შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტში სიახლეების პრეზენტაცია გაიმართა

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტში სიახლეების პრეზენტაცია გაიმართა

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტში 2013 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. შემუშავდა დეპარტამენტის ახალი ლოგო, დეპარტამენტის საბრძოლო შემადგენლობა სარგებლობს ახალი, ზამთარ-ზაფხულის კამუფლირებული სამხედრო უნიფორმითა და ატრიბუტიკით.

ცვლილებებს შორის უნდა აღინიშნოს პირადი შემადგენლობის სახელფასე მაჩვენებელი, რომელიც წინა წლებთან შედარებით საშუალოდ 20%-ით გაიზარდა.

2013 წელს დაიგეგმა და განხორციელდა დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების შენობა-ნაგებობათა კაპიტალური შეკეთება, ასევე, მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა და საგუშაგოებზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა. რეგიონალური მასშტაბით, 9 საგუშაგოზე განხორციელდა ელექტროენერგიის მიწოდება, ხოლო ის საგუშაგოები, რომლებსაც რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე ვერ მიეწოდებოდათ დენი, აღიჭურვა შესაბამისი მზის ბატარეებით, რითაც უზრუნველყოფილია ენერგომომარაგება.

მიმდინარე წელს დეპარტამენტის მასშტაბით განხორციელდა ახალი საგუშაგო საცხოვრებელი მოდულების დამონტაჟება, რომელიც გამოირჩევა მეტი მოცულობით, თბოიზოლაციით და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.

2013 წლიდან ახალი საგუშაგო ჯიხურები დამონტაჟდა დეპარტამენტის იმ ობიექტებზე, სადაც ადრე მორიგეობა მიმდინარეობდა ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

მიმდინარე წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანდაცვის სამსახურის დახმარებით შემოტანილია სასწრაფო დახმარებისა და პირველადი დახმარების ჩანთები და ქეისები.

საბრძოლო უნარ-ჩვევებისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების მიზნით, 2013 წლის დასაწყისიდან სისტემატურად იმართება სასწავლო პროგრამები საცეცხლე, სამედიცინო, სამეთაურო და სხვა სახის საკითხების შესახებ. სწავლებათა პარალელურად, სპეციალური დანიშნულების დანაყოფის პირადი შემადგენლობა მომარაგდა ახალი სამაშველო და საბრძოლო აღჭურვილობითა და შეიარაღებით.

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტმა თანამედროვე ციფრული აპარატურის შესყიდვით აქტიური სამუშაოები განახორციელა კავშირგაბმულობის სფეროში. კერძოდ, მილსადენის მიმდებარე ტერიტორიის 9 ანძაზე განლაგდა რადიოკავშირის ციფრული GPS რეტრანსლატორები, საპატრულო ავტომობილებში ჩამონტაჟდა GPS ანტენები, პირად შემადგენლობას დაურიგდა თანამედროვე, ხელის ციფრული რადიოსადგურები, თბილისში, რუსთავსა და ახალციხეში მოეწყო ცენტრალური სადისპეტჩერო, საიდანაც ხორციელდება GPS მონიტორინგი, რაც შესაძლებლობას იძლევა ონლაინ რეჟიმში განხორციელდეს საპატრულო ეკიპაჟების გადაადგილების კონტროლი.

2013 წელს განახლდა დეპარტამენტის ავტოპარკი, ხოლო არსებულ ავტოტრანსპორტს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, კერძოდ, შეიცვალა ძველი და გამოუსადეგარი შიდა სალონები.

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პარალელურად, სამართალდარღვევის ათეულობით ფაქტი აღიკვეთა, მათ შორის, ხე-ტყისა და ინერტული მასალების უკანონო მოპოვება და გადაზიდვა. ხშირია შემთხვევები, როდესაც დეპარტამენტის თანამშრომლები დახმარების ხელს უწვდიან ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს.