ევროკავშირის კანდიდატის უკან გაწვევა, სანქციები, ფინანსური დახმარების შეწყვეტა - „ნაცმოძრაობის“ „ევრომეგობრებისგან“ მუქარა არ წყდება

ევროკავშირის კანდიდატის უკან გაწვევა, სანქციები, ფინანსური დახმარების შეწყვეტა - „ნაცმოძრაობის“ „ევრომეგობრებისგან“ მუქარა არ წყდება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ კრიტიკა და ვნებათაღელვა არ ცხრება. აღნიშნული კანონპროექტის გამო, ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე ერთგვარი ზეწოლა ძლიერდება. დამატებით, ამის ფონზე, დისკუსია დაიწყო „ქართული ოცნების“ წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირების შესახებ. ევროპელი დიპლომატების ნაწილი ერთხმად აცხადებს, რომ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კარს ჩაკეტავს.

კანონპროექტს აპროტესტებენ თბილისშიც და ქუჩაში საპროტესტო აქციები თითქმის უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ და ამბობენ, რომ აღნიშნული „რუსული კანონია“. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონპროექტს უკან არ გაიწვევენ და ის უახლოეს მომავალში მიღებული იქნება. აქვე დასძენენ, რომ გამჭვირვალობა ევროპულია და ის მეტ დემოკრატიასა და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ ევროპარლამენტარების ეს განცხადებები ემსახურება მოწოდებას, ე.წ. პროევროპული საზოგადოება მოქმედებაზე გადავიდეს. ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირი უფრო ხისტი იყოს საქართველოს მიმართ და ევროკავშირის წევრობაზე ქვეყანას უარი უთხრას.

„თუ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია და ეს იქნება ისეთი, როგორიც პროექტის შინაარსი არის, ოპოზიციას დამატებით სტიმულს მისცემს, რომ გაანახლონ აქციები და შეეცადოს მეტი მომხრე მოიყვანოს - ასევე, მეტი არგუმენტაცია მისცენ თავიანთ ნარატივს, რომ ამ კანონპროექტის მიღებით საქართველოს ევროპისკენ გზა ეკეტება - შიდა ეფექტი, ძირითადად, ასეთი იქნება. პროდასავლურად, ოპოზიციური პარტიების ძირითადი მხარდაჭერის წყარო არის დასავლეთში მათი ლეგიტიმაცია. შესაბამისად, ის განცხადებები, რაც ევროპარლამენტში გაკეთდა, იყო პირდაპირი მოწოდება, რომ საქართველოში პროევროპულ საზოგადოებას მოქმედება დაეწყო ანტიევროპული ხელისუფლების წინააღმდეგ - სხვანაირად ამ მოწოდებებს ვერ შევაფასებდი.

ევროპარლამენტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი სტრუქტურაა, მაგრამ მის რეზოლუციებს და გადაწყვეტილებებს აქვს ძირითადად სარეკომენდაციო ხასიათი. ევროპარლამენტს არაერთი რეზოლუცია მიუღია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ გეოპოლიტიკურმა მომენტებმა გადაწონა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ახლა რადგანაც ევროკომისიის წარმომადგენლობა არის საქმეში ჩართული, ევროკავშირი შეიძლება უფრო მკაცრი აღმოჩნდეს და არ არის გამორიცხული, წევრობაზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით უარი გვითხრან, ან გადადონ და დაელოდონ არჩევნების შედეგებს“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან საუბარში.

საქართველოს ყოფილი მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველოს ევროკავშირიში გაწევრიანების პროცესი შეჩერდება. მისი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება მდგომარეობას იქამდე მიიყვანს, რომ საქართველოს მოსახლეობა არა კანონპროექტის უკან გაწვევის მოთხოვნით, არამედ „ქართული ოცნების“ გადადგომის მოთხოვნით გამოვა.

„ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით ამ ეტაპზე ყველაფერი გაჩერდება, ვიდრე კანონპროექტი უკან არ იქნება გაწვეული, ან თუ იქნება მიღებული, ყველა პროცესი საერთოდ გაჩერდება ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით - ეს იქნება უკეთეს შემთხვევაში. ალბათ, დასანქცირდებიან ადამიანები - მათ შორის, ივანიშვილი, პოლიციელიები, ვინც ბრძანება გასცა და დეპუტატების მნიშვნელოვანი ნაწილი, ვინც ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ხოლო, უარესი შემთხვევა იქნება თუკი კანდიდატის სტატუსს უკან წაიღებენ, თუმცა, არ მგონია, რომ ეს მოხდეს.

ასევე, შეიძლება შეწყვიტონ გრანტების გაცემა სახელმწიფოსთვის. საქართველო გახდება უფრო მოწყვლადი რუსეთისთვის. ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ აქვს იმედი, რომ ფინანსებს და სახსრებს შეინარჩუნებს ევროპიდან და ამერიკიდან, ხოლო მის მოქალაქეებს ამის საშუალებას არ მისცემს.

29 აპრილს მიტინგის დროს შესაძლოა მიიღონ გადაწყვეტილება და უკან წაიღონ ეს კანონპროექტი, რაღაც ფორმით, თითქოს ხალხმა სთხოვა ეს. სხვა შემთხვევაში ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაუვრდებათ სახელმწიფო. შანსი, რომ არჩევნები წააგონ, უფრო მაღალია. არჩევნების გაყალბების შედეგად, ხალხი კანონზე კი აღარ ილაპარაკებს, არამედ ხელისუფლების ყოფნა-არყოფნაზე. უნდა გაიგონ, რომ დღეს მათ გადადგომას არავინ ითხოვს, როგორც ამას შევარდნაძის დროს ითხოვდნენ, დღეს მხოლოდ კანონის უკან გაწვევას ითხოვენ. ნუ მიიყვანს „ქართული ოცნება“ მდგომარეობას იქამდე, რომ ქართველ ხალხს სხვა შანსი არ დაუტოვოს და მშვიდობიანი ფორმით, რეჟიმის შეცვლაზე იზრუნონ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.