„ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი სხვა კლუბში გადასვლითაა დაინტერესებული ჩემპიონთა ან ევროპა ლიგაზე თამაშის სურვილის გამო - წერს ესპანური AS.
32 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 47 ქულით მერვე ადგილზეა, რაც მომავალ 2024/2025 წლების სეზონში ევროტურნირებში მონაწილეობას ვერ უზრუნველყოფს.
წყაროს ცნობით, ესპანური კლუბი მზადაა 23 წლის ქართველ მეკარეს დაშორდეს, დაახლოებით 20 მილიონ ევროდ. ამასთან, თავად მამარდაშვილი არ გამორიცხავს კლუბში დარჩენას.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეკარის მომსახურებით „მილანი“ დაინტერესდა.
მამარდაშვილი „ვალენსიაში“ თბილისის „დინამოდან“ გადავიდა (იმ დროს თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა იჯარით) 2021 წელს. სატრანსფერო თანხამ 850 ათასი ევრო შეადგინა. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
მიმდინარე სეზონში მეკარემ 32 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 12-ში კარი „მშრალად“ შეინახა და საკლუბო რეკორდიც დაამყარა. დანარჩენში კი 34 გოლი გაუშვა.