რა ღირს ევროპარლამენტის რეზოლუცია?

რა ღირს ევროპარლამენტის რეზოლუცია?

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ოფიციალურად ჩაიწერა, რომ გამჭვირვალობის კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები კი ვერ დაიწყება, სანამ კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება. დოკუმენტში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებაზე, ინიცირებული კანონის გავლენაზე ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების ნაწილში, ასევე - მოწოდებაზე, გაუქმდეს შემოთავაზებული საკონსტიტუციო კანონმდებლობა, რომელიც ლგბტქ+ პირების უფლებებს ზღუდავს.

ევროპარლამენტის რეზოლუციამ კიდევ ერთხელ აჩვენა რამდენად დიდია ლობიზმი ამ სტრუქტურებში. ის, რომ რეზოლუციის ამ სახით მიღებაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ლობიზმის დახმარებით მიაღწია, ამის შესახებ ისაუბრა ევროპარლამენტში მყოფმა გიული ალასანიამ, რომლის განცხადებით დავალებული არის, რადგან რეზოლუცია მიღებულია პერსონალურად მის შვილთან დაკავშირებით.

ლობიზმის ჩართულობაზე საუბრობს ევროპარლამენტარი კლერ დეილი, რომლის განცხადებით, ევროპარლამენტში არსებობენ ლობისტები, იყენებენ ევროპარლამენტს, რათა მოახდინონ ხელისუფლების ცვლილება საქართველოში. მისი თქმით, ეს ძალები მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველო ჩართონ რუსეთთან პოლიტიკურ ბრძოლაში, რაც გააკეთეს უკრაინაში.

„არსებობს ზოგიერთი წევრი ევროპარლამენტისა, საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებიდან, რომელთაც გააჩნიათ საკმაოდ ღრმა ურთიერთობები სააკაშვილთან და საქართველოს ყოფილ ლიდერებთან. ისინი მუდამ იყენებენ ევროპარლამენტის ტრიბუნას, რომ საქართველოში დემოკრატიულ პროცესებში ჩაერიონ და დროშა აღმართონ ამ კაცის დასაცავად, რაც გახლავთ საშინაო საქმეებში ჩარევა. მაგრამ ისინი წარმოადგენენ ევროპაში ხელისუფლების ცენტრების ხმებს? არ ვარ დარწმუნებული.

ეს ძალები მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველო ჩართონ რუსეთთან პოლიტიკურ ბრძოლაში, რაც გააკეთეს უკრაინაში. მაგრამ რომ შევხედოთ უკრაინის საშინელ მდგომარეობას, ეს არის ის გზა, რომლისაც უნდა ეშინოდეთ საქართველოს მოქალაქეებს. დიახ, აქ არსებობენ ლობისტები, იყენებენ ევროპარლამენტს, რათა მოახდინონ ხელისუფლების ცვლილება საქართველოში, მაგრამ ისევ და ისევ თქვენი გადასაწყვეტია, ვინ იქნება ხელისუფლებაში, გარე ძალებმა ეს არ უნდა გადაწყვიტონ“, - აღნიშნა კლერ დეილიმ.

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ლობიზმში ჩაფლული დეპუტატების პირით ქართველ ხალხს უთხრეს, რომ განთავისუფლებული უნდა იქნას კრიმინალი სააკაშვილი, რომელმაც შექმნა წამების, რეკეტის, ჩაგვრის, გაუპატიურების სისტემა.

„თურმე უნდა გავათავისუფლოთ სააკაშვილი, რომელმაც ტერიტორიების 20% შეგნებულად, მიზანმიმართულად ჩამოაჭრა საქართველოს და ქვეყანა სიღარიბის ჭაობში ჩააგდო. ამის პარალელურად, სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს. ადამიანის, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად „აგენტი კრიმინალების“ ბანდას გამოსტაცა ეს ქვეყანა ხელიდან და განადგურებისგან გადაარჩინა.

ევროდეპუტატები ითხოვენ იმ ადამიანის დასანქცირებას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის კულტურა და სულიერება საკუთარი უპრეცედენტო ქველმოქმედებით გადაარჩინა და ისეთ დემოკრატიას ჩაუყარა საქართველოში საფუძველი, სადაც ადამიანის უფლება და თავისუფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ეს რეზოლუცია არის სტიმული მინავლებისკენ წასული საპროტესტო აქციების ხელახლა გამწვავებისთვის. შესაბამისად, ანალიტიკოსს ეჭვი არ ეპარება, რომ ამ რეზოლუციაშიც დიდი ფულია გადახდილი.

„ევროპარლამენტის მორიგი ყბადაღებული რეზოლუცია არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროპა საქართველოს ეპყრობა, როგორც მაფიის ნათლიმამა დონ ვიტო კორლეონე. ანუ გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია, რომ საქართველო უარს ვერანაირად ვერ იტყვის. თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ ამ რეზოლუციაშიც, ისევე როგორ წინა რეზოლუციებში, დიდი ფულია გადახდილი და ამასაც მალე გავიგებთ. რა უნდა იფიქროს და იგრძნოს საქართველოს რიგითმა მოქალაქემ, როდესაც ამერიკელი და ევროპელი კონგრესმენები, პარლამენტარები, პოლიტიკოსები, დიპლომატები და ექსპერტები მას ეუბნებიან, რომ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს საქართველო ევროპულ რეფორმებს ატარებდა და ახლა თურმე ევროპული გზიდან გადაუხვია. ანუ, მათი ლოგიკით საქართველოს მოსახლეობამ თურმე შეცდომა დაუშვა, რომ 2012 წელს „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებას ჩამოაშორა. ეს რეზოლუცია არის სტიმული მინავლებისკენ წასული საპროტესტო აქციების ხელახლა გამწვავებისთვის“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია კი აცხადებს, რომ ამ რეზოლუციამ აჩვენა რამდენიმე დომინანტური და ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც დამკვეთის დირექტივებს ასრულებენ, საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მშვიდობასა და განვითარებას. როგორც პოლიტოლოგი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მათი საქმიანობა მოიცავს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში დისონანსის დათესვას, რევოლუციური სცენარების დაგეგმვა-ორგანიზებასა და საზოგადოებრივ ველზე ქაოსის დანერგვით ხალხის ემოციებით მანიპულაციას.

„რა შეიძლება გაკეთდეს სახელმწიფოს წინაშე არსებული ამ პრობლემისა და თანმხლები რისკების აღმოსაფხვრელად? გამჭვირვალობის კანონის მიღების, უსაფრთხოების პოლიტიკის ზომების გამკაცრებისა და საერთაშორისო დონეზე ნამდვილი პარტნიორების, მეგობრების ძიების გარდა, ამ პრობლემასთან ბრძოლა პოზიტიური ალტერნატივითაა შესაძლებელი.

სახელმწიფომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ფინანსები გამოყოს ისეთი მიმართულებებისთვის, როგორიცაა სოციო-ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებული კვლევების, პროექტებისა და პროგრამების დაფინანსება. ალტერნატიული სივრცეების შექმნით შესაძლებელია ისეთი რეალობის მიღება, როდესაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები და აქტივობები ნაცვლად გარე დესტრუქციული ძალების მსახურებისა, თავისი საქმიანობით სრულ თანხვედრაში მოვლენ ეროვნულ ინტერესებთან“, - აცხადებს ლუკა ეხვაია.

ა-ო „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე დიდი სახელმწიფოები მუდმივად ცდილობდნენ აქ ჰყოლოდათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათი ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი იქნებოდა. ამასთან, მისი თქმით, იშვიათი იყო შემთხვევა, როდესაც უცხო ძალას ჩვენი სახელმწიფოებრიობა მთლიანად გაეუქმებინა და თუნდაც დანაწევრებულ ქვეყანას, არ ჰყოლოდა ქართველი მმართველები.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა ხელისუფლება ცდილობდა მისაღები ყოფილიყო იმ ძალისათვის, საიდანაც შეიძლებოდა ხელისუფლების მიღება და შენარჩუნება. თავის მოწონება-შეთავაზების მიმართულებით ყველაზე მეტი მონდომება სააკაშვილის ხელისუფლებამ გამოიჩინა. ის ყველა საკითხში საქართველოს ინტერესებზე წინ დასავლეთის ინტერესებს აყენებდა. სააკაშვილი საკუთარ ქვეყანას სთავაზობდა დასავლეთს, მათი ბუნებრივი მეტოქის, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად. ამის სანაცვლოდ, დასავლეთი თვალს ხუჭავდა სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის ანტიდემოკრატიულ ფორმებზე და მეთოდებზე. ამის გამო სააკაშვილის ხელისუფლება თანდათან იმდენად ოდიოზური და ქართველი ხალხისთვის მიუღებელი გახდა, რომ 2012 წლის შემდეგ, დასავლეთმა ვეღარ შეძლო მისი შენარჩუნება ქვეყნის მმართველობაში. ივანიშვილის ხელისუფლება პირველ ხანებში დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობდა, მაგრამ როგორც კი გამოაშკარავდა, რომ ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, დასავლეთის ინტერესებზე პრიორიტეტულად მიიჩნევდა, როცა ეს ინტერესები არ ემთხვეოდა დასავლეთის ინტერესებს, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ანიჭებდა უპირატესობას, მოხდა დასავლეთის მხარდაჭერის თანდათან შემცირება“, - აცხადებს კაკაბაძე.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი დასავლეთთან ჩვენს ურთიერთობებში გარდამტეხი აღმოჩნდა. დასავლეთს ამ ომში საქართველო ისეთ აქტიურ ანტირუსულ მხარედ წარმოედგინა, რომელიც არათუ სანქციებს დაუწესებდა რუსეთს, არამედ ოფიციალურად სამხედრო და ცოცხალი ძალით დაეხმარებოდა უკრაინას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუხსნიდა მეორე ფრონტს.

„როდესაც გაირკვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე უარი განაცხადა, დასავლეთმა გაააქტიურა მათი ფავორიტი სააკაშვილის პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა და უკვე ღიად იბრძვის ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული, „ოცნების“ ხელისუფლების დასამარცხებლად. ჯერ „მომაკვდავი სააკაშვილის“ გადარჩენის, ხოლო შემდეგ ე. წ. რუსული კანონის თემაც სწორედ ამ ბრძოლის ნაწილია.

სიმპტომატურია ისიც, რომ ამ თემის ამგორებელი პოლიტიკოსები, ენჯეოები და სტუდენტები ერთხმად აცხადებენ, არ გვაინტერესებს რა წერია კანონშიო. მაგრამ როცა გამოდიხარ ქუჩაში პროტესტით, მზად ხარ წიწაკიანი გაზის შესუნთქვისთვის და შინაარსი არ გაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში ან ზომბი ხარ, ან უცხო ქვეყნის ინტერესების თუ დაკვეთის შემსრულებელი - სხვა ახსნა არ არსებობს. რუსულია - არ გვინდა კანონი, რუსულია - არ გვინდა ხელუსუფლება, ხდება სტიგმატიზება იმ საზოგადოების, რომელსაც უნდა რომ იცოდეს, თუ რა ხდება უცხოური დაფინანსების მიღმა.

ამ ტენდენციას მივყავართ იქამდე, რომ მალე გვეტყვიან, რუსულია მართლმადიდებლობა და არ გვინდა, თანაც აქამდე მისვლის პროცესი ფაქტობრივად, დაწყებულია - რუსულია 7 იანვარს შობის აღნიშვნა და არ გვინდა, რუსულია ნეტარი მატრონა და არ გვინდა; ცოტაც და გვეტყვიან, რომ მართლმადიდებლობაც რუსულია და ამიტომ მასზეც ვთქვათ უარი. მოიძებნება ამ მარაზმის გამხმოვანებელი ზომბებიც“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

 

არაგველი641 ჩვენი მთავრობა ბევრს ცდილობს პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ არც ბოზბანდა არ ჩამოუვარდება ქვეყნისათვის კარგი საქმეების კეთებაში. ყველაზე კარგი საქმე რაც მაგათ გააკეთეს, იყო ის, რომ მაგ კანონს დაარქვეს "რუსული", რამაც გამოიწვია ყველა ძაღლისა და მამაძაღლის გამოაშკარავება! შესაბამისად მოსახლებაც უფრო მეტად გახდა ინფორმირებული და ჩვენი სასახელო მთავრობაც გახდა ბრძოლაში უფრო თვითდაჯერებული!
ასე რომ, "კარგი საქმე" არ უნდა დავუკარგოთ ნაცბოზბანდას!
7 თვის უკან