მართალია, ბრიტნი მამის მეურვეობისგან 2021 წელს გათავისუფლდა, თუმცა ჯეიმი პირსთან მოსალაპარაკებლად პროცესი კიდევ 2 წელზე მეტი გრძელდებოდა. სასამართლო 27 აპრილს შეთანხმებით დასრულდა. უცნობია, რაზე შეთანხმდა ორი მხარე, თუმცა ვიცით, რომ საქმე ბრიტნის სასიკეთოდ დასრულდა და ის მეურვეობისგან საბოლოოდ გათავისუფლდა.
"ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო, რომ ბრიტნი სპირსის წარმომადგენელი ვიყავი და მის ინტერესებს ვიცავდი. მის სპირსი არის და ყოველთვის იქნება საოცარი და მამაცი ხელოვანი. მართალია, ბრიტნი სპირსს მეურვე 2021 წლიდან აღარ ჰყავს, თუმცა ახლა მან დიდი ხნის სურვილი აისრულა და საბოლოოდ გათავისუფლდა", — აღნიშნავს მუსიკოსის ადვოკატი მეთიუ როზენგარტი.
შეგახსენებთ, რომ ბრიტნი მამის მეურვეობის ქვეშ 2008 წლის შემდეგ 13 წელი იმყოფებოდა და ამ დროის განმავლობაში მომღერლის ფინანსებსაც სწორედ მამამისი განაგებდა. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბრიტნი საჯაროდ ალაპარაკდა მეურვეობის ქვეშ ცხოვრებაზე და ახლობლები დაადანაშაულა, რომ ამას ბოროტად იყენებდნენ. მამის წინააღმდეგ ბრალდებებს შორის კი ერთ-ერთია სათვალთვალო კამერებით შვილის საუბრების მოსმენა.
ბრიტნის ადვოკატმა განაცხადა, რომ მეურვეობის პერიოდში ჯეიმი სპირსმა შვილის ქონებიდან 4 მლნ დოლარი აიღო. ადვოკატი ასევე ამტკიცებს, რომ მეურვეობაში მონაწილე სხვა პირები ბრიტნის შემოსავლის დიდ ნაწილს თავად ხარჯავდნენ.
აღსანიშნავია, რომ მეურვეობის გაუქმების საქმეში უდიდესი როლი სწორედ ბრიტნი სპირსის ერთგულმა მსმენელებმა ითამაშეს: ფანებმა სოციალურ ქსელებში დაიწყეს მოძრაობა #FreeBritney (თავისუფლება ბრიტნის) და ამტკიცებდნენ, რომ მომღერალს სასამართლოს მიერ დანიშნული მეურვე, კონკრეტულად კი მამამისი, ჯეიმს სპირსი, არასათანადოდ ეპყრობოდა და თავისუფლებას საჭიროზე მეტად უზღუდავდა.