ერთად, ეიფორიას ერთ-ერთი საუნდტრეკი I'm Tired დაწერა, მეორე სიმღერა All For Us-ს კი მომღერლები ერთად ასრულებენ. გულშემატკივრებმა ზენდეია 2023 წლის მუსიკალურ ფესტივალ ქოაჩელას სცენაზე ნახეს, როდესაც მან ეიფორიას სანდტრეკები Labrinth-თან ერთად იმღერა. მსახიობის თქმით, თავდაპირველად გამოსვლაზე უარის თქმა უნდოდა, რადგან სცენის შიში აქვს, თუმცა ბოლოს საკუთარი თავი გადაარწმუნა.
"ჩემ თავს ვუთხარი, ამას მთელი ცხოვრება ვერ გაექცევი-მეთქი, იმიტომ, რომ ვიცოცი, ოდესმე სცენაზე ასვლა და სიმღერა კიდევ მენდომებოდა. მახსოვს, ამ შესრულების შემდეგ გაბრაზებული ვიყავი, რადგან აუდიტორია იმდენად ხმამაღალი იყო, არაფერი არ მესმოდა, ჩემი ხმა საერთოდ არ გამიგონია. შემდეგ ჩემ თავს გავახსენე, რომ მადლიერი და ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, რადგან ხალხი ჩემთან ერთად მღეროდა", — იხსენებს ზენდეია.
მსახიობმა უკვე არაერთი შესანიშნავი როლით დაგვამახსოვრა თავი, მაგალითად, მისმა ბოლო ფილმმა, Challengers, უკვე მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ვნახოთ, ასეთი წარმატებითვე თუ გაგრძელდება ზენდეიას მუსიკალური კარიერაც.