ჩილეში, ატაკამის უდაბნოს ცხელი ზედაპირიდან 4 მეტრით დაბლა მეცნიერებმა მიკრობულ სიცოცხლეს მიაგნეს. ეს ამ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ადგილია, სადაც ამგვარი ორგანიზმების "ბიოსფერო" აღმოუჩენიათ.
"ის ზედაპირისგან აბსოლუტურად იზოლირებულია", — აცხადებენ მეცნიერები.
აღმოჩენა იუნგაის დაბლობზე გაკეთდა, რომელიც დედამიწაზე ყველაზე მშრალ არეალებს შორისაა. იქ მიკრობები მიწისქვეშ 2-4 მეტრამდე სიღრმეში ბინადრობენ და მათ შორის Actinomycetota-ს ტიპის გრამდადებითი ბაქტერიები ჭარბობენ. ისინი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ ექსტრემალურ პირობებში ცოცხლობენ როგორც სიცივეში, ისე სიცხესა თუ მარილიან ზღვებში.
ავტორები ამბობენ, რომ ასეთ ღრმა ქანებში არსებული მიკრობული სიცოცხლის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მათ მიერ აღმოჩენილი ბაქტერიები ამგვარი მიწისქვეშა ბიოსფეროს მხოლოდ ზედა ნაწილს მიეკუთვნებოდნენ.
სპეციალისტებმა Actinomycetota-ს ზედაპირთან უფრო ახლოს, 2-5 სანტიმეტრ სიღრმეშიც, მიაკვლიეს. უფრო დაბლა დააფიქსირეს Bacillota-ს ტიპის ორგანიზმებიც, რომელთაც გადასარჩენად ჟანგბადი არ სჭირდებათ და მარილის მაღალი კონცენტრაციის მქონე გარემოში გადარჩენას ახერხებენ.
იქიდან გამომდინარე, რომ ატაკამის უდაბნო დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილია, იქ ცხოველთა მხოლოდ რამდენიმე სახეობა ბინადრობს ისევე, როგორც ბაქტერიები. მათზე მეტის გასაგებად მეცნიერებმა იქაური მიწიდან ამოღებული ნიმუშები გააანალიზეს და დნმ-ის ფრაგმენტები შეაგროვეს. აქედან მათ ისეთი დნმ-ები გამოაცალკევეს, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხალ უჯრედებში იყო.
ზედაპირიდან 80 სანტიმეტრ სიღრმემდე ბაქტერიების საკმაო რაოდენობა გამოვლინდა. იქიდან 2 მეტრამდე სიღრმეში კი, ფაქტობრივად, ვერაფერს მიაგნეს, რადგან ეს ზედმეტად მარილიანი შრეა. უფრო ქვემოთ გარდამავალი ზონა აღმოჩნდა, სადაც თიხით მდიდარ ფენას ძველი მდინარის დანალექი ცვლის. იქ მიკროორგანიზმების სტაბილური ჯგუფები დაფიქსირდა.
ვარაუდობენ, რომ ამ დანალექში ეს ბაქტერიები დაახლოებით 19 000 წლის წინ უნდა გავრცელებულიყვნენ და ამ დროის განმავლობაში იქ "დამარხულიყვნენ". სითხეს ისინი თაბაშირიდან იღებენ, რომელიც მინერალ ანჰიდრიტის წყალთან ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება. ეს პროცესი მაღალი ტემპერატურის პირობებში შექცევადია.
ახალი მიგნება შესაძლოა, მარსზე სიცოცხლის ძიებაში დაგვეხმაროს, რადგან ატაკამის უდაბნოს გარემო წითელი პლანეტისას საკმაოდ ჰგავს. ახალი ნაშრომი გამოცემაში PNAS Nexus გამოქვეყნდა.