ბუბა კიკაბიძე შიშობს რომ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას შეუკვეთავენ

ბუბა კიკაბიძე შიშობს რომ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას შეუკვეთავენ

ქართველმა მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ რუსულ გაზეთ "გორდონის ბულვარისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შიშობს, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას შეუკვეთავენ.

კიკაბიძე რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და აგვისტოს მოვლენების შემდეგ, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანა დაიწყო, სამეგრელოს რეგიონში ჩამოიყარა პროკლამაციები. მათში აღნიშნული იყო, რომ, თუ ხელისუფლებიდან წავიდოდა პრეზიდენტი სააკაშვილი, მოსახლეობისთვის ნორმალური საარსებო პირობები შეიქმნებოდა.

- ამ პროკლამაციებში დასახელებული იყო ნინო ბურჯანაძე, როგორც შემცვლელი ხელისუფალი. ასეთი ქმედება სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, – განაცხადა კიკაბიძემ.

მისივე თქმით, იგი დადებითად აფასებს ნინო ბურჯანაძის პიროვნებას, თუმცა აქვე დასძენს, რომ არ შეიძლება რუსეთი ცდილობდეს, საქართველოს ხელისუფალი მისთვის უფრო მისაღები პირით შეცვალოს.

- მომწონს თუ არა სააკაშვილი, ეს ჩემი პრობლემაა. მე არასდროს გავაკრიტიკებ სხვა ქვეყნის ხელისუფალს, ვინაიდან ეს შეურაცხმყოფელია უშუალოდ იმ ხალხისა და მათი არჩევანისთვის. პუტინმა უკვე შეიძინა ახალი სახელი, მას რუსეთის პრეზიდენტის სააქციო საზოგადოების გენერალურ დირექტორს უწოდებენ. სადამდე გაგრძელდება ასეთი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, არ ვიცი.

მე, მაგალითად, ვშიშობ, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა არ შეუკვეთონ, – განაცხადა კიკაბიძემ.